2023 წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებაა დაგეგმილი, ვინაიდან შესამოწმებელ პირთა სიაში 60 მოსამართლეა. ხოლო, 2018-2022 წლებში საჯარო სამსახურის ბიურომ საერთო ჯამში შეისწავლა საქართველოს საერთო სასამართლოების 95 მოსამართლის ფინანსური დეკლარაცია.
კორუფციის პრევენციისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი თანამდებობის პირს მისი და ოჯახის წევრების ქონებისა და ფინანსური რესურსების ყოველწლიურად დეკლარირებას ავალდებულებს. აღნიშნული ვალდებულება საქართველოში 1998 წლიდან იღებს სათავეს, ხოლო ქონებრივი დეკლარაციის ელექტრონული www.declaration.gov.ge-ს პლატფორმის მეშვეობით წარდგენა 2010 წლიდან არის შესაძლებელი.
2017 წელს „ღია მმართველობა საქართველოს“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოში თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა. მისი შემოღება დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის სისრულისა და ნამდვილობის შემოწმებას ემსახურება.
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის სისტემა სახელმწიფოს ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების პოლიტიკის ნაწილია. ის ხელს უწყობს ეფექტიან საჯარო მმართველობას, საჯარო ფინანსების კეთილსინდისიერად ხარჯვასა და გადაწყვეტილებების მიღებას საჯარო ინტერესის საფუძველზე. სისტემამ უნდა გამოავლინოს კორუფციული, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები.
ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის მექანიზმის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კორუფცია ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სახელდება. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის შედეგების მიხედვით, კორუფციის აღქმის ინდექსი საქართველოში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის და არსებითად არ უმჯობესდება. 2022 წელს საქართველომ 56 ქულა მიიღო, ამ ქულით ის მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს - 66 ქულას.
როდესაც საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება საუბრობენ მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან მოსამართლეებთან დაკავშირებით კორუფციის პრობლემაზე, ბუნებრივია, მოსამართლეთა ფინანსური დეკლარაციების შესწავლა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
საჯარო სამსახურის ბიურო ყოველწლიურად სწავლობს დეკლარაციათა გარკვეულ რაოდენობას, მონიტორინგის შედეგებს კი ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს ანალიტიკური დოკუმენტის სახით, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ ამ საანგარიშო დოკუმენტების გაცნობის გზით გაგვერკვია, რამდენად მაღალი პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევიან დეკლარაციის შევსებისას მოსამართლეები.
სულ, 2018-2022 წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიურომ 95 (მათ შორის, 4 ყოფილი) მოსამართლის დეკლარაცია შეისწავლა და შედეგები ასე გამოიყურება:
მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის დეკლარაცია დადებითად შეფასდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის არსებული სისტემა, ძირითადად, დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას ემსახურება და არა კორუფციულ სამართალდარღვევათა შესაძლო შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციას. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციების მონიტორინგი კორუფციასა და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის მძლავრი ინსტრუმენტის ფუნქციას ვერ შეითავსებს, თუმცა ობიექტურ წარმოდგენას ქმნის კონკრეტულ თანამდებობის პირზე – თავისთავად, დეკლარაციის არასწორად შევსების ფაქტის გამოვლენა და მისი უარყოფითად შეფასება, სულ მცირე, ეჭვს აჩენს პირის კეთილსინდისიერების მაღალ სტანდარტთან დაკავშირებით.
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენისას მის მიერ შეძენილი ქონებისა და მიღებული შემოსავლების კანონიერებასა და პატიოსნებაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც, თავის მხრივ, მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს.
მოსამართლეს ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა, როგორც მონიტორინგის შედეგები მიუთითებს, ამ პასუხისმგებლობის დარღვევის არაერთი ფაქტია დადგენილი.
საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასებულ მოსამართლეებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც ბიურომ 2018 წელს შეამოწმა. ამავე წელს უარყოფითად შეფასდა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი. კონკრეტულად რით იყო განპირობებული უარყოფითი შეფასება, 2018 წლის მონიტორინგის ანგარიშში მითითებული არ არის. ზოგადად კი, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება შემდეგი საფუძვლებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში:
დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემების გამოვლენა. 2018 წლის მონიტორინგის ანგარიშისაგან განსხვავებით, 2019-2022 წლების ანგარიშში დასახელებულია მოსამართლეთა დეკლარაციის უარყოფითად შეფასების მიზეზებიც:
თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობისას თანამდებობის პირს ეძლევა გაფრთხილება. საჯარო სამსახურის ბიურო მოსამართლეთა შემთხვევაში გაფრთხილებით შემოიფარგლა შემდეგ შემთხვევებში:
თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში არსებითი დარღვევისას თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. 2018-2022 წლების განმავლობაში, მთლიანობაში, მოსამართლის დაჯარიმების 3 შემთხვევაა. დაჯარიმებულ მოსამართლეებს შორის 2019 წელს აღმოჩნდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილი (იმ დროისათვის ორივე მოსამართლე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა). რაც შეეხება დაჯარიმების მიზეზებს, ის შემდეგია:
2023 წლის იანვარში საჯარო სამსახურის ბიურომ უკვე გამოაქვეყნა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს დაქვემდებარებულ პირთა სია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებაა დაგეგმილი. კერძოდ კი, შესამოწმებელ პირთა სიაში 60 მოსამართლეა, აქედან 14 მოსამართლე შერჩეულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო 46 კომისიის მიერ, რომელთა შორის არიან მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ირაკლი ბონდარენკო, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და გიორგი მიქაუტაძე.
2023 წელს შესამოწმებელ პირთა სრული სია იხილეთ აქ.
მონიტორინგის მიზნით დეკლარაციების შერჩევა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად ხორციელდება:
გარდა ამისა, დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ჩართულობასაც: ნებისმიერ პირს დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შეუძლია, მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირის მიერ დეკლარირებული მონაცემების შემოწმების მოთხოვნით.
დამოუკიდებელი კომისია შესამოწმებელ დეკლარაციებს არჩევს განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით, რომელთა შორისაა განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევა.
ბიუროს 2018 წლის ანგარიშში განმარტებული არ არის მოსამართლეთა შერჩევის საფუძველი, თუმცა მითითებულია 2019-2022 წლების ანგარიშებში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 82 პირიდან 67 მოსამართლე ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა, კომისიამ კი 15 მოსამართლე შეარჩია. კომისიამ სასამართლო სისტემიდან შესამოწმებელ პირთა სია 2019 წელს შეადგინა. კომისიის მიერ შერჩეულ პირთა სია ასეთია: ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, რევაზ ნადარაია, თამარ ონიანი, ვასილ როინიშვილი, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, მზია თოდუა, ნინო ქადაგიძე, გრიგოლ გიორგაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, მარიამ ცისკაძე.
2018-2022 წლების განმავლობაში შემოწმებული მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციების ერთიანი სია იხილეთ აქ.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.