საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში, რომელიც აფასებს ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათ შორის მოიცავს მართლმსაჯულების კუთხით არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ისეთ საკითხებზე როგორიც არის:
ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია იმ 9 პირობის შესახებ, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის 2023 წლის ნოემბერში განსაზღვრა და რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ უნდა შეასრულოს.
სასამართლოსთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის, განსაკუთრებით კი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ჰოლისტიკური და ეფექტიანი რეფორმის, ასევე, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საფუძვლიანი და სისტემური შემოწმების საჭიროებაზე, ვენეციის კომისიის და ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად.
სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს:
„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციითა და კანონით უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში ხელისუფლება არ იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. მოსამართლეები მოწყვლადი იყვნენ სასამართლო სისტემის შიგნიდან თუ გარედან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის მიმართ, იმ საქმეებში, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ან ინდივიდებს ეხებოდა. მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, კვლავ დაბალი რჩება ნდობა იმისა, რომ სასამართლო თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან არასათანადო გავლენებისგან.“
რაც შეეხება მოსამართლეების დამოუკიდებლობას, მითითებულია, რომ ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა შესუსტებულია იმ ბერკეტების მეშვეობით, რომლებსაც, უპირველესად, სასამართლოში ხელისუფლების ინტერესებით მოქმედი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (წოდებული, როგორც „კლანი“) ფლობს.
ამგვარ ბერკეტებად დასახელებულია:
„სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიშში აგრეთვე მითითებულია, რომ ადგილი აქვს მოსამართლეთა როტაციას სასამართლოს თავმჯდომარის ან პალატების/კოლეგიების თავმჯდომარეების თანამდებობაზე, „რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარეთა პოზიციას მხოლოდ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფს ანდობს.“ ამ მხრივ გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების და კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების საქმეთა დატვირთულობის მაჩვენებელი, რიგით მოსამართლეებთან შედარებით, ბევრად დაბალია. ამგვარი დისბალანსის არსებობაზე მითითებულია ანგარიშშიც, რომელიც მოიხმობს სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებს საქმეთა განაწილების შესახებ: „საქმეთა 38% არ ექვემდებარება შემთხვევით, ელექტრონული წესით განაწილებას და ამის მაგივრად სასამართლოს თავმჯდომარეების მიერ ნაწილდება კონკრეტულ მოსამართლეებზე, რაც ქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის და თვითნებური გადაწყვეტილებების რისკს.“
სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა იმ გამოწვევებს შორის, რაც სასამართლოს სისტემაში მრავალია წელია არსებობს. მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე ისეთი ცალკეული პოზიტიური ცვლილებებისა როგორიცაა: მოსამართლეთა დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დასაბუთება, სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამ კუთხით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ნაკლებობა კვლავ მოუგვარებელ საკითხთა შორისაა, რაც „ზიანს აყენებს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.“
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სასამართლოში სავარაუდო კორუფციაზე და მითითებულია, რომ „კლანის“ გავლენიანი წევრების კორუფციაზე დამაჯერებელი ბრალდებები (Credible allegations) არსებობს. გამომძიებელი ჟურნალისტები ხაზს უსვამდნენ სასამართლოში კორუფციის არსებობას, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეთა დაუსაბუთებელ შემოსავლებთან. აგრეთვე აღნიშნულია რომ „გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ზოგიერთმა, ყველაზე გავლენიანმა მოსამართლემ ან მთელი ქონების სრული დეკლარირება არ მოახდინა, ან მიუთითა აქტივები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ დეკლარირებულ შემოსავალს.“
საქმეთა განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია , რომ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ამ პრობლემის ერთ-ერთ ძირითადად მიზეზად მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ მართლაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება სასამართლოში არსებულ შეუვსებელ ვაკანსიებზე და საბჭოს ვალდებულებაზე, გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები საჭირო რაოდენობის მოსამართლეებით სასამართლოს დაკომპლექტებისათვის.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებული საკითხებზე დიდი ხანია საუბრობენ როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ისე ცალკეული მოსამართლეები და ადვოკატები, თუმცა აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად სისტემური ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა, მათ შორის, უპირველესად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი და საფუძვლიანი რეფორმირება ევროკომისიის 9 ნაბიჯის ფარგლებში განსაზღვრული ვალდებულებაა, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.