პროევროპულ აქციაზე დაჯარიმებულ პირთა საქმე – ლიზი ბასილაია

03.05.2025

2025 წლის 25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ლელა მილდენბერგერი), 17 დეკემბრის საპროტესტო მარში მონაწილის, ლიზი ბასილაიას პროცესი გაიმართა.  
ოქმის შემდგენი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ითხოვდნენ ლიზი ბასილაიას სამართალდამრღვევად ცნობას, კერძოდ - მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე (ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა) მუხლის ჩადენის ფაქტის დადგენას და სახდელის სახით ჯარიმის განსაზღვრას.

პროცესის მიმდინარეობა

შსს-ს წარმომადგენლების პოზიცია ეყრდნობოდა მათ მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებს. ორგანოს წარმომადგენელთა განცხადებით, ლიზი ბასილაიამ 17 დეკემბერს, მარშის მსვლელობისას საავტომობილო გზა გადაკეტა, მაშინ როდესაც მარშის მონაწილეთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა გზის ობიექტური გადაკეტვის საჭიროებას.

ლიზი ბასილაიას პროცესზე იცავდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატი მარიამ ყაველაშვილი. მხარე არ დაეთანხმა ორგანოს მიერ შედგენილ ოქმს და უარყო ლიზის მიერ საავტომობილო გზის არამართებულად გადაკეტვა. კერძოდ, ლიზის განმარტების მიხედვით, მართალია, ის მარშის მსვლელობისას საავტომობილო გზას იკავებდა, თუმცა მოქმედებდა სამართალდამცავების მოწოდების შესაბამისად. კერძოდ, მისი განმარტების მიხედვით, სამართალდამცავებმა მარშის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ დაეკავებინათ საავტომობილო გზის მხოლოდ ერთი ზოლი. აღნიშნული მოგვიანებით დადასტურდა ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეც.

მოსამართლე დაინტერესდა, იყო თუ არა მარშის მონაწილეებისთვის საკმარისი ადგილი ტროტუარზე და რა იყო საფუძველი იმისა, რომ ლიზი არ მოძრაობდა გზის საფეხმავლო ნაწილზე. მხარის განმარტების მიხედვით, მარშის მონაწილეები ტროტუარზე ვერ დაეტეოდნენ. ამასთან, მათ ჰქონდათ პოლიციელის ნებართვა, რომ შეეძლოთ მხოლოდ ერთი საავტომობილო მიმართულების დაკავება, ლიზიც პოლიციელის მითითებას დამორჩილდა და მოძრაობდა საავტომობილო გზის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელზეც გადაადგილების ნებართვა პოლიციისგან მიიღო.

მოსამართლემ პროცესის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ ის არ შედის სამართლიანი პროტესტის გამოხატვის შინაარსში, მან მხოლოდ ის უნდა შეაფასოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გზის გადაკეტვას და მოხდა თუ არა სამართალდარღვევა. მოსამართლის თქმით, „ზუსტად ეს არის სამართლიანი სასამართლო, როდესაც გამოხატვის შინაარსში არ შედის“. 

სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ლიზი ბასილაია სამართალდარმღვევად ცნო 1741-ე მუხლის მეხუთე ნაწილით ქმედების განხორციელებაში და სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, რასაც ითვალისწინებდა 17 დეკემბრისთვის მოქმედი რედაქცია.

მოსამართლემ თითქოს სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ლიზიმ სიტყვიერი გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა არ მისცა, რადგან მან არ აღიარა სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენა.

პროცესის მიმდინარეობის შეფასება

როგორც აღნიშნა, პროცესზე მოხდა იმ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა, რომლებიც ადასტურებდა, რომ მარშის მონაწილეებს შეეძლოთ საავტომობილო გზის ერთი მიმართულების დაკავება. შესაბამისად, მოსამართლისგან აქცენტის გაკეთება იმაზე, თუ რატომ არ დაიკავა მარშის მიმდინარეობისას ლიზი ბასილაიამ საფეხმავლო გზა, გაუგებარია.
მოსამართლის მიერ ლიზი ბასილაიას სამართალდარმღვევად ცნობა გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ ლიზი ემორჩილებოდა პოლიციელების მოწოდებას, რომლებსაც ჰქონდათ უნარი, რესურსი და ვალდებულება იმისა, რომ თავად გაეანალიზებინათ, მოცემულ მომენტში, მომიტინგეების რაოდენობისა და ქუჩის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა მარშის მხოლოდ ტროტუარზე სვლა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული გარემოებები მსჯელობის მიღმა დატოვა.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.