2025 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თამარ ბასილაშვილის წინააღმდეგ შედგენილი სამართლადარღვევის ოქმი ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის თაობაზე, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტით.
თამრიკო ბასილაშვილის მიმართ შედგენილი იყო ერთი სამართალდარღვევის ოქმი - 2025 წლის 15 იანვარს („საყოველთაო გაფიცვის“ ფარგლებში) გზის ხელოვნურად გაკეტვის გამო.
შსს თამრიკო ბასილაშვილს ედავობოდა 15 იანვარს ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გააკეტვაში მონაწილეოაბას. შსს წარმოამდგენელმა დააყენა შუამდგომლობა აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის საქმეზე მტკიცებულებად დართვის თაობაზე. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს წარმომადგენელი ითხოვდა თამარ ბასილაშვილის მიმართ ჯარიმის დაკისრებას 5 000 ლარის ოდენობით.
თამრიკო ბასილაშვილს სადავოდ არ გაუხდია სამართალდარღვევის ოქმი, იგი დაეთანხმა მის წინააღმდეგ შედგენილ ოქმს და მოსამართლეს ჯარიმის ნაცვლად სიტყვიერი გაფრთხილების გამოყენება სთხოვა.
ბასილაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბასილაშვილის ერთი თვის ხელფასი არის ბევრად მცირე, ვიდრე კანონით გათვალისწინებული ჯარიმა ამგვარი ქმედებისთვის და ამასთან მას აქვს საბანკო სესხი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და შესაბამისად მას არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად ბასილაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს ბასილაშვილის სახელფასო ამონაწერი და საბანკო სესხის დამადასტურებელი დოკუმენტები.
გარდა ამისა ბასილაშვილმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა, რომ სჩადიოდა სამართალდარღვევას და კანონის დარღვევა მისი მიზანი არ ყოფილა. ასევე წარსულში არასოდეს ყოფილა სამართალდამრღვევი და არც შემდგომში ფიქსირდება მის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი. ამ ყოველივეს გათვალისწინებით მან ითხოვა, რომ მოსამართლე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით დაკმაყოფილებულიყო და არ დაეკისრებინა მისთვის 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, რომელიც მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ზედმეტად დიდი ფინანსური ტვირთი იყო.
შსს წარმომადგენლის ერთადერთი არგუმენტი გზის გადაკეტვის ხანგრძლივობა იყო, კერძოდ იგი ამტკიცებდა, რომ მთლიანობაში 15 იანვარს (საყოველთაო გაფიცვის დღეს) ტრანსპორტის სავალი ნაწილი 1 საათი და 30 წუთი იყო გადაკეტილი, რამაც „მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 14 აპრილს გადადო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 14 აპრილს 12:00 საათზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, თამარ ბასილაშვილის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების შესახებ. მოსამართლეს არც თამრიკო ბასილაშვილის გადახდისუუნარობა გაუთვალისწინებია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისას და როგორც მოსალოდნელი იყო არც სამართლადარღვევის სიმძიმესთან მიმართებით ჯარიმის პროპორციულობასა და მიზანშეწონილობაზე უმსჯელია.