რამდენიმე დღის წინ საქართველოს დროით 6 მაისს, ღამის 3 საათისთვის აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ. აქტი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯო ვილსონა და სტივ კოენმა წარადგინეს (თუმცა აქტს არაერთი თანასპონსორი ჰყავს) ითვალისწინებს სანქციებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.
მოგვიანებით „მეგობარი აქტის“ ერთერთმა ავტორმა და ინიციატორმა ჯო ვილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომელთა სანქცირებასაც „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს. აღნიშნული სიის თანახმად სანქცირებულთა შორის არიან ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და ქართული ოცნების სასარგებლო პროპაგანდისტები (პროპაგანდისტული მედია საშუალებების ხელმძღვანელები და მფლობელები).
გამოქვეყნებული სიის თანახმად სასამართლო ხელისუფლებიდან „მეგობარი აქტით“ სანქცირებულია 8 პირი, რომელთაგან 7 მოსამართლეა, ხოლო ერთი - ყოფილი მოსამართლე.
სანქცირებული არიან:
- მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
მოსამართლედ დაინიშნა 2007 წელს, სხვადასხვა დროს ეკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერის თანამდებობა. 2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ. მიჩნეულია სასამართლოს ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად და სასამარლოში კლანურ მმართველობაზე პასუხისმგებელ პირად. ჩინჩალაძე ყურადღებას იწვევს ასევე მისი მწირი სამოსამართლო პრაქტიკით - ის ფაქტობრივად არ იხილავს სასამართლო საქმეებს.
- ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
მოსამართლედ დაინიშნა 2005 წელს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლიდან მოსამართლედ დანიშნულია უვადოდ. მურუსიძე მეორედ იკავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას. მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ისეთი გახმაურებული საქმეებით როგორიცაა: სულხან მოლაშვილის საქმე, გირგვლიანი და ენუქიძის საქმე, პაატა როსტომაშვილის საქმე და სხვა. ევროპულმა სასამართლომ მის მიერ განხილულ 5 საქმეზე ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა დაადგნა. მურუსიძე არაერთხელ აღმოჩნდა დაუსაბუთებულ ქონებასთან დაკავშირებულ სკანდალში. არის სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის (კლანის) ერთ-ერთი ლიდერი.
- დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
მოსამართლედ დაინიშნა 2008 წელს. იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ. მეორედ იკავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას, ამავე დროს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელის საბჭოს წევრი. ითვლება სასამართლო კლანის წევრად, რომელიც მუდმივად წამყვან თანამდებობებს იკავებს სასამართლო სისტემაში.
- გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
მოსამართლედ დაინიშნა 2012 წელს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2019 წელს დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ. მიქაუტაძემ პასუხი ვერ გასცა მის მიმართ საფუძვლიან კითხვებს მის მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებლი ქონების ფლობის შესახებ.
- ლევან თევზაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
მოსამართლედ დაინიშნა 2008 წელს. სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2021 წლიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ. 2024 წლიდან მეორედ იკავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას. არის სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წევრი, რომელსაც არაერთი ნათესავი ჰყავს დასაქმებული სასამართლო სისტემაში და რომელიც სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა.
- ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
მოსამართლედ დაინიშნა 2007 წელს. იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საპროკურორო საბჭოს წევრი. 2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ. 2021 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ირაკლი შენგელიას სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან. შენგელიას ლევან თევზაძის (ცოლის ძმა) მსგავსად არაერთი ნათესავი ჰყავს დასაქმებული სასამართლოს სისტემაში.
- რევაზ ნადარაია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
მოსამართლედ დაინიშნა 2009 წელს. სხვადასხვა წლებში მოსამართლის თანამდებობა ეკავა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში, ფოთის საქალაქო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში. იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2021 წელს უვადოდ იქნა არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. 2025 წლის აპრილში კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, შემდეგ კი თავმჯდომარედ იქნა არჩეული. რევაზ ნადარაია სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის (კლანის) წევრებს არაერთხელ ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა.
- შალვა თადუმაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. მოსამართლედ დაინიშვნამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის: მთავრობის საპარლამენტო მდივნის, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, შემდეგ კი მთავარი პროკურორის. 2019 წლიდან არჩეული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ და ამავე პერიოდიდან დაინიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. გასული წლის დეკემბერში თადუმაძე ლიეტუვას მიერ სანქცირებულთა შორის მოხვდა. სანქცირებიდან მალევე თადუმაძემ მოსამართლის თანამდებობა დატოვა.
„მეგობარი აქტი“ პირველი არ არის, რომელიც საქართველოში მოსამართლეების სანქცირებას ითვალისწინებს. ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ადამიანი უკვე არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაში. მაგალითად თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე და თბილისის სააპელაცი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო პირველად აშშ-ს მიერ სანქცირებული იყვნენ 2023 წლის აპრილში, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ კატეგორიული უარი განაცხადა.