როგორ (არ) იზომება მოსამართლის კეთილსინდისიერება?  

09.08.2022

მოსამართლის დანიშვნის აუცილებელი წინაპირობა

„არ არსებობს კეთილსინდისიერების ხარისხი. კეთილსინდისიერება აბსოლუტურია. სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლისთვის  კეთილსინდისიერება  უფრო მეტია, ვიდრე მისი სათნოება. ის აუცილებლობაა“, – მოსამართლეთა სამოსამართლო საქმიანობისას, და მის მიღმა, მისი „კეთილსინდისიერების“ იმპერატივს ადგენს „მოსამართლეთა ქცევის შესახებ“ ბანგალორის პრინციპები.

5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორგანული კანონის მიხედვით,  საქართველოში მოსამართლის დანიშვნის აუცილებელი წინაპირობა მისი კეთილსინდისიერებაა. სტატიაში განვიხილავთ მოსამართლის კეთილსინდისიერების, როგორც საკვანძო ღირებულების გათვალისწინების საკითხს, კანდიდატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

საქართველოში სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატის კეთილსინდისიერება ფასდება შემდეგი მახასიათებლებით:

ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა;
დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია. 

რას გულისხმობს თითოეული მათგანი?

ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი:  გულისხმობს პირის, როგორც მოქალაქის, პატიოსნებას, კეთილსინდისიერებას მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამის შეგნებას, გამჭვირვალობას, კორექტულობასა და სიზუსტეს სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ისეთი ვალდებულებების შესრულებისას, როგორიცაა: ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ბანკის ან სხვა ვალის გადახდა, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა და სხვა.

ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა: ამ მახასიათებლით შეფასებისას ითვალისწინებენ კანდიდატის პრინციპულობას, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, ზეგავლენის მიმართ მედეგობას, პიროვნული სიმტკიცესა და შეუვალობას.

გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა: ფასდება კანდიდატის კორექტულობა კოლეგებსა და სხვა პირებთან  ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, ემოციების მართვის უნარი, სასამართლოში წარმართული დავა, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც მხარე, ასევე – არსებობდა თუ არა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდება.

დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია: გულისხმობს კანდიდატის საქმიან და მორალურ რეპუტაციას, იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში მის ავტორიტეტს, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათს და სხვა.

სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატის შეფასება:

სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატის კეთილსინდისიერება ფასდება ყველა იმ მახასიათებლით, რომლებიც გათვალისწინებულია სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატისთვის. განსხვავება ისაა, რომ სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატის პიროვნული და პროფესიული ქცევის შეფასებისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს ემატება კანდიდატის მიერ სამოსამართლო ეთიკის დაცვა და ქცევა მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

აგრეთვე, ძირითადი  მახასიათებლების ჩამონათვალს, სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატთან მიმართებით, ემატება  „ფინანსური ვალდებულებები“. ამ მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას, ითვალისწინებენ  ინფორმაციას მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ. ამ მახასიათებლის შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მოსამართლის ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსამართლის მიუკერძოებლობას.

სამი სახის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა

კანდიდატებთან გასაუბრების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თითოეული წევრი დამოუკიდებლად ავსებს შეფასების ფურცელს, რაც გულისხმობს 3 შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის მონიშვნას. შეფასების შედეგებს აჯამებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საბჭოს გამოაქვს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:

  1. პირი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
  2. პირი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
  3. პირი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

თუ საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ კანდიდატი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ის  გამოეთიშება კონკურსს.  კონკურსის მონაწილე გადადის შემდეგ (კენჭისყრის) ეტაპზე, ორივე შემთხვევაში: თუ საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ კონკურსის მონაწილე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

ორგანული კანონი არ განმარტავს, რით განსხვავდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს იმ პირისგან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვა: სად გადის ზღვარი კეთილსინდისიერების კრიტერიუმთან შესაბამისობის ამ ორ კატეგორიას შორის? 

საბჭოს წევრებს არ აკისრიათ რაიმე ვალდებულება, დაასაბუთონ, თუ რატომ მიიჩნიეს ერთი კანდიდატი კეთილსინდისიერად, ხოლო მეორე - სრულად კეთილსინდისიერად.

გარდა იმისა, რომ ბუნდოვანია ამ ორი კატეგორიის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, გაუგებარია თვითონ ამ კატეგორიების არსებობის მიზანი: გაურკვეველია, რას ემსახურება კანდიდატთა ამგვარი დიფერენცირება, თუკი  ორივე გადაწყვეტილება ერთნაირ სამართლებრივ შედეგს წარმოშობს.  

მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება ფასდება სპეციალური შეფასების ფურცლის საშუალებით, რომლის ფრაგმენტსაც თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ. 

როგორც ზემოთ აღვწერეთ, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატის კეთილსინდისიერების შეფასების კრიტერიუმი მოიცავს ოთხ მახასიათებელს, სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატისა - ხუთს. თითოეული მახასიათებელი, თავის მხრივ, მოიცავს სამოსამართლო საქმიანობისთვის აუცილებელ პრინციპებს, ერთობლივად - 20-ზე მეტ ფუნდამენტურ პრინციპს,  თუმცა არც ერთი მათგანი არ არის მითითებული საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეფასების ფორმაში. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მახასიათებლებს შორის გარკვეული განსხვავება არსებობს, შეფასების ფორმა, ამ ნაწილში, იდენტურია სამოსამართლო გამოცდილების მქონე და არმქონე კანდიდატებისათვის.  

ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მივიდა შემფასებელი საბოლოო დასკვნამდე,   შეფასების ფურცლიდან არ იკითხება. კერძოდ, კანდიდატის რომელი პიროვნული თვისება შეაფასა დადებითად ან უარყოფითად?  რომელ პრინციპს არ იცავს კანდიდატი, მისი შეფასებით?   და ა.შ.

კორუფციის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს  სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO-ს) რეკომენდაცია საქართველოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ  გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თითოეული გადაწყვეტილება მიიღოს:

ა) „ნათელი და ობიექტური, წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების საფუძველზე“;
ბ) „გამჭვირვალე პროცედურით“;
გ) „მიზეზების წერილობით მითითებით“.

მიუხედავად ამისა მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერების შეფასება ვერ პასუხობს ამ სტანდარტებს.

„საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, როგორ შეირჩევიან მისი  მოსამართლეები“ (ENCJ)

„კეთილსინდისიერება“, როგორც მართლმსაჯულებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი  ღირებულება, აღიარებულია  საქართველოს კანონმდებლობით და ის, როგორც მოსამართლის შერჩევის საბაზისო კრიტერიუმი და მისი მახასიათებლები, განსაზღვრულია ორგანული კანონით.

  • მაგრამ! ჩვენ არ  ვიცით, მოსამართლეობის წარმატებულ კანდიდატთა ნაწილი რატომ მიიჩნევა სრულად კეთილსინდისიერად და ნაწილი - მხოლოდ  კეთილსინდისიერად. 
  • ჩვენ არ ვიცით, როგორ დაადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომ  კანდიდატები, რომლებიც ვერ გახდნენ მოსამართლეები, არ იყვნენ კეთილსინდისიერები.
  • დაბოლოს! ჩვენ არ ვიცით, როგორ დაადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომ მოსამართლეები, რომლებიც ჩვენს ბედს განაგებენ, არიან კეთილსინდისიერები.

  

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

 

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე