ინტერვიუ პროევროპული აქციების მონაწილეთა ადვოკატ მარიამ გოგორელიანთან

10.04.2025

– მარიამ რამდენი ხანია, რაც პროევროპული აქციების მონაწილეთა ინტერესებს იცავთ სასამართლოში?

–  დაახლოებით, ნოემბრიდან, როცა დაიწყო აქციები.

–  რამდენ სასამართლო დავაში წარმოადგინეთ აქციების მონაწილეთა ინტერესები? 

–  ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, მინიმუმ, 50 საქმე მქონდა უკვე. დაახლოებით, ამდენი ან შეიძლება მეტი კიდევ უნდა მქონდეს მომავალში, რაც ჩანიშნულია. ზოგი – პირდაპირ სასამართლოს, ზოგი - პოლიციის და შემდგომში სასამართლოს განსჯადი იქნება. 

– ხომ არ დაგიყენებიათ მოსამართლის აცილების საკითხი? თუ ასეა, რამდენჯერ და რა საფუძვლით?

– მოსამართლის აცილების საკითხი მხოლოდ ერთ საქმეში დავაყენე, რომელიც ეხებოდა აქციას რესტორან „ბაბილოს“ წინ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ აქციაზე დააკავეს და მოსამართლე, რომელიც განიხილავდა საქმეს, იმ რესტორანში იმყოფებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ედავებოდნენ, რომ „უმისამართოდ იგინებოდა მოსამართლეების მისამართით“. აღნიშნული საფუძვლით დავაყენე აცილების საკითხი, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „ის უფრო მაღლა იდგა“, ვიდრე მის მიმართ განხორციელებული კრიტიკა და არ აიცილა თავი. 

– ძირითადად, რა ტიპის სამართალდარღვევას ედავებიან იმ პირებს, რომელთა ინტერესებსაც თქვენ წარმოადგენთ სასამართლოში? 

– დასაწყისში მქონდა, ძირითადად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის საქმეები, როდესაც უფრო მეტად მასიურ აქციებსა და ხალხის დიდ რაოდენობაზე იყო საუბარი, თუმცა ამ პერიოდისთვის მუდმივად მაქვს პროცესები გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეებზე.

– უმეტესად რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო პირის წინააღმდეგ, რომელსაც ედავება სამართალდარღვევის ჩადენას? 

– ვიდეოჩანაწერს, რომელზეც თითქოს ჩანს ხალხის საერთო რაოდენობა [საუბარია გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეებზე], ასევე ინდივიდუალური კადრს, სადაც ეს ადამიანია იდენტიფიცირებული, თუმცა ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ამ ხალხის რაოდენობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასევე, ვიდეოჩანაწერი არ არის წარმოდგენილი ყველა რაკურსით - მარტო ერთი კონკრეტული კადრია დაფიქსირებული, საიდანაც შეუძლებელია გარკვევა, ზოგადად რამდენი ხალხია [გზა მართლაც ხელოვნურად არის გადაკეტილი, თუ ხალხის რაოდენობამ განაპირობა?].  ასევე, ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ზოგადი კადრი ბევრად უფრო ადრინდელია, ვიდრე ადამიანს ედავებიან. ხშირად არ აქვთ უშუალოდ ის კადრები, თუ რამდენი ხალხი იყო იმ პერიოდისთვის, როცა ეს ადამიანია იდენტიფიცირებული, თუმცა სასამართლოსთვის ეს სულერთია. 

– თქვენთვის, როგორც ადვოკატისთვის, რამდენად აკმაყოფილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარობის და რელევანტურობის სტანდარტს?

– არანაირად. 11 წელი ვიყავი პროკურორი და ასეთი საქმეები არ მინახავს. როდესაც კრიმინალურ პოლიციას მოაქვს საქმეები, ისინი შედარებით მოწესრიგებულია, აზრის გამოტანა შეიძლება. ცალკე საკითხია, რამდენად ეთანხმები მათ პოზიციას ან არ ეთანხმები, მაგრამ  საქმეები შედარებით უფრო მოწესრიგებული აქვთ, თუმცა მანდაც არის სადავო საკითხები. საპატრულო პოლიციის მიერ მოტანილ საქმეებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთი ფურცელი - ერთი იდენტიფიკაციის ოქმი, რომელშიც ყველა წინადადება არასწორად წერია, გამართული ქართულითაც კი არ არის შედგენილი ტექსტი, ლოგიკით უნდა მიხვდე, რას გულისხმობენ. კადრებიც არეულ-დარეულად არის, ოქმში წერია, რომ ოქმის შედგენის თარიღში ჩაიწერა დისკზე ეს ვიდეო, მაგრამ დისკს რომ გახსნი და ნახავ ჩაწერის თარიღს, საერთოდ სხვაა. ძალიან ბევრი ცდომილებაა, ძალიან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული საქმეები აქვთ, თუმცა სასამართლო მაინც უკმაყოფილებს სარჩელს და, შესაბამისად, ეს საკითხები ალბათ ამიტომაც არ აღელვებთ. 

