ანტიდასავლურ რეჟიმთან ბრძოლის მორიგი მსხვერპლი – დავით გუმბარიძის საქმე

03.05.2025
მოსამართლე ნინო ენუქიძემ, 2025 წლის 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა შსს-ს ოქმი დავით გუმბარიძის მიერ გზის უკანონოდ გადაკეტვის შესახებ.

ოქმის შემდგენი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წარმომადგენელი ითხოვდა დავით გუმბარიძის სამართალდამრღვევად ცნობას, კერძოდ, მის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენას.

ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კერძოდ, ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბრამდე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​1“ და „ა​2“ ქვეპუნქტებისა) და 11​​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის ჩანაწერი) იწვევდა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარით, თუმცა 2024 წლის დეკემბრიდან ეს თანხა 10-ჯერ გაიზარდა და იგივე ქმედება უკვე პირის 5000 ლარით დაჯარიმებას იწვევს. შსს დავით გუმბარიძეს სწორედ ზემოთ მითითებულ ქმედებაში ედავებოდა 2025 წლის 8 იანვრის ფაქტზე.

პროცესის მიმდინარეობის აღწერა

შსს-ს წარმომადგენელმა ვიდეოჩანაწერის საქმისთვის მტკიცებულებად დართვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. თავის მხრივ ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ოქმის შემდგენი პატრულ-ინსპექტორი მოწმის სახით დაკითხულიყო სასამართლოს წინაშე, თუმცა შსს-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოწმის სახით ოქმის შემდგენელი პატრულ-ინსპექტორის დაკითხვა არ იყო აუცილებელი, ვინაიდან კადრების საფუძველზეც შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება. მოსამართლე დაეთანხმა შსს-ს წარმომადგენლის მსჯელობას და ადვოკატს აღნიშნული შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. 
მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ დავით გუმბარიძემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. 

"მასზე [მოსამართლე] არაფერი არ ვიცი, ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ სანქცირებულია და რის გამოც, ისიც ვიცი.”
დავითმა სასამართლოს განუმარტა, რომ, მისი შეხედულებით, მოსამართლე ტენდენციურია, ხოლო მოწმის დაკითხვაზე შუამდგომლობის არდაკმაყოფილება – უსამართლო.

შსს-ს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობას. მოსამართლემ დავითს „სთხოვა“, დაესახელებინა მუხლი, რის საფუძველზეც სანქცირებულ მოსამართლეს არ შეეძლო საქმის განხილვა. საბოლოოდ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ არ იყო დასაბუთებული.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე არ იყო ხალხის „საკმარისი“ რაოდენობა იმისთვის, რომ გზის გადაკეტვა გამხდარიყო საჭირო, რაზეც დავითმა უპასუხა, რომ მას გზა არ გადაუკეტავს, ის უკვე გადაკეტილი იყო, როცა გზაზე გადავიდა. 
ხალხის არასაკმარის რაოდენობაზე შსს-ს წარმომადგენელს შემდეგი კითხვა დაუსვა:

"5 კვადრატულ მეტრში 25 კაცი დგას წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებაზე. ჯერ ერთი, მე რატომ გამომარჩიეთ?! მეორეც, თუ ამდენი კაცი იდგა 5 კვადრატულ მეტრში, რანაირად არის ეს რაოდენობა არასაკმარისი?! მე გეტყვით, რატომ გამომარჩიეთ – თქვენ ჩემზე კარგად იცით,ზურაბ გუმბარიძის მამა ვარ, „ფორმულას“ გენერალური დირექტორის.”

შსს-ს წარმომადგენელი აშკარად გაღიზიანდა დავითის ნათქვამზე და შემდეგი სიტყვებით მიმართა მას: „ოცდახუთივე დავაჯარიმეთ, ახლა კმაყოფილი ხარ?!“

ადვოკატის განმარტებით, გზის გადასაკეტად ხალხის საკმარისი რაოდენობა როგორ დგინდება, ეს არ იყო ცხადი; ასევე, ადვოკატის შეფასებით, არ არის სამართლიანი, როდესაც ადამიანს, ერთი მხრივ, აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, მეორე მხრივ კი, ამ უფლების გამოყენება 5000 ლარი უჯდება. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, „საკმარისი რაოდენობა“ კანონში არ არის გაწერილი, თუმცა თუ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებას შეხედავდა ნებისმიერი ადამიანი, დაასკვნიდა, რომ გზის გადასაკეტად ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ იყო.

ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში, რომელიც შსს-მ წარმოადგინა, ზოგადი კადრი იყო ჩაწერილი, თუ როგორ გადადიან აქციის მონაწილეები ტროტუარიდან გზაზე, ხოლო მეორე ვიდეოჩანაწერში ნაჩვენები იყო დავით გუმბარიძე, რომელიც უკვე გზაზე იდგა.

შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ადვოკატმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ვიდეოში ნაჩვენები იყო, როგორ გადადის პოლიციელი გზაზე, რათა გააჩეროს მანქანები და გაათავისუფლოს გზა. ადვოკატის შეფასებით, პოლიცია თავად არ გაათავისუფლებდა გზას, თუ გადაკეტვისთვის საკმარისი ხალხი არ მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში.

დავით გუმბარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯერ აქციის მონაწილეები გადავიდნენ გზაზე და უკვე გადაკეტილ ტერიტორიაზე თავადაც გადავიდა.

საქმის განხილვის ბოლოს დავით გუმბარიძემ სასამართლოს მიმართა:

"თითქმის 45 წელი ვიყავი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, ამის გამო ყველას ეგონა, რომ ბევრი ფული მქონდა […] მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო, როცა ჩემი წლიური შემოსავალი, რაც მხოლოდ პენსიის სახით მაქვს, 4000 ლარამდეა. ამიტომ თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ მე სამართალდარღვევა ჩავიდინე, გთხოვთ ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯოთ.“

სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე ნინო ენუქიძემ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის ფაქტი (174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილი) დადგენილად ცნო და, მიუხედავად დავით გუმბარიძის თხოვნისა, სანქციის სახით გაითვალისწინა 5000-ლარიანი ჯარიმა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ საქმეში პატიმრობის სიმძიმის ხარისხის ქმედება ვერ დაინახა.

აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შსს-ს არ ჰქონდა წარმოდგენილი დავით გუმბარიძის მიერ გზის გადაკეტვაზე ვიდეოჩანაწერი, არამედ წარმოდგენილი იყო ორი დამოუკიდებელი კადრი – აქციის მონაწილეების გზაზე გადასვლის, სადაც დავით გუმბარიძე არ არის ნაჩვენები და მეორე ვიდეოჩანაწერი, როცა დავითი უკვე გზაზე დგას, შესაბამისად სრულებით შესაძლებელია აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვის შემდეგ გადასულიყო გზაზე დავით გუმბარიძეც. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ „საკმარისი“ რაოდენობა რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს, არ დგინდება არც რაიმე ჩანაწერით და არც პრაქტიკით, ვინაიდან გზის გადაკეტვის შემთხვევები, როგორც წესი, ბოლო თვეების მანძილზე მუდმივად სამართალდარღვევად ფასდება, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციაზე ყოველდღე ადამიანების სხვადასხვა რაოდენობა იკრიბება. 

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა, რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი