იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის პროცედურა უკვე ფორმალურადაც შორდება დემოკრატიულ პრინციპებს. კერძოდ, მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებულ ათეულობით საკანონმდებლო ინიციატივას შორის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის და პარლამენტის რეგლამენტის ის მუხლებიც შედის, რომლებიც განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წარდგენისა და არჩევის წესს. კერძოდ, ინიციირებული ნორმები აღარ ითვალისწინებს პარლამენტის ვალდებულებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიოს მხოლოდ აკადემიური სფეროს წარმომადგენლების, ადვოკატთა ასოციაციის ან სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი და პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე შეიძლება აირჩიოს მხოლოდ:
ამასთან, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლო საქმის წარმოებაში.
აღნიშნული წესი 2013 წელს, სასამართლოს რეფორმის ე.წ. „პირველი ტალღის“ ფარგლებში იქნა შემოღებული და იმ დროისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების მიზნით მიღებულ, პოზიტიურ და პროგრესულ ცვლილებას წარმოადგენდა. მანამდე მოქმედი საკანონმდებლო წესი გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის წევრები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შედიოდნენ. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის ორგანოა, ინსტიტუციურად გამიჯნული არ იყო საკანონმდებლო ორგანოსგან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების პროცესში (კანდიდატების წარდგენა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადვოკატთა ასოციაციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობას ხელი უნდა შეეწყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვისა და პლურალიზმის პრინციპის განმტკიცებისთვის. თუმცა, აღნიშნული წესი ბოლოს წლებში ფორმალობად იქცა, რადგან პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ყველა საშუალება გამოიყენა, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე არ ყოფილიყო არცერთი ის ადამიანი, ვინც ღიად საუბრობდა სასამართლოში არსებულ მწვავე პრობლემებზე და კრიტიკულად აფასებდა სასამართლო სისტემის მუშაობას. მეტიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2 წლის განმავლობაში არასრული შემადგენლობით საქმიანობდა და იღებდა მნიშვნელოვან საკადრო გადაწყვეტილებებს. აქვე უნდა ითქვას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სტანდარტები და თავად საბჭოს შემადგენლობაში პლურალიზმის ხარისხი არც ახალი წევრების არჩევის შემდეგ გაუმჯობესებულა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევად გამართულ კონკურსში პარლამენტმა მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომლებიც სასამართლოს კლანისა და საბჭოს გავლენიანი წევრების მიმართ ლოიალობით გამოირჩევიან და სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური პრობლემების არსებობას არ აღიარებენ.
----------------
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.