– მოსამართლის დამოკიდებულებაზე მინდა გკითხოთ, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას როგორი დამოკიდებულება იკვეთება ხოლმე მოსამართლის მხრიდან  – წინასწარგანწყობას, მიკერძოებას ხომ არ ავლენს თუ  ობიექტურის და მიუკერძოებლის შთაბეჭდილებას ტოვებს? 

– ცალსახად არ ტოვებს ობიექტურის შთაბეჭდილებას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დავუშვათ, ეს ხალხი მართლაც მტყუანია, დავუშვათ, მართლა მასიურად არღვევენ კანონის მოთხოვნებს, როგორ შეიძლება ერთი საქმე მაინც არ ყოფილიყო შესაწყვეტი?!  პროცენტულად რაღაც საქმეები ხომ მაინც ყოფილა, რომელიც უნდა შეწყვიტო? ისეთ საქმეებზეც ცნეს პირი სამართალდამრღვევად, რომლებიც სრულიად აბსურდული იყო - მაგალითად, როდესაც დარბევისას ჩანს, რომ ადამიანი მიდის ტროტუარზე თავისთვის, ფოტოაპარატით იღებს ფოტოებს, მიცვივდნენ მასთან შავებში ჩაცმული ადამიანები, სცემეს, გაათრიეს და ფოტოაპარატი მოჰპარეს ან დაუმტვრიეს, რადგან კადრებში ჩანს რომ აქვს, ოქმში კი ეს ფოტოაპარატი არ არის აღნიშნული... აშკარად ჩანს, რომ ადამიანი თავისთვის მიდის ტროტუარზე და ედავებიან პოლიციელის შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას. ადამიანი არავის აყენებს შეურაცხყოფას, დაუმორჩილებლობაზე საუბარიც ზედმეტია - ასეთი კადრებიც უგულებელყვეს [მოსამართლეებმა]. თეორიულად თუნდაც ამ ადამიანს მართლა ეგინებინა ვინმესთვის, საპატრულო პოლიცია იქ არსად ყოფილა და მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, რომ გაეგონათ ამის გინება. 
დარბევის საქმეებზე პოლიციელების ჩვენებების 100% სრულიად აბსურდული იყო, მაგრამ არ გაითვალისწინეს [მოსამართლეებმა] აღნიშნული ფაქტორები. რაც შეეხება გზის გადაკეტვის საკითხს, გაუფრთხილებიათ ის ხალხი [იგულისხმება სიტყვიერი გაფრთხილება, რომელიც შეიძლება მიეცეს სამართალდამრღვევად ცნობილ პირს], ვინც აშკარად, როგორც ვიდეოჩანაწერში ჩანს, ტროტუარზე დგას. ამის წინ დააჯარიმა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სულ სხვა აღმოჩნდა და ეს ცალსახად, მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, თანაც ისე, რომ მოსამართლეც ვერ შემეწინააღმდეგა, რომ სხვა ადამიანი იყო, თუმცა მაინც დააჯარიმა. 
აჯარიმებენ იმ შემთხვევაშიც, როცა ზოგადი კადრი ბევრად ადრეა გადაღებული, ვიდრე ინდივიდუალური და ინდივიდუალურ კადრზე არ ჩანს, რამდენი ადამიანია და ვერ გიმტკიცებენ, რომ ნახევარი საათის მერეც იმავე რაოდენობის ხალხი იყო. მართალია, არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც გაფრთხილებას იყენებენ, თუმცა ესეც ალბათ სტატისტიკისთვის უნდათ და გათვლადი არ არის.

– მოსამართლე თანაბარ დროს უთმობს თუ არა მხარეებს თავიანთი პოზიციების წარმოსადგენად?

– თანაბარ დროს გვითმობს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სიმართლე რომ ვთქვათ, გრძელი სიტყვით და ბევრი დასაბუთებით არ გამოირჩევიან. თუმცა ვფიქრობ, დაცვის მხარეს გაცილებით მეტი დრო სჭირდება თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს არც საქმის მასალების მომზადებით აქვს თავი შეწუხებული. შესაბამისად, ჩვენ უფრო მეტი დრო უნდა დაგვითმოს, რადგან მეტი არგუმენტაცია გვაქვს, თუმცა ამდენი დრო არ გვეძლევა. 
– შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების საფუძველს თუ განმარტავენ ხოლმე მოსამართლეები და რამდენად ხშირად ხდება ეს?
–  საქმესთან კავშირში არისო [მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობა] ¬– ასე უთქვამთ ხოლმე, ძალიან სიღრმეებში არ შესულან. 

– რამდენად სამართლიანად შეაფასებთ მთლიანად პროცესებს?

– არ არის სამართლიანი. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება, ვისაუბროთ კანონიერებაზე. მაგალითად, არის საქმეები, სადაც რეალურად, ობიექტურად რომ შევაფასოთ, ხალხი ცოტაა [იგულისხმება გზის ხელოვნურად გადაკეტვის საკითხი] და, კანონიერების თვალსაზრისით, შეიძლება დაეთანხმო ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობას იმიტომ, რომ ცოტა ხალხია, თუმცა ამ ქმედებისთვის იმდენად არაადეკვატურია სანქცია [5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა], თეორიულადაც ვერ იქნება სამართლიანი. 

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე