უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას ერთი პირი გამოაკლდა

19.03.2024

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატად რეგისტრირებულმა პირებმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან ერთად უნდა წარადგინონ ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ პროცესში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2024 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდი.

მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის ერთ-ერთი კანდიდატის, ხატია ჯავახიშვილის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, ასევე არ იძებნება ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, მოხსნა თუ არა კანდიდატურა ხატია ჯავახიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობა კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობაა. შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, ხატია ჯავახიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვეღარ იქნება და მისი რეგისტრაცია უქმდება.

აღსანიშნავია, რომ ხატია ჯავახიშვილი მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაკავშირებული პირია, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი, ვანო ბოლქვაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორია. გარდა ამისა, ხატია ჯავახიშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კონსულტანტია 2018 წლიდან, მანამდე კი მუშაობდა  თბილისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროს კონსულტანტად. 

რა ხდებოდა ხატია ჯავახიშვილის კანდიდატად რეგისტრაციის დროს, ვიდრე ის კანდიდატების სიას გამოაკლდებოდა?

2024 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დარეგისტრირების საკითხის განხილვისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაირკვა, რომ ხატია ჯავახიშვილს მის მიერ მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტები წარდგენილი არ ჰქონია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განმარტებით, სამართლებრივი დოკუმენტები შეიძლება არ ჰქონდეს კანდიდატს ან ვერ შეძლოს მისი წარდგენა, გარკვეული შეზღუდვების გამო. საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის განმარტებით, სამართლებრივი დოკუმენტების წარუდგენლობა არ უნდა გახდეს დაბრკოლება და მის გარეშე კანდიდატის დარეგისტრირება მაინც შესაძლებელია. შესაბამისად, 2024 წლის 22 თებერვალს ხატია ჯავახიშვილი კანდიდატად დაარეგისტრირა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

ამავე თემაზე გაეცანით განახლებად ინფორმაციას: როგორ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა 2024 წელს

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი