იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც სრულის შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
შემადგენლობა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედის 15 წევრი – მათგან 9 მოსამართლეა, 6 არამოსამართლე წევრი.
მოსამართლე წევრები
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში და არის მუდმივი წევრი (Ex Officio).
8 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე 4 წლის ვადით ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს:
- მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით დანიშნული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება აქვს)
- უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი
- უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი
გარდა ამისა, იზღუდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში სასამართლოს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პირთა რაოდენობა. კერძოდ – მოსამართლე წევრების ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს: სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, სასამართლოს პალატის/კოლეგიის თავმჯდომარე.
არამოსამართლე წევრები
5 წევრი საქართველოს პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის 3/5 -ის უმრავლესობით არის არჩეული.
ერთი წევრი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკურსის საფუძველზე დანიშნული პირია.
პარლამენტის მიერ ასარჩევი/პრეზიდენტის მიერ დასანიშნი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ:
- საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორები/მკვლევრები;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები; ან/და
- იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს მიერ წარდგენილი პირები, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოში.
თითოეული მათგანი უფლებამოსილია, პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა, ხოლო პრეზიდენტს –არაუმეტეს 1 კანდიდატურისა, რომელთა შორის არ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, მოსამართლე ან პროკურორი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი.
თავმჯდომარე
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით (მაგრამ არა უმეტეს მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადისა), სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/5-ს. წარდგენილ კანდიდატებს ერთიანად ეყრებათ კენჭი. თუ თავმჯდომარე ვერ იქნება არჩეული, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა არჩევის პროცედურა ხელახლა იმართება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ – იწვევს საბჭოს სხდომებს. საბჭოს სხდომა ასევე თავმჯდომარის დავალებით შეიძლება მოიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა. სხდომებს თავმჯდომარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
მდივანი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრთა შემადგენლობიდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, ასევე სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის უფლებამოსილების განხორციელება ხდება ანაზღაურების გარეშე, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებასთან ერთად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა (სამსახურში მიღება) და თანამდებობიდან გათავისუფლება (სამსახურიდან დათხოვნა), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მომზადება და სხვ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება 4 წელია. ახალი წევრი უნდა აირჩეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 30 კალენდარული დღისა. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უადრეს 10 კალენდარული დღისა.
პარლამენტის კვოტით ასარჩევი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კონკურსი ცხადდება საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 3 თვისა და არა უგვიანეს 2 თვისა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, ახალი წევრის ასარჩევად კონკურსი ცხადდება უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 1 თვისა. კანონი კრძალავს 3-თვიან პერიოდში საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევას.
საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ნიშნავს საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 1 თვისა და არა უგვიანეს 1 კვირისა. კანდიდატურები პრეზიდენტს წარედგინება საბჭოს წევრის უფლებამოსილების ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 1 თვისა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს სხვა რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან რაიმე ფორმით ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულ პირს უფლება აქვს, ეწეოდეს მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ეკრძალება, იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
გადაწყვეტილების მიღების წესი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის გადაწყვეტილებებს. საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი არის განკარგულება, ხოლო ნორმატიული აქტი – დადგენილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, წერილობით დაასაბუთოს მის მიერ მიღებული განკარგულება, სადაც მითითებული უნდა იყოს ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს განკარგულება. იმ პირს, რომლის ინტერესებზეც უშუალოდ გავლენას ახდენს საბჭოს განკარგულება, უფლება აქვს, აღნიშნული განკარგულების მიღებამდე თავისი მოსაზრება წერილობით წარუდგინოს საბჭოს.
იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილოს საკითხი, მის სხდომას უნდა ესწრებოდეს საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
მოსამართლეთა დანიშვნის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს არანაკლებ სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ხოლო სადისციპლინო საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - უფლებამოსილებები
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალზედ ფართო უფლებამოსილების მქონე ორგანოა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
1. თანამდებობაზე ნიშნავს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს;
2. შეარჩევს და პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს;
3. თანამდებობაზე ნიშნავს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს;
4. თანამდებობაზე ნიშნავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიების, სააპელაციო სასამართლოს პალატების და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს;
5. იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებასთან, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემასთან ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით
6. იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებასთან დაკავშირებით;
7. განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას;
8. განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას;
9. თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს;
10. თანამდებობაზე ნიშნავს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;
11. იღებს გადაწყვეტილებას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიების შექმნის და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
12. განსაზღვრავს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციას რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში;
13. განსაზღვრავს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმებს;
14. იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა წახალისების შესახებ;
15. თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს და 4 წევრს;
16. განსაზღვრავს მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორიას და რაოდენობას;
17. განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს;
18. მიმართავს სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილების თაობაზე;
19. განსაზღვრავს საქალაქო (რაიონულ) და სააპელაციო სასამართლოში აპარატის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესს;
20. თანამდებობაზე ნიშნავს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის საგამოცდო კომისიის წევრებს;
21. იღებს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით;
22. იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს მოსამართლესთან პირის აკრძალული ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში;
23. ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამებს;
24. განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობას;
25. იღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო და საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ;
26. განსაზღვრავს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში აპარატის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესს.
27. განსაზღვრავს საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს დანამატს და სხვ.
უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუწყდება უფლებამოსილება:
- პირადი განცხადებით;
- მისივე თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან არჩევის დროს;
- სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში;
- მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
- საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
- წელიწადის განმავლობაში 4 თვეზე მეტი დროით უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის საფუძველზე;
- მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას;
- შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში;
- არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ წევრად არჩევის ან დანიშვნის დროს;
- გარდაცვალების შემთხვევაში.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.