რისკი, რომელსაც სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის წესი ქმნის და რატომ არ მუშაობს ეს ინსტიტუტი?

27.11.2024

რას ნიშნავს სათადარიგო მოსამართლე?

სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს, და საქმის განხილვა გრძელდება.

სამართლიანი სასამართლოს უფლება და სათადარიგო მოსამართლის ინსტიტუტი

სამართლიანი და დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა საქმის გარემოებების შესახებ მოსამართლის სათანადო ინფორმირებულობა. ევროპული სასამართლოს განმარტებით "სამართლიანი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტია ბრალდებულის შესაძლებლობა - დაუპირისპირდეს მოწმეებს იმ მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს საქმე" (Graviano v. Italy, no. 10075/02, § 38).

არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლე, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თავად ისმენდეს პროცესის მონაწილეთა განცხადებებს და უშუალოდ ესწრებოდეს მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს სსსკ-ის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლოს შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს, საქმეზე, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სავალდებულო წესით ინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას და საქმის განხილვა გრძელდება.
სსსკ-ის 184-ე მუხლი არ განსაზღვრავს, რა გარემოებების არსებობისას და საქმის განხილვის რომელ ეტაპზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე. გამომდინარე იქიდან, რომ ნორმა არ აწესებს რაიმე შეზღუდვას სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის ვადასთან ან საფუძვლებთან დაკავშირებით, ლოგიკურია, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია სათადარიგო მოსამართლე დანიშნოს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის – მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ. ამგვარი წესი ქმნის შესაძლებლობას, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ, რომელიც არ დასწრებია მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, არ მოუსმენია მხარეების, მოწმეების, ექსპერტებისა თუ პროცესის სხვა მონაწილეებისთვის, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე, რადგან გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლე ეყრდნობა კანონს და შინაგან რწმენას.
ამასთანავე მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სათადარიგო მოსამართლის ფორმალურად დანიშვნა, გარკვეული ვალდებულებების განსაზღვრის გარეშე, არათუ ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს მინიმალური სტანდარტების დაცვას, არამედ პირიქით, ზიანს აყენებს მხარეთა ინტერესებს და მნიშვნელოვნად ამცირებს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ალბათობას. კერძოდ თუკი სსსკ-ის 183-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის შეცვლის შემთხვევაში საქმის განხილვა თავიდან იწყება, 184-ე მუხლი უშვებს, რომ საქმის განხილვა გაგრძელდეს, თუ საქმეზე დანიშნულია სათადარიგო მოსამართლე, მაშინაც კი თუ იგი მხოლოდ ფორმალურად არის დანიშნული, არ დასწრებია არცერთ სასამართლო სხდომას, არ მოუსმენია პროცესის მონაწილეებისთვის და არ აკვირდებოდა მტკიცებულების გამოკვლევის პროცესს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქმის განხილვა შესაძლოა გააგრძელოს სრულიად არაინფორმირებულმა მოსამართლემ. 
კანონით პროცესზე დასწრების ვალდებულება სათადარიგო მოსამართლეს არც მაშინ აკისრია, როდესაც გარკვეული გარემოებების გამო მოსალოდნელია, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე საქმის დასრულებას ვერ შეძლებს (მაგალითად მოახლოებული საპენსიო ასაკის გამო). ბუნებრივია ჩნდება კითხვა: ამგვარ ვითარებაში რას ცვლის სათადარიგო მოსამართლის ფორმალურად დანიშვნა და რა დამატებით გარანტიებს ქმნის იგი სსსკ-ის 183-ე მუხლისგან განსხვავებით - როდესაც სათადარიგო მოსამართლე დანიშნული არ არის და მოსამართლის შეცვლის შემთხვევაში საქმის განხილვა ხელახლა იწყება?
საქმის განმხილველი მოსამართლის შეცვლის საჭიროება შესაძლოა სხვადასხვა გარემოებებმა გამოიწვიოს. მათ შორის არის როგორც მოსალოდნელი, ისე მოულოდნელად წარმოშობილი გარემოებები. ერთ-ერთი მოსალოდნელი გარემოება არის საპენსიო ასაკის მიღწევის გამო მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა. როდესაც მოსამართლის ასაკის და სისხლის სამართლის საქმის განხილვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ მოსამართლეს შეიძლება საქმის განხილვის დასრულებამდე შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს გარემოება საქმის განხილვის დაწყებამდე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის ვალდებულებას უნდა წარმოშობდეს, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა სათადარიგო მოსამართლის ფორმალური დანიშნვა, სასამართლო სხდომებზე დასწრებისა და მხარეთა მოსმენის გარეშე ზიანს მიაყენებს პროცესის სამართლიანობას. 
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კანონის ნორმა სათადარიგო მოსამართლის მიერ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის ვალდებულებასაც კი არ განსაზღვრავს, გამოდის, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე შეიძლება გადაწყვიტოს მოსამართლემ, რომელსაც არ მოუსმენია მხარეთა პოზიცია ან არ დასწრებია მტკიცებულების გამოკვლევის პროცესს და არ ჰქონია შესაძლებლობა, თავად შეეფასებინა მტკიცებულების სანდოობა/უტყუარობა. აღნიშნული ეწინააღმდეგება ევროპული პრეცედენტული სამართლით აღიარებულ უშუალობის პრინციპს (Principle of Immediacy).
უშუალობის პრინციპს ევროპული სასამართლო ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში განიხილავს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლის სამართლის პროცესში. ევროპული სასამართლოს განმარტებით, „უშუალობის პრინციპი მნიშვნელოვანი გარანტიაა სისხლის სამართალწარმოებისას, სადაც მოწმეთა ქცევასა და სანდოობაზე სასამართლოს დაკვირვებას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება ბრალდებულისათვის“ (სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ, #32 ). „უშუალობის პრინციპის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ მოსამართლემ, ვინც ესწრებოდა სასამართლო განხილვებს და მტკიცებულების შეგროვების პროცესებს“ (Cutean v. Romania, #61).
სამართლიანი სასამართლოს პრინციპები არ კრძალავს საქმის განმხილველი მოსამართლის სხვა მოსამართლით შეცვლას ან ნებისმიერ ცვლილებას სასამართლოს შემადგენლობაში. შესაბამისად, სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვა იმთავითვე სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას არ იწვევს, თუკი მოსამართლე სათანადო სამართლებრივი გარანტიებით არის უზრუნველყოფილი.
ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულის უფლება – დაუპირისპირდეს მოწმეებს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის წინაშე, არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს საქმის განხილვის პროცესში სასამართლოს შემადგენლობის ნებისმიერი ცვლილება უნდა აიკრძალოს (P.K. v. Finland). ევროპული სასამართლო მიუთითებს იმ ღონისძიებებზე, რომელთა საშუალებითაც შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ სათადარიგო მოსამართლე სათანადოდ ჩასწვდეს საქმის არსს, შეექმნას საკუთარი შინაგანი რწმენა წარმოდგენილ მტკიცებულებებზე – მაგალითად, სასამართლოს ახალმა შემადგენლობამ ხელახლა მოუსმინოს მხარეთა არგუმენტებს და მნიშვნელოვან მოწმეებს (Cutean v. Romania, #61; სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ, #33).
საქმეში „სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა იმ გარემოების გამო, რომ განმცხადებლისთვის მსჯავრდადების შესახებ გადაწყვეტილება (გამამტყუნებელი განაჩენი) გამოიტანა სათადარიგო მოსამართლემ, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა მტკიცებულების ზეპირ განხილვაში, კერძოდ – მას სასამართლოში დაკითხული არცერთი მოწმისა და ექსპერტისთვის არ მოუსმენია, ასევე არ მოუსმენია სხვა ბრალდებულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის შეცვლის შემდეგ დაცვის მხარემ არაერთხელ წარადგინა შუამდგომლობა მოწმეთა და ექსპერტთა ხელახლა დაკითხვის შესახებ, ასევე ორი ახალი მოწმის დაკითხვის შესახებ, მოსამართლემ, რომელმაც თავდაპირველი მოსამართლე შეცვალა, უარი განაცხადა ხელახლა დაეკითხა აღნიშნული პირები, მან ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ორი ახალი მოწმის დაკითხვის შესახებ, მაშინ როდესაც აღნიშნულ პირთა ჩვენებები იყო მთავარი მტკიცებულებები, რომლებსაც ბრალდება ემყარებოდა.
დაცვის მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს განაჩენი. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, სათადარიგო მოსამართლედ დანიშვნა მოსამართლეს არ აკისრებდა მტკიცებულების ხელახლა მოსმენის ვალდებულებას.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „მოსამართლეს არ ჰქონდა მოწმეთა განცხადებების და ქცევების პირდაპირი შეფასების შესაძლებლობა, რითაც მას არ მიეცა საშუალება, შეჰქმნოდა შთაბეჭდილება მათ სანდოობაზე და შეუმცირა შესაძლებლობა, სათანადოდ აღექვა განმცხადებლის არგუმენტები და მტკიცებულებები“ (სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ, #35). სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში მოწმეთა დაკითხვის ოქმების ხელმისაწვდომობა ვერ იქნება უშუალობის პრინციპის ნაკლებობის კომპენსაცია (სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ, #37).
როგორც ევროპული სასამართლო მიიჩნევს, სასამართლოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება იმთავითვე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას არ ნიშნავს, თუკი სათანადო სამართლებრივი გარანტიები უზრუნველყოფს მოსამართლის ინფორმირებულობას საქმის გარემოებების შესახებ.

იყენებს თუ არა სათადარიგო მოსამართლის ინსტიტუტს სასამართლო სისტემა?

2023 წლის 22 მაისს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო უფლებამოსილება შეუწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ლიანა ორკოდაშვილს. საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით ხსენებული მოსამართლეების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სათადარიგო მოსამართლე არ დანიშნულა. 

ჩვენ წერილით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად ამ სასამართლოში, რამდენჯერ დაინიშნა სათადარიგო მოსამართლე სისხლის სამართლის საქმეზე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, მაგრამ სასამართლოს ინფორმაცია არ მოუწოდებია. 

სისხლის სამართლის საპროცესო ნორმა არ არის საკმარისად ცხადი და არ განსაზღვრავს სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის დაწვრილებით წესს, მათ შორის დანიშვნის საფუძვლებსა და დანიშვნის დროსთან დაკავშირებით. კანონი აღნიშნულ საკითხს სასამართლოს თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიაკუთვნებს. იგი არ ითვალისწინებს იმგვარ ვალდებულებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი ასპექტის - უშუალობის პრინციპის დაცვას, რაც გულისხმობს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას იმ მოსამართლის მიერ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე უშუალოდ ისმენდა მხარეთა პოზიციებს და ესწრებოდა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესს.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე