მოსამართლეები, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილება წაართვეს

24.08.2022
სტატიაში გიამბობთ 11 მოსამართლის საქმის შესახებ, რომლებმაც 2005-2020 წლებში ევროსასამართლოს მიმართეს, აქედან საქართველოს მხარეს 8 მოსამართლის სასარგებლოდ 49,120 ევროს გადახდა დაეკისრა.

შეფასებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან

,,რა არის ის, რის გამოც ჩვენ ვენდობით ჩვენს მოსამართლეებს?” - ეს შეკითხვა ამერიკელებს აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოსამართლემ ჯონ მარშალმა დაუსვა და თავადვე უპასუხა: ,,ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც მათ აქვთ უფლებამოსილების განხორციელებისას და წესი, რომლითაც ისინი დაინიშნნენ.’’ 

ქვეყანაში, სადაც ამერიკული მართლმსაჯულების სტანდარტამდე  ჯერ ძალიან შორია, ჩვენ შეკითხვას ასე ვსვამთ: რა არის ის, რის გამოც ჩვენ არ ვენდობით ჩვენს მოსამართლეებს? თუკი მოსამართლე მარშალის თეზისის ლოგიკას საპირისპირო მოცემულობას მივუსადაგებთ, სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის განმსაზღვრელიც, მოსამართლეთა არჩევის წესისა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიების დეფიციტი უნდა იყოს.

ჩვენ ამ პასუხის მართებულობას ქართულ მართლმსაჯულებასთან მიმართებით, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ, ევროპული სასამართლოს განჩინებებზე დაფუძნებით გადავამოწმებთ: სტატიაში მოგიყვებით თერთმეტი მოსამართლის შესახებ, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილების  განხორციელებაზე უარი უთხრეს, და ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, საკუთარი უფლების დასაცავად, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ,,სამართლიანი სასამართლოს’’ გარანტიებით ესარგებლათ.

მოსამართლეთა შერჩევა:
,,არჩევანი -მე, არადანი-შენ!’’

2012 წლის დუბლინის დეკლარაციაში, რომელიც ევროპის იუსტიციის საბჭოების ქსელმა მიიღო, ჩაიწერა, რომ ,,მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მთელი პროცესი ღია უნდა იყოს საზოგადოების განსჯისთვის, რადგან საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, როგორ შეირჩნენ მისი მოსამართლეები.’’1 ვენეციის კომისიას გამოთქმული აქვს მოსაზრება,2 რომ ,,კანდიდატების შერჩევისა და გამორიცხვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს წარმოდგენილი, სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობით.’’ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს ქვეყნებს, რომ  შერჩევის ან უარის თქმის მიზეზები ხელმისაწვდომი იყოს, ისევე, როგორც მისი გასაჩივრების შესაძლებლობა ან სულ მცირე,  პროცედურა, რომლითაც მიიღეს გადაწყვეტილება.“3 მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების შესახებ ამ და სხვა არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტის სულისკვეთება არის ის, რომ მინიმალიზებული იყოს რისკი იმისა, რომ გადაწყვეტილების მიმღები  სუბიექტურად აირჩევს მხოლოდ იმას, ,,ვისი სულიც სურს.’’

მარინა გლოველის საქმე

მარინა გლოველმა,4 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და ოცწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე იურისტმა 2015-2017 წლებში ხუთჯერ სცადა მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება და,  ყოველ ჯერზე, წარუმატებლად. 2017 წელს, მან მეექვსედ მიიღო კონკურსში მონაწილეობა და ამჯერადაც აცნობეს, რომ მისი განაცხადი უარყოფილია. გლოველმა ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივრა, როგორც მიკერძოებული. საკვალიფიკაციო პალატამ გლოველის საჩივარი დაუშვებლად ცნო.  მან განმარტა, რომ ის ვერ იმსჯელებდა ამ საკითხზე, რადგან კანდიდატი, კომპეტენციის ნაწილში დაგროვებული მინიმალური ქულების გამო, ისე გამოეთიშა კონკურსს, რომ გადაწყვეტილება მის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ არ მიუღია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

საქმე ის გახლდათ, რომ  პალატა ეყრდნობოდა, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლის მე-13 პუნქტს, რომლის თანახმად,  თუკი კანდიდატი  კომპეტენციის ან კეთილსინდისიერების ნაწილში ვერ დააგროვებს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთოდ არ აყენებს კენჭისყრაზე  მის  კანდიდატურას.  მასთან დაკავშირებით, მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს სამართლებრივ აქტს და მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ თვალშისაცემად ფორმალურად:  იმავე ორგანოში - საბჭოში.  

განსხვავებულ მდგომარეობაში არიან ის კანდიდატები, რომლებიც ამ ეტაპს წარმატებით გადალახავენ და შემდეგ ეტყვიან უარს გამწესებაზე. მათ შეუძლიათ მიმართონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას და გაასაჩივრონ შეფასების პროცესის მიკერძოებულობა, დისკრიმინაციული ხასიათი, მცდარი ინფორმაციის გამოყენება, უფლებამოსილების ფარგლებს გაცდენა და პროცედურების დარღვევა. 

საკვალიფიკაციო პალატის უარი გლოველის  საჩივრის განხილვაზე  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაფასა. მან მიუთითა  მტკიცებულებაზე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საბჭომ თვითნებურად დაუწია ქულები სხვა კანდიდატებს, რათა თავისი „პროტეჟეები“ უზრუნველეყო ხელსაყრელი პირობებით.5

ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ  ყოფილი მოსამართლე შეარჩიეს განაცხადის საფუძველზე, შემდეგ შეაფასეს მისი ,,ბექგრაუნდი,’’   საბჭოს წევრებმა ჩაატარეს ინტერვიუები მასთან და საბოლოოდ, გამოიტანეს დასკვნა მის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით.   სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ  განმცხადებლის მიერ გავლილი ყველა საკონკურსო ეტაპი განახორციელა  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ,  და დაადგინა:  

,,საკვალიფიკაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, რომლის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების კონსტიტუციური  უფლება გულისხმობდა დანიშვნის მთელი პროცესის განმავლობაში ადეკვატური მიზეზების წარმოდგენას და რადგანმოსამართლეების დანიშვნა საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილებაა, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს მოთხოვნას, რომ  საჯარო ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება (აქტი) რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, გასაჩივრდეს და განიხილოს სასამართლომ.‘’6

,,იმით, რომ საკვალიფიკაციო პალატამ თავი გაითავისუფლა იურისდიქციისგანგანეხილა განმცხადებლის საჩივარი საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მან დაარღვია განმცხადებლის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არსი. სახელმწიფოს დაეკისრა 3600 ევროს გადახდა  განმცხადებლის  სასარგებლოდ.7

საქართველოს სასამართლოს გუშაგიმარინა გლოველის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაფუძნებითმიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება იმ მიზნით, რომ  უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შეფასების პროცესის გასაჩივრება გახდეს ხელმისაწვდომი მექანიზმი მოსამართლეობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც ვერ გადალახეს  ქულების დაგროვების მინიმალური ზღვარი.   

მაია ბაქრაძის საქმე

ამჯერად, ევროპული სასამართლო  საქართველოს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლის - მაია ბაქრაძის საქმეს განიხილავს.  ბაქრაძე, რომელიც  მანამდე ათი წლის მანძილზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახლდათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე აღარ გაამწესა.  ქ-ნი ბაქრაძე ამტკიცებს,  რომ ის  ასოციაცია “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” წევრობის ფარგლებში, საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო ისჯება. ამჟამად, ამ საქმეზე,  ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლის ეტაპი მიმდინარეობს და მალე იხილავს მზის შუქს ევროპული სასამართლოს  საბოლოო შეფასება.

დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორც დამოკლეს მახვილი მოსამართლის თავზე

,,სასამართლოს ანგარიშვალდებულება ეჯახება დამოუკიდებლობას - სამართლის უზენაესობის ფუნდამენტს. ... დისციპლინური პასუხისმგებლობა არის ანგარიშვალდებულების ყველაზე კონტრავერსიული ფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მისი მიმართების გათვალისწინებით. სასამართლო  დისციპლინა, შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც დამანგრეველი ინსტრუმენტი ცალკეული სასამართლო გადაწყვეტილებების გავლენის შესამცირებლად მათი დისკრედიტაციის გზით, ვინც ისინი გამოიტანა. დისციპლინური რეჟიმი შედგება მთელი რიგი წესებისგან, რომლებიც მოსამართლეებს ხდის ანგარიშვალდებულს დარღვევის სერიოზული ფორმებისთვის და ამ გზით ხელს უწყობს სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას. თუმცა, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს საკმარისი დაცვის მექანიზმები, რათა მან ძირი არ გამოუთხაროს სასამართლოს დამოუკიდებლობას.’’8

მიტროფანე სტურუას საქმე

მიტროფანე სტურუა9 იყო აბაშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება. ედავებოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალების დაყოვნებას საქმის განხილვისგან ჩამოშორებიდან ექვსი თვის განმავლობაში. სტურუამ აღიარა აღნიშნულის გაუფრთხილებლობით ჩადენა. სადისციპლინო კოლეგიამ, ზეპირი მოსმენის შემდეგ, ის ბრალეულად ცნო დისციპლინური გადაცდომის - ,,საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ანდა შრომის დისციპლინის სხვაგვარი დარღვევა“ ჩადენის გამო; შედეგად,  გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

სტურუამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში. ამ უკანასკნელმა საჩივარი განიხილა პლენარულ სხდომაზე რვა მოსამართლის შემადგენლობით. ამათგან, ოთხი მოსამართლე - კ. კ., გ.ჩ., დ.ს. და თ.თ. ადრე მონაწილეობდა ამ საქმის სადისციპლინო კოლეგიის მიერ განხილვაშიც. მათ შორის, კ.კ. როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე, საჩივრის განხილვის სტადიაზე, მოქმედებდა, როგორც სხდომის თავმჯდომარე და მომხსენებელი.  სადისციპლინო საბჭო ერთხმად დაეთანხმა კოლეგიის გადაწყვეტილებას.

განმცხადებელმა დისციპლინური ორგანოს შემადგენლობის კანონიერება   და, ასევე, ის ფაქტი, რომ ის არ მიიწვიეს შესაბამის სხდომაზე,  გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. მისი საჩივარი წარმოებაში არ მიიღეს დაუსაბუთებლობის გამო. 

სტურუამ დავა ევროპულ სასამართლოში გააგრძელა. ამ უკანასკნელმა დაასკვნა, რომ, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნათა საპირისპიროდ,  იგივე ოთხმა მოსამართლემ განიხილა საკუთარი გადაწყვეტილება და შეაფასა, დაუშვეს თუ არა თავად შეცდომა ფაქტების შეფასებისას ან კანონის განმარტებისას. 

ამასთან, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს როლი შემოიფარგლებოდა საქმის სამართლებრივი ასპექტების შეფასებით, ევროპული სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ საკასაციო ინსტანციას გააჩნდა უფლებამოსილება, ეფექტიანად გადაესინჯა საქმე.  საბოლოდ, დაადგინა, რომ განმცხადებლის შიშები სადისციპლინო საბჭოს მიკერძოებასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო. 

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისთვის  3 500 ევროს გადახდა დაევალა საქართველოს მთავრობას განმცხადებლისთვის, სხვა დანახარჯების ანაზღაურებისთვის კი - 3 380 ევროსი. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მოსამართლე სტურუამ 2017 წლის 3 ივლისს მიმართა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და მოითხოვა მისი განთავისუფლების შესახებ  გადაწყვეტილების გაუქმება. სადისციპლინო პალატამ გააუქმა სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებები და საქმე დაუბრუნა სადისციპლინო კოლეგიას ხელახლა განსახილველად. სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შეწყდა დისციპლინური საქმის წარმოება, რადგან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. მიუხედავად ამისა, მოსამართლე სტურუამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა მოსამართლის პოზიციაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. საბჭომ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.  

ზურაბ გაბაიძის საქმე

განმცხადებელი ზურაბ გაბაიძე10 იყო ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2004 წელს  სადისციპლინო  კოლეგიამ ის ბრალეულად ცნო დისციპლინური გადაცდომის - „კანონის უხეში დარღვევის“ გამო; მას ედავებოდნენ თოთხმეტი დღის განმავლობაში მსჯავრდებულის უკანონო პატიმრობაში დატოვებას. მიუხედავად განმცხადებლის კარგი პროფესიული რეპუტაციისა და მის მიმართ წარსულში დისციპლინური სახდელის არარსებობისა, გაბაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან გადაწყვეტილება სადისციპლინო საბჭოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა ძალაში დატოვა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება. განმცხადებელმა მიმართა უზენაეს სასამართლოს, რომელმაც გააუქმა სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება არასაკმარისი სამართლებრივი დასაბუთების გამო და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. სადისციპლინო საბჭომ კვლავ განიხილა საქმე  და იგივე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლეთა პანელის სამი წევრი - .კ. ყ., გ.ჩ, და ი. ქ. მონაწილეობდა სადისციპლინო საბჭოს მიერ ამ საქმის პირველ განხილვაშიც. ამ მოტივით, განმცხადებელმა მათი აცილება მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

გაბაიძემ კვლავ მიმართა უზენაეს სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ მისი საქმე უკანონო შემადგენლობამ განიხილა დაჩქარებული წესით. ამჯერად უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე ამომწურავად იყო განხილული და სასჯელიც – ადეკვატურად განსაზღვრული; აგრეთვე, განმცხადებლის საქმის განმხილველი დისციპლინური ორგანოს შემადგენლობა იყო კანონიერი; ის ფაქტი, რომ ცალკეული მოსამართლეები ადრეც მონაწილეობდნენ განმცხადებლის საქმის განხილვაში, შეესაბამებოდა კანონის საფუძველზე ჩამოყალიბებულ პრაქტიკას და არ იწვევდა კითხვებს მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. განმცხადებელმა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მან ერთხელ უკვე შეაფასა ამ სპეციფიკის სადისციპლინო ორგანოს შემადგენლობის კანონიერება სტურუას საქმეზე, კიდევ ერთხელ გაიმეორა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა და ამჯერადაც დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.   

სახელმწიფოს, მოსამართლის სასარგებლოდ 3500 ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო სასამართლო ხარჯების ანაზღაურებისთვის კი - 2140 ევრო. 

გაბაიძემ, ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოსამართლის თანამდებობაზე  აღსადგენად იგივე  სამართლებრივი გზა გაიარა, რაც ბატონმა სტურუამ  უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭომდე, თუმცა მასავით უშედეგოდ.

დისციპლინური ზომა, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტი


მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპები ადგენს: ,, მოსამართლე თავის სამოსამართლო ფუნქციას უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების შეფასებიდან გამომდინარე, სამართლის დამოუკიდებელი გაგების შესაბამისად...’’ დისციპლინური სამართალწარმოების  შესახებ საერთაშორისო სტანდარტების იმპერატივია, მოსამართლის სამოსამართლო საქმიანობაში ჩაურევლობა და სამართლებრივი ნორმის განმარტების გამო, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაუშვებლობა.

მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, მურმან ისაევის და თამარ ლალიაშვილის საქმე

2005 წლის 19 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნინო გვენეტაძის, მერაბ ტურავას, თამარ ლალიაშვილის და მურმან ისაევის11 წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინური დევნა დაიწყო. სამართალწარმოების ოფიციალურ საფუძველს მოსამართლეების მიერ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას სამართლებრივი ნორმების არასწორი ინტერპრეტაცია წარმოადგენდა. 

პროცესის ინიციატორი უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე იყო. კანონი მას უფლებამოსილებას ანიჭებდა, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება,  შეეგროვებინა შესაბამისი მტკიცებულებები და შემდეგ თავადვე შეეფასებინა დისციპლინური ორგანოს თავმჯდომარის რანგში. 

სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინურ სახდელებს შორის ყველაზე მკაცრ ზომას -მოსამართლეების თანამდებობიდან განთავისუფლებას მიმართა.  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განთავისუფლებამ  ფართო რეზონანსი გამოიწვია  საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ფოკუსშიც მოექცა. ყოფილმა მოსამართლეებმა  საქმე ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს და ამ საქმეზე საბოლოო განჩინების მიმართ დიდი მოლოდინი გაჩნდა იურიდიულ პროფესიულ საზოგადოებაში.  თუმცა, 2015 წლის მარტში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა და 2016 წლის აპრილში მან უარი განაცხადა  მისი საჩივრის განხილვის გაგრძელებაზე.  ანალოგიურად მოიქცა მეორე ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა იმავე წელს, იმ მოტივით, რომ დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ და შემდეგ თავმჯდომარედ. 

სხვა განმცხადებლებს - მურმან ისაევს და თამარ ლალიაშვილს, საქართველოს მთავრობამ, მორიგების ფარგლებში,  მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, თითოეულ მათგანს გადაუხადა 10 000 ევრო.  ამასთან, ისაევი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამწესდა უვადოდ, და 2 წლის შემდეგ, დაასრულა უფლებამოსილება საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.

თამაზ ილიაშვილის, ნუნუ ალასანიას და ლევან ბარდაველიძის საქმეები

ადამიანის უფლებათა ევროპულ  სასამართლოს  ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს და სხვა მოსამართლეების საქმეებიც გადაეცა განსახილველად.12 ისინიც, ანალოგიურად, დისციპლინური დარღვევის - სამართლებრივი ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის  ჩადენის მოტივით  გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.  ახალმა მთავრობამ აღიარა წინა ხელისუფლების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რაც ჯამში 13 000 ევროს გადახდით დასრულდა განმცხადებლების სასარგებლოდ.

,,საზოგადოების ნდობაზე არის დამყარებული სასამართლო სისტემის არსებობა სახელმწიფოში’’ 13

2018  წელს განხორციელებული სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის შედეგად,  დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები ახლებურად ჩამოყალიბდა და თითოეული გადაცდომა, რომელიც  მოსამართლეთა დევნის საფუძვლად  გამოიყენეს ზემოთ აღწერილ საქმეებში, დღეს ამოღებული ან შეცვლილია. თუმცა,  დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის  წარმართვის  ბერკეტი  კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია  მოქცეული  და  არ არსებობს საპროცესო გარანტიები, რომლებიც მოსამართლეს მისი ბოროტად გამოყენებისგან დაიცავს.

ევროპული სასამართლოს განჩინებების მიმოხილვამ გამოავლინა, რომ  მოსამართლეთა შერჩევისა და  თანამდებობაზე გამწესების პროცესი ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობის მოთხოვნას; ხოლო მაშინაც, თუკი მოსამართლე წარმატებით გადალახავს ამ პროცესს, ის მოწყვლადი რჩება მმართველი ორგანოს  დაუბალანსებელი ძალაუფლების მიმართ.  

მოსამართლისთვის სამოსამართლო უფლებამოსილების უფლების წართმევა თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მიუღებელია, როგორც  უსამართლობა,  რომელსაც ინდივიდი განიცდის სისტემასთან შეჯახებისას; თუმცა, კიდევ უფრო საგანგაშო, ის ეფექტია, რომელიც  ასეთ შემთხვევებს აქვს იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც რჩებიან სისტემაში:  ეს პრეცედენტები წყალს უყენებს ჩვენს ნდობას მათ მიმართ;  არადა, მართლმსაჯულება,  რომელიც არ ეფუძნება საზოგადოების ნდობას, არც არსებობს.

სქოლიო

1. მინიმალური წესები მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების შესახებ, მიღებულია ევროპული იუსტიციის საბჭოების გენერალური ასამბლეის მიე, 2012 წლის მაისში.
2. ვენეციის კომისიის მიერ მიღებული სასწრაფო მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის შესახებ, 119-ე პლენარულ სესიაზე, 21-22 ივნისი,  2019.
3. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM Rec (2010)12  წევრი ქვეყნების მიმართ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და პასუხისმგებლობების მიმართ, მიღებული 2010 წლის ნოემბერში.
4. გლოველი v. საქართველო, no. 18952/18, 7 აპრილი, 2022.
5. იგივე, პარაგრაფი 11.
6. იგივე, პარაგრაფი  58.
7. იგივე, პარაგრაფი 59.
8. Judging the judiciary, Responding to Judicial misconduct without threatening independence, Morgane Coué Mélanie Vianney-Liaud,  France
9. Sturua v. Georgia, 45729/05, 28.03.2017.
10. Gabaidze v. Georgia, 13723/06, 12.10.2017. 
11. Turava and others v. Georgia,  Laliashvili v. Georgia, no. 7607/07 და 8710/07, 27.11.2018.
12. Iliashvili v. Georgia; 22715/07, 9.10.2018; Alasania and Bardavelidze v. Georgia, 12611/08 and 25500/08, 9.10.2018.
13. მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპები, პრეამბულა, ივლისი, 2006 წ.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: ანა შალამბერიძე