გაჭიანურებული საქმე - ინტერვიუ ზეინაბ ნასყიდაშვილთან

03.05.2025

საქართველოს სასამართლოს გუშაგი აგრძელებს გაჭიანურებული საქმეების შესახებინტერვიუების სერიას.

ქალბატონი ზეინაბი ნასყიდაშვილი გვიყვება საქმეზე, რომელითაც გურჯაანის რაიონულ სასამართლოს თითქმის 5 წლის წინ მიმართა, თუმცა ჯერ სხდომაც არ დანიშნულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით - თუ რა ეტაპზეა საქმის წარმოება და რას შეეხება განსახილველი საქმე - მოსარჩელეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- როდის დაიწყო დავა სასამართლოში? 

- პირველი სარჩელი შევიტანეთ 2020 წლის 25 მარტს, 3 თვეში უკვე მეხუთე წელი გავა სარჩელის შეტანიდან. 

- როდის დაინიშნა სასამართლოს პირველი პროცესი? 

- არცერთი პროცესი არ ჩანიშნულა დღემდე.

- რას ეხება სარჩელი, რა იყო მოთხოვნა? 

- როგორც მახსოვს, სამი სარჩელი შევიტანეთ. პირველი იყო ყვარელში აღიარების კომისიის არასწორი გადაწყვეტილების გამო - არ მიღიარეს მიწის ნაკვეთი მაშინდელი მერის, როსტომ სესიაშვილის ზეწოლის გამო.
მეორე სარჩელი იყო უკვე თვითონ მერის, როსტომ სესიაშვილის წინააღმდეგ, რადგან ამეტებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ბოროტად იყენებდა მას. 
მესამე სარჩელი იყო, როგორც მახსოვს, რეესტრის წინააღმდეგ, რადგან სესიაშვილმა ტყუილით შეაწყვეტინა რეესტრს ჩემი საქმის წარმოება, რის შემდეგაც მივმართეთ პროკურატურასაც, თუმცა როგორც სასამართლომ, ასევე პროკურატურამაც შემოდო საქმე თაროზე.

- თქვენი ინფორმაციით, რა ეტაპზეა საქმე? 

- როგორც მოგახსენეთ, არცერთი პროცესი არ ჩანიშნულა და, შესაბამისად, არც საქმისწარმოება დაწყებულა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გაჭიანურდა თქვენი საქმის განხილვა? 

- მიზანმიმართულად გააჭიანურეს, რადგან ეხება ყვარლის ყოფილ მერს, როსტომ სესიაშვილს და ყვარლის მერიის თანამშრომლებს. 
როსტომ სესიაშვილს მფარველობს ვიღაც ქართული ოცნებიდან. ჩემი ეჭვია, რომ ის არის [მფარველი] ირაკლი სესიაშვილი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლო ნათესავები არიან. ქართულ ოცნებას ყველა სტრუქტურა ჯიბეში უდევს და აკონტროლებს.

- მიმართეთ თუ არა რომელიმე უწყებას ან მოსამართლეს?

- მინდა, გითხრათ, რომ მაქვს ეჭვი ადვოკატის დაშინებაზე. მიუხედავად ჩემი მხრიდან მრავალჯერ მოთხოვნისა, მიემართა სასამართლოსთვის, გაერკვია, რატომ არ ჩაინიშნა პროცესი, პასუხად მივიღე რომ სანამ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნებაო.

 - შეგიძლიათ აღწეროთ, რა გავლენა მოახდინა თქვენზე საქმის გაჭიანურებამ? 


- საქმის გაჭიანურებამ დაანგრია ჩემი ფსიქიკა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი