21.10.2022

მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება


მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება განსხვავდება სასამართლო ინსტანციებისა  და სასამართლო   სისტემაში დაკავებული  თანამდებობების მიხედვით.  

მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან. მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი  ზუსტად არის დადგენილი ორგანული კანონით.
რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლისთვის დანამატის განსაზღვრა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა. საბჭოს განკარგულებით, 2022 წლის 1 იანვრიდან მოსამართლეთა დანამატი განახლებული ოდენობით განისაზღვრა.

გამონაკლისს წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომელთათვის დანამატის ოდენობას უზენაესი სასამართლოს პლენუმი ადგენს.

როგორია  მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება დღეს? ამ კითხვაზე პასუხს  წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ.

 

რაიონული (საქალაქო ) სასამართლოები

 რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე:

  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა და მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობრივი სარგო - თვეში  4000 ლარი.
  • დანამატი - თვეში 2600 ლარი.

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლე:

  • თანამდებობრივი სარგო იგივეა, რაც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, ხოლო დანამატის ოდენობა განსხვავებულია და შეადგენს 3300 ლარს.

 რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე:

  • თანამდებობრივი სარგო - თვეში 4300 ლარი.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეების დანამატი - თვეში 3400 ლარი.

 რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: 

  • თანამდებობრივი სარგო - თვეში 4600 ლარი
  • დანამატი - თვეში 2800 ლარი.

 თბილისის, ბათუმისა და  ქუთაისის საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეები:

  • თანამდებობრივი სარგო კანონით ყველა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ერთნაირია. თუმცა, ცალკეულ საქალაქო სასამართლოებში დანამატის ოდენობა განსხვავებულია. კერძოდ,  თბილისის, ბათუმისა და  ქუთაისის საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეების დანამატი  3500 ლარს შეადგენს. 

 

თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე:

  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგო - თვეში 5000 ლარი.
  • დანამატი – თვეში 2950 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე:

  • სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო - თვეში 5300 ლარი.
  • დანამატი – თვეში 3050 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო - თვეში 5600 ლარი
  • დანამატი თვეში 3150 ლარი.

 სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:

  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო - თვეში 5800 ლარი.
  • დანამატი - თვეში 3200 ლარი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგო - თვეში 6000 ლარი;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო - თვეში 6300 ლარი;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო - თვეში 6500 ლარი;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო - თვეში 7 000 ლარი.
2022 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მოსამართლეთა დანამატების შესახებ. სამწუხაროდ მათ არ მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია და მიგვითითეს პლენუმის 2020 წლის 16 იანვრის N2/პლ-2020 და 2020 წლის 18 N39/პლ-2020 დადგენილებაზე, რომელიც საჯაროდ არ იძებნება. იმ შემთხვევაში თუ განკარგულებას მოგვაწოდებს უზენაესი სასამართლო ჩვენი ხელახალი მოთხოვნის საფუძველზე, განვაახლებთ მონაცემებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანამატების შესახებ.

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა შეისწავლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დეკლარაციები, მათ შორის თავმჯდომარისა და მოადგილეების, რის შედეგადაც ირკვევა, რომ აღნიშნული თანამდებობის პირთა დანამატები დაახლოებით არის 5200 ლარიდან 5900 ლარამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). დანამატები განისაზღვრება დაკავებული თანამდებობების მიხედვით.


სხვა დანამატები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, 2022 წლის აპრილში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად 2021 წლის დეკემბერში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით.

კანონით დადგენილი თანამდებობრივი სარგოს კოლექტიურად და პერმანენტულად ხელოვნურად გაზრდის დანიშნულებას ასრულებს, რაც სცდება დანამატის არსს.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელფასო დანამატი – ეს არის  საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ:

ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის მათ შორის, ღამის საათებში დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში  საქმიანობისათვის განსაზღვრული თანხა.

მოსამართლეთა დანამატის დაწესებისას აღნიშნული გარემოებები არც მიიღება მხედველობაში.   ის  ინდივიდუალურად კი არ განისაზღვრება, არამედ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველი წლის დასაწყისში უწესდება მოსამართლეთა კორპუსს  ორგანული კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატის სახით.

მართლმსაჯულების სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით, მოსამართლის შრომის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს კანონით (სრულად და არა ნაწილობრივ). ბანგალორის წესების მიხედვით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მინიმალურ მოთხოვნათა სამი პირობა არსებობს:

  • თანამდებობაზე უვადოდ განწესება;
  • მატერიალური კეთილდღეობა – ანუ ხელფასისა და საპენსიო ანაზღაურების კანონით დადგენილი ოდენობით მიღების უფლება;
  • ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

შესაბამისად, მოსამართლის შრომის ანაზღაურების კანონით განსაზღვრის  პრინციპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი დამოუკიდებლობისთვის.  ის უზრუნველყოფს მოსამართლის ფინანსურ სტაბილურობას, რათა  ეს უკანასკნელი არ გახდეს მოწყვლადი რომელიმე ორგანოს/პირების მიერ მის მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიმართ.

იუსტიციის საბჭოს ხელში კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი - მოსამართლეებისთვის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების, ფაქტობრივად ხელფასის მეორე ნაწილის, განსაზღვრა წარმოადგენს მოსამართლეთა კორპუსზე კოლექტიური ზემოქმედების მექანიზმს.

ზემოთ წარმოდგენილ რიცხობრივ მონაცემებზე დაკვირვებისას თვალშისაცემია, ასევე, სასამართლოების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების, კოლეგიების თავმჯდომარეების მაღალი შემოსავალი, რაც მათ ბუნდოვან ფუნქციებთან შედარებით ზედმეტად არაპროპორციულად გამოიყურება.    

მოსამართლეთა ფინანსური სტაბილურობა მათი ინდივიდუალური დამოუკიდებლობისა და  მხარეების მიმართ მიუკერძოებლობის გარანტიაა.  მოსამართლის თანამდებობას კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ადამიანები უნდა იკავებდნენ, რომელთა შრომაც სათანადოდ ანაზღაურდება საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობით.


-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: unsplash.com 
ავტორი: მეგი შამათავა