სასამართლოს მიერ მტკიცებულების მოპოვების დავალება შსს-სთვის - პროევროპულ აქციაზე დაკავებული პირთა საქმეები

03.05.2025
სასამართლო განხილვის დროს მოსამართლეს თითქმის არცერთ შემთხვევაში არ დაუვალებია მხარისთვის ვიდეო-მტკიცებულების წარმოდგენა.

ანტიდასავლური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს საქართველოს ხელისუფლება უკვე თვეებია სდევნის. მათ წინააღმდეგ ბრძოლა გამოიხატება საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებებით, ან/და დაჯარიმებით. აღნიშნულს წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. 

სასამართლოს გუშაგი თვეების განმავლობაში აკვირდებოდა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს. დაკვირვების შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო არ არის/ ნაკლებად არის დაინტერესებული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისთვის დაავალოს მხარეს მეტი უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა. სასამართლოს გუშაგის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 224 სხდომიდან მხოლოდ ერთ სხდომაზე დაავალა მოსამართლემ შსს-ს წარმოედგინა ვიდეო მტკიცებულება საქმეში. 

ვიდეო მტკიცებულების წარდგენა შესაძლოა იყოს გადამწყვეტი - სამართალდარღვევის ჩადენის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით. მითუმეტეს კი, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ სპეციალური სამხრე კამერები, შესაბამისად, თუ არა ყველა საქმეში, უმეტესობა მათგანში მაინც უნდა არსებობდეს სამხრე კამერების ჩანაწერები, თუმცა არსებული რეალობა სხვაგვარია, კერძოდ, მხოლოდ:

  • 4- შემთხვევაში გადადო სხდომა მტკიცებულების სახით ვიდეო ჩანაწერის მოსაპოვებლად, გასაანალიზებლად;
  • 6 - შემთხვევაში თავად მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მხარის (ყველა შემთხვევაში მოპასუხის) შუამდგომლობა ვიდეო მტკიცებულების დართვის/გამოთხოვის თაობაზე;
  • 32 - შემთხვევაში შსს-მ წარადგინა ვიდეო მტკიცებულება, დამკვირვებლის განმარტებით თითქმის არცერთ (გარდა ორი გამონაკლისისა) ვიდეო მტკიცებულებაზე არ იყო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ასახული. თუმცა, ამის მიუხედავად თითქმის ყველა ამ საქმეზე, რომელიც გადაწყვეტილების მიღებით დასრულდა. მოსამართლემ პირი სამართალდამრღვევად ცნო, (მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეწყვიტა საქმის წარმოება) რაც იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მოსამართლე მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ამ ვიდეო მტკიცებულებებსაც დაეყრდნო, როგორც სამართალდარღვევის ფაქტის დამოწმების საშუალებას, მიუხედავად იმისა რეალურად მოწმობდა თუ არა ვიდეომტკიცებულება აღნიშნულს.
  • 13 - შემთხვევაში მოპასუხემ მხარემ წარადგინა ვიდეო მტკიცებულება, რომელშიც ასახულია რომ პირს რეალურად სამართალდარღვევა არ ჩაუდენია ან/და დაკითხული მოწმეების ჩვენებებს ეწინააღმდეგება, უცნობია რამდენად დაეყრდნო ამ მტკიცებულებას მოსამართლე, მაგრამ ყველა ამ საქმეზე პირი სამართალდამრღვევად ცნო, (ან გადაიდო საქმის განხილვა) რაც გვაფიქრებინებს რომ ეს მტკიცებულება მოსამართლეს მხედველობაში არ მიუღია.
  • 2 - შემთხვევაში შსს-მ წარმოადგინა ვიდეო მტკიცებულება, რომელსაც მოპასუხე მხარეც დაეთანხმა და აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი;
  • მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში დაავალა სასამართლომ შსს-ს ვიდეო მტკიცებულება წარმოედგინა შემდეგ სხდომაზე, რითაც დადგინდებოდა პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა, რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი