ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ

08.11.2024

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში.

განმცხადებელი მაია ბაქრაძე 2005 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, 10 წლის ვადით. მალევე მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2006 წლამდე. ამის შემდგომ მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

მაია ბაქრაძე იყო ორგანიზაცია „მოსამართლეთა ერთობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. ორგანიზაცია 2013 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერება და ამ გზით სასამართლოს რეფორმირების ხელშეწყობა იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი წევრები ღიად საუბრობდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელ პოლიტიკას სასამართლო სისტემასთან მიმართებით.

მაია ბაქრაძე, 10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვის გამო, 2015 წლის 22 სექტემბერს გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან. ამავე წლის ოქტომბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, სადაც მაია ბაქრაძემ კვლავ წარადგინა განაცხადი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის  ვაკანსიაზე და 98 კანდიდატთან ერთად, გავიდა გასაუბრების ეტაპზე. მაია ბაქრაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2015 წლის 15 დეკემბერს გაესაუბრა. გასაუბრებაზე, რომელიც, დაახლოებით, 30 წუთი გრძელდებოდა, უმეტესი დრო ორგანიზაცია „მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობასა და ხელმძღვანელი პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულ შეკითხვებს დაეთმო, კერძოდ - რამდენი წევრი ჰყავდა ორგანიზაციას, როგორი იყო შიდა ორგანიზაციული მოწყობა და ა.შ., ასევე ორგანიზაციის კავშირსა და ურთიერთობას ორგანიზაცია „მოსამართლეთა ასოციაციასთან.“  გასაუბრების პროცესში საბჭოს წევრებმა კონკურსანტს არაერთი შეკითხვა დაუსვეს „მოსამართლეთა ერთობის“ იმდროინდელი აღმასრულებელი დირექტორის - ნაზი ჯანეზაშვილის სოციალური ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული განცხადებების („პოსტების“) გამო. საბჭოს წევრები ცდილობდნენ გაეგოთ რას ფიქრობდა კონკურსანტი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ფეისბუკის განცხადებების შესახებ, დაიწერა თუ არა ისინი ორგანიზაციის სახელით, იყო თუ არა განცხადებების შინაარსი წინასწარ შეთანხმებული მასთან და ეთანხმებოდა თუ არა მათ შინაარსს, განსაკუთრებით იმ განცხადებებისას, რომლებსაც საბჭოს წევრები შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ.

კანდიდატმა გასაუბრებისას აღნიშნა, რომ ვერ ხედავდა კავშირს ამ შეკითხვებსა და გასაუბრების მიზანთან - შეფასდეს კანდიდატის კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. საბჭოს ზოგიერთი წევრი ირწმუნებოდა, რომ კანდიდატი, როგორც მოსამართლეთა ერთობის წარმომადგენელი, პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო „ამ შეურაცხმყოფელ“ გამონათქვამებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით ცნობილი გახდა, რომ მაია ბაქრაძეს უარი ეთქვა მოსამართლედ განწესებაზე.

2016 წლის მაისში გამოცხადებულ ახალ სამოსამართლო კონკურსში მაია ბაქრაძემ კვლავ წარადგინა განაცხადი. აღნიშნული კონკურსის გასაუბრებაც წინა წლის დეკემბერში გამართული გასაუბრების მსგავსად წარიმართა. განათლებასა და გამოცდილებასთან დაკავშირებით პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში დასმული შეკითხვების შემდეგ კანდიდატს არაერთი კითხვა დაუსვეს „მოსამართლეთა ერთობის“ შესახებ - კერძოდ, რას ფიქრობდა ის, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი, ორგანიზაციის წევრების მიერ სასამართლოსთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე. ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობდა სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წამოწყებულ მედიაკამპანიაზე, რომლის მიზანიც სასამართლოს დისკრედიტაცია იყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამჯერადაც უარი უთხრა კანდიდატს მოსამართლედ განწესებაზე.

2016 წლის 17 ოქტომბერს მაია ბაქრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ორივე სამოსამართლო კონკურსის შედეგებს ასაჩივრებდა იმ მოტივით, რომ მის მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება (არდანიშვნის შესახებ) ორივე შემთხვევაში დისკრიმინაციულ საფუძველზე იქნა მიღებული.

საგულისხმოა, რომ ვერც თბილისის საქალაქო სასამართლომ და შემდგომში ვერც სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა ბაქრაძის მიმართ იუსტიციის საბჭოს დისკრიმინაციული მიდგომა ვერ დაინახეს. ყოფილმა მოსამართლემ 2020 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

2024 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობისას, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მოსამართლეები არა მხოლოდ სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, არამედ შეუძლიათ შექმნან ან შეუერთდნენ მოსამართლეთა გაერთიანებებს ან მონაწილეობა მიიღონ სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც წარმოადგენენ მოსამართლეთა ინტერესებს.  [Bakradze v. Georgia, #67

მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნია გასაუბრებაზე შეკითხვის დასმა „მოსამართლეთა ერთობის“ მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ხმამაღალ კრიტიკასთან დაკავშირებით, იქვე განმარტა, რომ ეს ლეგიტიმური ინტერესი „ვერ ხსნის იმ ფაქტს, რომ „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებულ კითხვებს პირველი გასაუბრებისას - დროის ორ მესამედზე მეტი, ხოლო მეორე გასაუბრებისას დროის, დაახლოებით, ნახევარი დაეთმო.“ [Bakradze v. Georgia, #77]  შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია განმცხადებლის პოზიცია, დისკრიმინაციულად შეეფასებინა ის ფაქტი, რომ საბჭომ გასაუბრების უმეტესი ნაწილი „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებულ შეკითხვებს დაუთმო.

რაც შეეხება მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებასა და მიუკერძოებლობის ვალდებულებას შორის ბალანსს, ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მოიხმობს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE)  N25 მოსაზრებას, რომლის თანახმად მოსამართლეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რაც მათი და სასამართლოს სისტემის მიუკერძოებლობას ეჭვის ქვეშ დააყენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს მოსამართლის დუმილის ვალდებულებას. მოსამართლეებს, მათი განსაკუთრებული სტატუსისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აქვთ შეუცვლელი როლი კანონმდებლობის განვითარებასა და სასამართლო სისტემის რეფორმირებაში, რისთვისაც არა მხოლოდ დასაშვები, არამედ საჭიროც კი არის მოსამართლის მონაწილეობა  ამ საკითხებზე გამართულ საჯარო დისკუსიებში.  აღნიშნულის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა თავშეკავების ვალდებულება არ გულისხმობს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმას. [Bakradze v. Georgia, #78]

სასამართლოს განმარტებით: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფრო დაბალანსებული და უფრო ნეიტრალური მიდგომის გამოუყენებლობა გამორიცხავს იმის ალბათობას, თითქოს „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებული კითხვები სხვა არაფერი იყო, თუ არა მოსამართლის თავშეკავებისა და მიუკერძოებლობის ვალდებულებების მიმართ განმცხადებლის ერთგულების შემოწმება.“ [Bakradze v. Georgia, #78]

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და განმცხადებლის ორი ინტერვიუს ჩატარების წესის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ხაზგასმულია კითხვების ბუნება და რაოდენობა, რომლებიც დაისვა „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს კითხვები სცილდება განმცხადებლის კეთილსინდისიერების შემოწმების მიზანს. ისინი ნათლად აჩვენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის მიკერძოებას და წინასწარგანწყობას განმცხადებლის მიმართ, ორგანიზაციაში მისი როლისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვა), კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებთან (გამოხატვის თავისუფლება და გაერთიანების თავისუფლება) ერთობლიობაში.

----------------

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე