10.10.2022

რატომ ინიშნება ერთი და იგივე პირი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე

ყველა შემთხვევაში, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძე ინიშნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მისი მოადგილე იყო/არის ირაკლი შენგელია.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან ერთ-ერთი, რისთვისაც საჭიროა, მოსამართლემ შეიტანოს განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.  სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

რა უფლებამოსილება აქვს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს?

  • მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას;
  • სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
  • სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს შესაბამის ღონისძიებებს;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს;
  • ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.1

 
საინტერესოა, ვისი უფლებამოსილება შეიძლება დაეკისროს მას?

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

 

ვის შეიძლება დაეკისროს მისი ანუ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება?

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

წარმოდგენილი  ჩამონათვალი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ორგანული კანონი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ფართო არეალს  უხსნის და მას საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს. რიგ შემთხვევებში მისი უფლებამოსილებები უთანაბრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისას; თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავმჯდომარისგან განსხვავებით, თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნას წინ არ უსწრებს კანონით გათვალისწინებული ისეთი ვალდებულება, როგორიცაა შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციების გავლა.2

ორგანული კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.3

სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარის მოადგილეები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია 2008 წლის 11 აგვისტოს, იძებნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა მალხაზ ოქროპირაშვილი (11.08.2008), მას შემდეგ ამ სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილე ან არ დანიშნულა, ან დღემდე არ გამოქვეყნებულა გადაწყვეტილება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 თბილისის სააპელაციო სასამართლო

2017 წლიდან დღემდე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ირაკლი შენგელია თითქმის უწყვეტად ასრულებს.

  • 2017 წელი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების განხორციელება 2017 წლის 3 ოქტომბრიდან დაევალა ირაკლი შენგელიას. ამ დროისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო მიხეილ ჩინჩალაძე.

  • 2019 წელი

19 აგვისტოდან ირაკლი შენგელია დაინიშნა 5 წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

  • 2021 წელი

მიუხედავად იმისა, რომ ის 5 წლით იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე, 2021 წლის აპრილში ირაკლი შენგელია გადადგა თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე.

  • 2021 წელი

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ორ თვეში – 2021 წლის 16 ივლისიდან კვლავ ირაკლი შენგელია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

  • 2022 წელი

ერთი წლის შემდეგ, 2022 წლის 22 ივლისს, ირაკლი შენგელია 5 წლის ვადით ისევ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი შენგელია თავმჯდომარის მოადგილეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. საგულისხმოა, რომ ირაკლი შენგელიას მოადგილედ დანიშვნას წინ უსწრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა (2022 წლის 27 ივნისს) თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის არგუმენტი, ირაკლი შენგელიას კანდიდატურის წარდგენისას იყო ის, რომ მას ადრეც უმუშავია ამ თანამდებობაზე და აქვს საკმარისი გამოცდილება. ხოლო რატომ გადადგა თავად შენგელია, თუ ერთი წლის შემდეგ კვლავ წარუდგენდა საბჭოს განცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნის თაობაზე, პასუხგაუცემელი კითხვაა.  თანაც იმ პირობებში, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ის  თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. 

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძე ინიშნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მისი მოადგილე იყო/არის ირაკლი შენგელია.

ის გარემოება, რომ ბოლო წლებში მუდმივად ირაკლი შენგელიაა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ან მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, თანაც აშკარაა, რომ მისი მოადგილეობა დაკავშირებულია მიხეილ ჩინჩალაძის თავმჯდომარეობასთან, აჩენს კითხვებს. საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში, როდესაც წყდებოდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა, ირაკლი შენგელიას არ ჰყოლია კონკურენტი, რომ აღარაფერი ვთქვათ იუსტიციის საბჭოს მიერ მის ერთხმად დანიშვნაზე.

დაბოლოს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნაზე, შემოიფარგლება იმით, რომ აღნიშნული სასამართლო არის მუდმივად ძალიან დატვირთული და მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის ღიად დატოვება უარყოფითად აისახება სასამართლოს გამართულ მუშაობაზე. ვინაიდან, სხვა არც ერთ მოსამართლეს არ შეაქვს განცხადება ამ პოზიციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გვარწმუნებს, რომ ამ ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად სხვა არჩევანი არ რჩება, თუ არა ირაკლი შენგელიას დანიშვნა. 

სქოლიო

1. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, 26-ე მუხლი.
2. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: მეგი შამათავა