სასამართლო ხელისუფლება საქართველოში

15.03.2024

ხელისუფლების დანაწილების სისტემაში სასამართლოს განსაკუთრებული როლი აქვს. სასამართლო არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები სასამართლოსთვის მიმართვის გზით ცდილობენ შელახული უფლების აღდგენასა და თავიანთი უფლებებით ეფექტიანად სარგებლობას.  

განსჯადობის მიხედვით სასამართლოები იყოფა საერთო იურისდიქციის (საერთო სასამართლოები) და სპეციალიზებულ სასამართლოებად. საერთო სასამართლოები, რომლებსაც იერარქიული სტრუქტურა ახასიათებთ, განიხილავენ როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო ტიპის დავებს. აგრეთვე, თუ სახელმწიფოს არ აქვს ცალკე ადმინისტრაციული სასამართლო სისტემა, ადმინისტრაციული დავების განხილვაც საერთო სასამართლოებს უწევთ. სპეციალიზებული სასამართლოები განიხილავენ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ სასამართლო საქმეებს – მაგ. ქვეყნის კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს შრომის, საოჯახო, საგადასახადო, არასრულწლოვანთა და ა.შ სასამართლოებს (დ. გეგენავა. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, 2016 წ., გვ. 277). 

საქართველოში მოქმედებს საერთო იურისდიქციის სასამართლოების მოდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები განიხილავენ სამივე ტიპის დავას (ადმინისტრაციული ტიპის დავებსაც, რადგან ეროვნულ დონეზე არ არსებობს ადმინისტრაციული სასამართლო სისტემა). 

საქართველოში სისხლის სამართლის განსჯადია ის საქმეები, რომლებიც ეხება იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც დასჯას ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას განსაზღვრავს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“.

სამოქალაქო სამართლის განსჯად საქმეებს განეკუთვნება კერძო ხასიათის ქონებრივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობებთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები.

ადმინისტრაციული სამართლის განსჯადი საქმეები, ძირითადად, ეხება ინდივიდისა და ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს.  

საერთო სასამართლოები

საქართველოების სისტემა საქართველოში სამსაფეხურიანია: 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოები 2. სააპელაციო სასამართლოები 3. უზენაესი (საკასაციო) სასამართლო.

საქართველოში სულ 69 სასამართლოა. აქედან, 26 – რაიონული (საქალაქო), 40 – მაგისტრატი, 2 – სააპელაციო და 1 უმაღლესი ინსტანციის, უზენაესი სასამართლო. ამჟამად (25.03.2024 მონაცემით) საქართველოში სამოსამართლო უფლებამოსილებას 332 მოსამართლე ახორციელებს.

I ინსტანცია

პირველი ინსტანციის სასამართლოებს განეკუთვნება რაიონული (საქალაქო) სასამართლოები. რაიონული სასამართლოები შექმნილია მუნიციპალიტეტებში, ხოლო საქალაქო სასამართლოები – თვითმმართველ ქალაქებში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შედიან მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე არის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 

„საერთო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიძლება შეიქმნას მოსამართლეთა სპეციალიზაციები ან სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები. მაგ, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში გამოიყოფა შემეგი ვიწრო სპეციალიზაციები: სანივთო სმართველბრივი, საოჯახო სამართლებრივი, სამემკვიდრეო დავები, უდავო წარმოების საქმეები, კომერციული დავები და ა.შ.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეები განიხილება ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეგიურად, 3 მოსამართლის მონაწილეობით.

II ინსტანცია

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში სულ არის ორი სააპელაციო სასამართლო - თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები. აღმოსავლეთ საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში სასამართლო საქმეებს განიხილავს - თბილისის სააპელაციო სასამართლო, დასავლეთ საქართველოს იურისდიქციას განკუთვნილ სასამართლო საქმეებს კი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.  

სააპელაციო სასამართლოებში შექმნილია სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა პალატები, ასევე, საგამოძიებო კოლეგია.

სასამართლო საქმეებს სააპელაციო წესით, ძირითადად, 3 მოსამართლე განიხილავს. თუმცა,  გარკვეული კატეგორიის საქმეების განხილვა შეიძლება ერთპიროვნულადაც მოხდეს. მაგალითად, სააპელაციო სასამართოში მოსამართლემ ერთპიროვნულად შეიძლება განიხილოს ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს,  აგრეთვე, შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები და ა.შ.
 

III ინსტანცია

საქართველოს უზენაესი სასამართლო (საკასაციო სასამართლო) არის საქართველოში უმაღლესი სასამართლო ინსტანცია.

უზენაესი სასამართლოს პალატა საქმეს, ძირითადად, განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმე უნდა განიხილოს დიდმა პალატამ, საქმეს განიხილავს 9 მოსამართლე.

უზენაეს სასამართლოში სასამართლო საქმეებს განიხილავს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პლენუმი, სადისციპლინო პალატა და საკვალიფიკაციო პალატა. 

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

საერთო სასამართლოების მოსამართლეები

საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი, უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საერთო სასამართლოს მოსამართლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ორგანული კანონით.  

საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლე შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირი რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესდება 3 წლის გამოსაცდელი ვადით, რომლის გასვლის შემდგომ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი უვადოდ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. 

საკონსტიტუციო კონტროლი

ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლის ორი მოდელი არსებობს:  

1. დიფუზიური, რაც ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების განხორციელებას.  

2. კონცენტრირებული, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება გამოცალკევებულია საერთო სასამართლოების განსჯად საქმეებისგან და, შესაბამისად, საკონსტიტუციო კონტროლს ცალკე ორგანო ახორციელებს. 

საქართველოში მოქმედებს საკონსტიტუციო კონტროლის კონცენტრირებული მოდელი, რასაც ახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი ძირითადი უფლებამოსილებაა ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა. ამ მხრივ ის შეგვიძლია, ე.წ. „ნეგატიურ კანონმდებლად“ მივიჩნიოთ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმატიულ სამართლებრივი აქტი, ცალკეული ნორმა, ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო, ნორმატიული აქტის მიმღები ორგანო ვალდებულია, ცვლილებები განახორციელოს ან საერთოდ გააუქმოს აღნიშნული აქტი, ნორმა, თუ ნორმატიული შინაარსი. ნორმატიული აქტის ძირითად უფლებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიმართოს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა. აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს სახალახო დამცველს, სასამართლოს თავისი წარდგინების ფარგლებში, მთავრობას, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედს. 

გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • იხილავს დავას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;
  • იხილავს საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სარჩელის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს;
  • საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს;
  • პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს;
  • იხილავს რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას, კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;
  • ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 


საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან: 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; 3 მოსამართლეს ირჩევს პარლამენტი, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით; ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა. 

საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

 

ავტორი: ანა ჩიქოვანი