25.11.2022

ასოციაციები სასამართლო ხელისუფლებაში


საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დღემდე რამდენიმე ასოციაციაა შექმნილი, როგორც მოსამართლეთა, ასევე სასამართლოს მოხელეთა მიერ. სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ მათ საქმიანობას საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 


საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია


მოსამართლეთა ასოციაცია წარმოადგენს მოსამართლეების პროფესიულ გაერთიანებას. ის მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა 1999 წლის 9 ივლისს, დღესდღეობით კი მისი წევრია საქართველოს თითქმის ყველა მოსამართლე.  

ამჟამად საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან მურუსიძეა. ამ ორგანიზაციამ თავი დაგვამახსოვრა 2015 წლის განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსამართლეთა ასოციაცია ენდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსს, მხარს უჭერს ბატონი მურუსიძის კანდიდატურას და ემიჯნება მისი დისკრედიტაციის კამპანიას.

მოსამართლეთა ასოციაციას არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა ინფორმაციის გაცნობა ასოციაციის საქმიანობის, განცხადებების და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.

ამ ასოციაციას საქართველოს სასამართლოს გუშაგი ცალკე სტატიას დაუთმობს.


ასოციაცია საქართველოს მოსამართლეთა კავშირი 


სასამართლოს გუშაგმა მოიძია ინფორმაცია, რომ 2 წლით ადრე 1997 წლის 25 დეკემბერს დაფუძნდა ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა კავშირი“. აღსანიშნავია, რომ იმავე წელს, 1997 წლის 13 ივნისის, მიღებული იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი. 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „საქართველოს მოსამართლეთა კავშირის“ დამფუძნებლები
  • ნუგზარ ბირკაია - გლდანის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე;
  • ავთანდილ კალმახელიძე - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • დავით ერქვანია - მცხეთის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე;
  • ნაირა ხაბულიანი - კრწანისის რაიონის სასამართლოს მოსამართლე;
  • გიგლა ვეკუა - მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე;
  • იოსებ ხურციძე- დიდუბის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; 
  • გიორგი თითბერიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • ლონდა ჭანტურია - გლდანის რაიონის სასამართლოს მოსამართლე;
  • თეიმურაზ ჯავახია - დიდუბის რაიონის სასამართლოს მოსამართლე;
  • ვიოლეტა გაგუა - ვაკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე; 
პრეზიდენტი - ნუგზარ ბირკაია. 


ასოციაციის წესდების მეორე მუხლის მიხედვით, ასოციაციის საქმიანობის მიზანი:

  • საქართველოს მოსამართლეთა ინტელექტუალური, სოციალური და მატერიალური ინტერესების დაცვა, ქვეყანაში მოსამართლეთა პრესტიჟისა და სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება;
  • სხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა და შემდგომ მათი გაანალიზება;
  • საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრაქტიკის გამოყენებით;
  • საქართველოს სამოსამართლო ისტორიის გამოკვლევა და შენარჩუნება;
  • კანონის ინტერესებისა და ასოციაციის წევრთა უფლებების დაცვა;
  • პენსიაზე მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსამართლეების, ასევე გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის წევრების მატერიალური, მორალური, სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება;
  • ნორმატიული აქტების განხილვა, რომლებიც მომზადებულია საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა მიერ;
  • სხვა ქვეყნებისა და მოსამართლეების საერთაშორისო ასოციაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო კონფერენციების და სხვა სახის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
  • ასოციაციის წევრთა შეხვედრები, აზრთა ურთიერთ გაცვლა და სხვა საქმიანი შეხვედრები;
  • იურიდიული ლიტერატურების გამოცემა კანონით დადგენილი წესით.






ასოციაციას დაფუძნებისთანავე, 1997 წლის დეკემბერში, ოფიციალურად გამოეყო ფართი გლდანის რაიონის სასამართლოს შენობაში.




საქართველოს მოსამართლეთა ერთობა

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გარდა 2013 წლის 4 ივნისს დარეგისტრირდა ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობა. თავდაპირველად ასოციაციის თავმჯდომარე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, ხოლო შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – მაია ბაქრაძე. საქართველოს მოსამართლეთა ერთობის განცხადებების მოძიება მარტივადაა შესაძლებელი ინტერნეტსივრცეში. ასოციაციას უკავშირდება საკმაოდ მწვავე შეფასებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, მოსამართლეთა შესარჩევად გამართულ კონკურსთან დაკავშირებით. ასოციაციას აქვს ოფიციალური Facebook გვერდი, რომელზეც ასოციაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით არის განთავსებული ინფორმაცია. 


საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების ქალ-მოსამართლეთა მიერ დაფუძნდა 2019 წლის 15 ივლისს. მასში გაწევრება ნებაყოფლობითია და შეუძლიათ ქალ მოსამართლეებს.

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: 
  • სასამართლო სისტემაში გენდერული მგრძნობელობის საკითხებისა და ქალ მოსამართლეთა როლის გააქტიურება;
  • სასამართლოს სისტემის, სამოსამართლო საქმიანობის მხარდაჭერა; 
  • მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვა;
  • სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ასოციაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოს 52 ქვეყანაში მოქმედებს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია და ისინი გაერთიანებულნი არიან მსოფლიოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციაში.

მსოფლიოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია IAWJ 1991 წელს დაარსდა. ის აერთიანებს მოსამართლეებს მთელი მსოფლიოდან, ქმნის მძლავრ ქსელს, რომლის იდეასაც წარმოადგენს თანაბარი სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (IAWJ-ის) მიზანია ქალი მოსამართლეების ხელშეწყობა და გაძლიერება, გენდერული მიკერძოებისა და დისკრიმინაციული კანონების აღმოფხვრა, გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სასამართლოების განვითარება და გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა. მსოფლიოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის საქმიანობა მოიცავს კანონის რეფორმის სფეროში საექსპერტო მოსაზრების წარდგენას, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ზედამხედველობას, საზოგადოების განათლების ამაღლებას.

წესით, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ ამ საკითხებზე იმუშავებს საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციაც, ვინაიდან ეს უკანასკნელი იმავე მიზნით და მიზეზებით დაფუძნდა საქართველოში, თუმცა, ჯერჯერობით, ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

2019 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ საერთო კრება. ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძე, გამგეობის აღმასრულებელ დირექტორად – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია, გამგეობის წევრებად კი სხვა მოსამართლეები – ილონა თოდუა, თამარ ალანია, თეა ძიმისტარაშვილი, ხატია არდაზიშვილი, თამარ ოქროპირიძე, თამარ ონიანი, თეა ლეონიძე, თამარ ზამბახიძე, ლეილა მამულაშვილი, ნატა ნაზღაიძე, ნინო სანდოძე, თამარ ბეჟანიშვილი, თამარ ბურჯანაძე და შორენა წიქარიძე. 

„საქართველოს ქალ მოქალაქეთა ასოციაციას“ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი, მაგრამ მართავს Facebook-ის გვერდს, რომელზეც გამოქვეყნებულია ასოციაციის განცხადებები, ვიდეომიმართვები, ინფორმაცია ცნობიერების ასამაღლებლად და სხვ.; აღსანიშნავია, რომ ბოლო აქტივობა 2020 წლით თარიღდება. შესაბამისად რჩება შთაბეჭდილება, რომ 2 წელზე მეტია, რაც ასოციაციას რაიმე სახის აქტივობა არ ჰქონია მისი საწესდებო მიზნების მისაღწევად. 


სასამართლოს მოხელეთა ასოციაციები

თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო მოხელეთა ასოციაცია

ა(ა)იპ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო მოხელეთა ასოციაცია 2010 წლის 8 აპრილს დაფუძნდა. ასოციაციის დამფუძნებლები არიან:

  • ლევან მიქაბერიძე;
  • ზაზა მაჭარაშვილი;
  • თამარ მჭედლიშვილი;
  • მარიამ ცქიფურიშვილი;
  • ალექსანდრე იაშვილი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (08/04/2010) საფუძველზე ირკვევა რომ თავმჯდომარე იყო ალექსანდრე იაშვილი, თუმცა ასოციაციის ბოლო ( 25/11/2013 ) ამონაწერის მიხედვით ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ბოჭორიშვილია.

2010 წელს მიღებული ასოციაციის წესდების თანახმად, ასოციაციის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

  • სასამართლოს საჯარო მოხელეთა პროფესიული, მატერიალური და სოციალური ინტერესების დაცვა;
  • სასამართლო ხელისუფლების და მოსამართლეების პრესტიჟისა და საზოგადოებაში მათი როლის ამაღლება;
  • ხელის შეწყობა, სასამართლოს საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში, რათა შერჩეული პირები იყვნენ მაღალზნეობრივი, უნარიანი, პრინციპული, მაღალკვალიფიციური;
  • აპარატის მოხელეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
  • იურიდიული პროფესიის განვითარება, პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება;
  • სემინარის, კურსებისა და სხვა მსგავსი შეხვედრების ჩატარება უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით.
შესაბამისად, ასოციაციის ძირითადი მიზანი სწორედ სასამართლოს სისტემის და საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაცია აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა მათი საქმიანობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და Facebook გვერდზე ვკითხულობთ, რომ ასოციაცია სოციალურ აქტივობებს ახორციელებს. თუმცა, სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაცია


2013 წლის 18 ნოემბერს დაფუძნდა საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაცია ა(ა)იპ-ის სახით. ამავე წლის 20 ნოემბერს საქართველოს სასამართლოების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია ასოციაციის მიზნები და შესაძლებლობები.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად 2013 წლის 13 ნოემბერს ასოციაციამ დაამტკიცა ასოციაციის წესდება. 
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს სასამართლო სისტემის: 

  • დამოუკიდებლობა და ნდობა;
  • სოციალური პასუხისმგებლობა და ჩართულობა;
  • პროფესიული განათლება და ინოვაციური მიდგომების განვითარება.
ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან:
  • უჩა თოდუა;
  • გოგა კუპრეიშვილი;
  • თათია ქვრივიშვილი;
  • ნინო მელაძე;
  • ირაკლი გვარამაძე;
  • ნინო თოფურიძე;
  • ნოდარ ყარაშვილი.
ასოციაციამ 2013 წლის 13 ნოემბრის კრებაზე თავმჯდომარედ აირჩია უჩა თოდუა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის (ბოლო განახლება 2013 წ.) თანახმად, უჩა თოდუა ისევ არის ასოციაციის თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ივნისიდან ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაციის წევრობა შეუძლია სასამართლო სისტემის ნებისმიერ მოხელეს. ასოციაციას არ აქვს ვებგვერდი და მისი სოციალური ქსელის გვერდიც ამჟამად მიუწვდომელია.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: მეგი შამათავა