სანდრო 7 დეკემბერს დააკავეს, მისი საქმე მოსამართლე ნინო ენუქიძემ განიხილა.
ოქმის შემდგენი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წარმომადგენელი ითხოვდა სანდროს სამართალდამრღვევად ცნობას, კერძოდ, მის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენას.
შსს-ს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით პატრულ-ინსპექტორების ლევან დგებუაძეს და გოგა გოგავას დაკითხვაზე. შუამდგომლობას დაეთანხმა ადვოკატი (თამარ გაბოძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) და მოსამართლემაც სრულად დააკმაყოფილა.
თავის მხრივ, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა საქმის მასალების ვიდეო ჩანაწერისა და სამედიცინო ცნობის დართვაზე, ასევე - მოწმის სახით სანდროს დედის დაკითხვაზე, რომელიც დაკავების ფაქტს შეესწრო. ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი დაეთანხმა სამედიცინო ცნობის და ვიდეოჩანაწერის დართვას საქმის მასალებისთვის, ასევე მოწმის დაკითხვას. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობებიც სრულად დააკმაყოფილა.
სანდროს და მისი დედის განცხადებით, არანაირ წვრილმან ხულიგნობას ან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას არ ჰქონია ადგილი. სანდრომ განმარტა, რომ ის ჩაის სახლში მუშაობს და თავისი ცვლის დასრულების შემდეგ წავიდა სასტუმრო რედისონის მიმართულებით, სადაც დედამისი მუშაობს.
დედა-შვილის განმარტებით, ისინი ერთდროულად ასრულებდნენ სამსახურს, ამიტომ შეხვდნენ ერთმანეთს რედისონთან, საიდანაც აქციის მიმართულებით გააგრძელეს გზა. მალევე აქციის დაშლა დაიწყო, რის გამოც სანდროც და დედამისიც რუსთაველის მეტროსკენ წამოვიდნენ, სადაც ისინი ტაქსის გამოძახებას და სახლში წასვლას აპირებდნენ.
სანდრომ და მისმა ადვოკატმა სასამართლოს განუცხადეს, რომ იქვე ახლოს ნამდვილად იყო ბიჭი, რომელიც იგინებოდა და შემდეგ გაიქცა, მის ნაცვლად კი სანდრო დააკავეს.
მიუხედავად სანდროს და მისი დედის მცდელობისა, მათ ტაქსის გამოძახება და სახლში წასვლა ვერ შეძლეს, რადგან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ გზაზე სანდრო დააკავეს.
სანდროს დედამ პროცესზე თქვა, რომ სანდროს დაკავების შემდეგ „მეც ვეხვეწებოდი, დამაკავეთ-თქო, რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი, იქიდან დამიძახეს: წადი ქალო სახლში, იქ დაელოდე, რას მოდიოდიო.“
პატრულ-ინსპექტორმა გოგა გოგავამ განაცხადა, რომ აქცია, დაახლოებით, ღამის 2 საათზე გახდა აგრესიული და დაიწყო აქციის დაშლა. სანდრო და დედამისი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდნენ მოწმემ აღნიშნა, რომ უშუალოდ სანდროს გინება მას არ გაუგია, თუმცა სანდრო იმ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც იგინებოდა. ამდენად, მოწმემ არ დაადასტურა სანდროს გინების ფაქტი.
ასევე საინტერესო იყო მოწმე გოგა გოგავას განმარტება კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კერძოდ, მისი განმარტებით, იგი იდგა გზის მეორე მხარეს და იქიდან მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს. მან ასევე თქვა, რომ შესაძლოა მისი დაძახება ვერ გაეგონათ, მაგრამ სხვებისას გაიგონებდნენ, რადგან უფრო ახლოს იყვნენ აქციის მონაწილეებთან. ასევე, პატრულ-ინსპექტორმა განაცხადა, რომ დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მან და გდდ-ს წევრმა ერთად მიიღეს.
სამართალდარღვევის ოქმთან შეუსაბამო განმარტებები გააკეთა პროცესზე მეორე მოწმემ, პატრულ-ინსპექტორმა ლევან დგებუაძემაც. მან თქვა, რომ „პატივცემული იმყოფებოდა ტროტუარზე, მაგრამ გზაზე“ არ ისმოდა უშალოდ სანდროს ხმა, თუმცა იმ ჯგუფის ხმა ისმოდა (გინება), რომელთან ერთადაც იყო სანდრო. აგრეთვე, ლევან დგებუაძის განცხადებით, მის თვალთახედვაში იყო სანდრო აქციის განმავლობაში, თუმცა ძალადობის ფაქტზე დასმულ შეკითხვაზე მოწმემ განაცხადა, რომ ამ დროს მის თვალთახედვაში არ იყო სანდრო და ამდენად, ვერ დაინახა.
შეცვლილი მიდგომა გამოიხატა შემდეგში - განხილვის ბოლოს შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ, მისი აზრით, სასამართლომ სანდრო არ უნდა დააჯარიმოს და არც ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს, არამედ უნდა ცნოს სამართალდამრღვევად და სანქციის ნაწილში დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
შსს-ს წარმომადგენლის ეს პოზიციაც არასამართლიანია, რადგან პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად არ დგინდებოდა სანდროს მიერ სამართალდარღვევის ჩადენა და, შესაბამისად, სასამართლოს არათუ სიტყვიერი შენიშვნა უნდა გამოეყენებინა, არამედ საერთოდ უნდა შეეწყვიტა საქმისწარმოება.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.