სამი კონკურსი უზენაეს სასამართლოში

02.05.2025
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის 30 და 31 დეკემბერს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ერთი კონკურსის გამოცხადების საფუძველი გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის შალვა თადუმაძის გადადგომა, ხოლო მეორე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნუგზარ სხირტლაძის საპენსიო ასაკის მიღწევას უკავშირდება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად 5 თებერვალს დაარეგისტრირა 30 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები, ხოლო 7 თებერვალს – 31 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები.
უზენაესი სასამართლოს ორივე ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში კანდიდატებად ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ რეგისტრირებული. გამონაკლისი მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო – კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მხოლოდ ერთ შესარჩევ პროცესშია იყო  კანდიდატად რეგისტრირებული. 

9 რეგისტრირებულიდან 8 კანდიდატი სასამართლო სისტემის თანამდებობის პირია: კერძოდ: ერთი – მოსამართლე და ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ექვსი –  მოსამართლე, ერთი კი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, არც აღნიშნულ შემთხვევაში შეცვლილა ტენდენცია, როცა სამოსამართლო კონკურსში მეტწილად ისევ სასამართლო სისტემაში მყოფი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. 
კანდიდატად რეგისტრირებული პირები არიან:

  1. დიმიტრი გვრიტიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2017 წლიდან დანიშნულია უვადოდ;
  2. ივერი აბაშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2021 წლიდან დანიშნულია უვადოდ;
  3. ლაშა თავართქილაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლიდან დანიშნულია უვადოდ;
  4. ლიანა კაჟაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2024 წლიდან დანიშნულია უვადოდ;
  5. არჩილ კოჭლამაზაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2023 წლიდან დანიშნულია უვადოდ;
  6. ეკატერინე კულულაშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2018 წლიდან დანიშნულია უვადოდ;
  7. მიხეილ ჯინჯოლია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2022 წლიდან დანიშნულია 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
  8. ლევან ნემსაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2023 წლიდან;
  9. პაატა შავაძე – ადვოკატი; სისხლის სამართლის აჭარის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელი. 

კანდიდატებთან გასაუბრება მარტსა და აპრილში მიმდინარეობდა.

10 აპრილს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კიდევ ერთი პროცესი დაიწყო, რომლის გამოცხადების საფუძველი გახდა 3 აპრილს რევაზ ნადარაიას მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დატოვება, რადგან ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. განაცხადების მიღების ვადად 14 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდი განისაზღვრა. 
15 აპრილს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა განკარგულება, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად 30 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში პარლამენტს წარუდგინა არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა. 
არჩილ კოჭლამაზაშვილი 2006-2015 წლებში მანდატურად მუშაობდა ჯერ – თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 2015 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტად დაინიშნა. 2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 2023 წლიდან მოსამართლედ დანიშნულია უვადოდ. 



ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე