საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების გამო დეკემბერში რეგულაციები გაამკაცრა. ერთ-ერთი გამკაცრებული რეგულაცია, რომელიც პროტესტის მონაწილეების დიდ ნაწილს შეეხო, გზის გადაკეტვისთვის დაწესებული ჯარიმაა, რომელიც დეკემბრის ცვლილებამდე 500 ლარს შეადგენდა და 5 000 ლარი გახდა. მართალია, კანონმდებლობა მოსამართლეს სახდელისგან გათავისუფლების ან, თუნდაც, პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, რაც, ჯარიმის ოდენობიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში შეიძლება უკეთესი გამოსავალიც იყოს, თუმცა მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს მაინც 5 000 ლარის ოდენობით აჯარიმებენ.
კანონში განხორციელებული ცვლილება რეპრესიულ ხასიათზე მოწმობს ის, რომ მისი გადახდა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შეადგენს 2217.5 ლარს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია ჯარიმის ოდენობაზე. საინტერესოა იმ პრაქტიკისა და კანონმდებლობის მიმოხილვა, რომელიც ევროპის ქვეყნებში მსგავს სამართალდარღვევებს არეგულირებს.
2023 წელს გერმანიაში 63 კლიმატის აქტივისტი, რომელმაც გზა გადაკეტა, ჯამურად დაჯარიმდა 7, 2000 ევროთი. თითოეული აქტივისტის ჯარიმა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად შეუშალა კონკრეტულმა პირმა ხელი სატრანსპორტო მოძრაობას.
უნდა აღინიშნოს ისიც, თუ რას შეადგენდა 2023 წელს გერმანიის საშუალო თვიური შემოსავალი. კერძოდ, საშუალო თვიური შემოსავალი აღნიშნულ წელს შეადგენდა 3.796 ევროს, რაც 63 კლიმატ აქტივისტისგან 7, 2000 ევროს გადახდას სრულიად შესაძლებელს ხდის.
2024 წელს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში პროკურატურამ სამანქანო გზის ბლოკირებისთვის აქტივისტები 200 ევროს ოდენობით დააჯარიმა.
2024 წლის მონაცემებით, ნიდერლანდებში საშუალო თვიური შემოსავალი 3,666 ევროს შეადგენდა, რაც აქტივისტების მიერ ჯარიმის გადახდას სრულიად შესაძლებელს ხდის.
საფრანგეთის სასამართლომ 2019 წელს 2000 ევროთი დააჯარიმა პირი, რომელსაც ადანაშაულებდნენ კანონსაწინააღმდეგო დემონსტრაციისთვის. 2000 ევროდან 500 ევროს ჯარიმა პირს დაეკისრა იმის გამო, რომ სასამართლომ ის ორგანიზატორად ცნო. ჯარიმა მსგავსი ტიპის დარღვევებისთვის საფრანგეთში, მაქსიმუმ, 7,500 ევროს შეადგენდა.
2019 წელის მონაცემების მიხედვით, საფრანგეთში საშუალო თვიური შემოსავალი 3 180 ევროს შეადგენდა, რაც პირის მიერ ჯარიმის გადახდას შესაძლებელს ხდიდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებით, ფრანგული კანონმდებლობა მოსამართლეს მეტი ლავირების საშუალებას აძლევს - არა ჯარიმის კონკრეტულ რაოდენობას განსაზღვრავს , არამედ, აწესებს მაქსიმუმ ზღვარს 7, 5000 ევროს ოდენობით.
სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ გზის გადაკეტვისთვის ჯარიმის შემფარდებელი ორგანოს მიერ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა ხშირად შესაბამისობაშია ისეთ ზოგად მონაცემთან, როგორიც ქვეყანაში მცხოვრები პირის საშუალო თვიური შემოსავალია. აღნიშნულს თითქმის ვერასდროს ვხდებით ქართულ რეალობაში, რაც რეპრესიულ ხასიათზე მიუთითებს.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.