ლევან მიქაბერიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნდა

06.05.2025

3 მაისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა 34-ე რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციამ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებისა და აქტივისტების საპროტესტო შეძახილების ფონზე ჩაიარა.

რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების ერთერთი საფუძველი იყო რევაზ ნადარაიას მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვება, რადგან ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა.

რევაზ ნადარაიას ნაცვლად მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ლევან მიქაბერიძე აირჩია.

მიქაბერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს. ის აღნიშნულ თანამდებობას 2021-2024 წლებში იკავებდა.

ლევან მიქაბერიძე მოსამართლედ 2013 წელს დაინიშნა და 2016 წლამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2019 წლებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ივლისიდან უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. ამავე წლის დეკემბრიდან კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

2024 წელს მიქაბერიძე ქონების დამალვაში ამხილეს, მან 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მეუღლის საკუთრებაში არსებული 2 უძრავი ქონება არ მიუთითა. კერძოდ: ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით მიქაბერიძის მეუღლე, ზეინაბ ჭელიძე ფლობს

  1. 984 კვ. მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ სახლს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
  2. 520 კვ. მ მიწის ნაკვეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

აღნიშნული ქონება მიქაბერიძის მიერ 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ ასახულა.

ლევან მიქაბერიძე როგორც სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წევრი, ერთ-ერთი პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად ქცევასა და პოლიტიკური მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაზე.

 

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე