რა არის ჩხრეკის სამართლებრივი საფუძველი და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი საკუთრების ჩხრეკისას?

24.12.2024

საქართველოში პროევროპული და ანტისამთავრობო საპროტესტო პროცესის ზრდის პარალელურად დაიწყო სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმების გამოყენება პროტესტის მონაწილეების მიმართ. ადმინისტრაციულ დაკავებებს, ჯარიმებსა და სისხლის სამართლებრივ დაპატიმრებებთან ერთად პროტესტის არაერთი მონაწილის სახლის ჩხრეკა ჩატარდა.

როგორია ჩხრეკის სამართლებრივი საფუძველი და რისი უფლება გვაქვს ჩხრეკის დროს?

ჩხრეკის არსი და სამართლებრივი საფუძველი

ჩხრეკა არის სისხლის სამართლის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. (სსსსკ 119 (1) მუხ.) ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად. (სსსსკ 119 (2) მუხ.)

ჩამოთვლილი ობიექტების ამოსაღებად ჩხრეკა ტარდება იმ შემთხვევაში არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა. (სსსსკ 119 (4) მუხ.) 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსსკ-ის 119-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.  

ჩხრეკის ობიექტი შესაძლოა სხვადასხვა რამ იყოს. ჩხრეკის ობიექტის შესაბამისად განსხვავდება ჩხრეკის სხვადასხვა სახე: მაგალითად საცხოვრებელი ადგილის  ჩხრეკა, კერძო საკუთრებაში არსებული დაცული სათავსოს ჩხრეკა, სამუშაო ადგილის ჩხრეკა, პირადი ჩხრეკა, სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა ა.შ. 

ჩხრეკის ნებისმიერ სახე წარმოადგენს ისეთ საპროცესო მოქმედებას, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას. კერძოდ ჩხრეკა არის ადამიანის პირადი ცხოვრების თავისუფლების შემზღუდველი ქმედება.

ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. შესაბამისად ჩხრეკის ჩატარებისთვის აუცილებელია სასამართლოს წინასწარი ნებართვა (სასამართლოს განჩინება). გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი აუცილებლობა, რომელიც გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისთვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე. (სსსსკ 112 (5) მუხ.) ასეთ შემთხვევაში ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სასამართლო კონტროლისგან გათავისუფლებას, არამედ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის შესახებ იმ მოსამართლეს, რომელის სამოქმედო ტერიტორიაზეც ჩატარდა ჩხრეკა, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს ჩხრეკის დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელიც ასაბუთებს ჩხრეკის გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა მოსამართლე განიხილავს შუამდგომლობას და იღებს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

  1. ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ; ან
  2. ჩატარებული ჩხრეკის უკანონოდ ცნობის და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

რისი უფლება აქვს პირს, როდესაც მისი საკუთრების ან კანონიერი მფლობელობის ჩხრეკა  ტარდება? 

  • ჩხრეკის დაწყებამდე მოსთხოვოს გამომძიებელს მოსამართლის განჩინების ან გამომძიებლის დადგენილების  მისთვის გაცნობა. გამომძიებელი ვალდებულებია წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტები.
  •  იცოდეს ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. გამომძიებელი ვალდებულია განუმარტოს პირს რის საფუძველზე ტარდება ჩხრეკა
  •  მოითხოვოს მისი და მისი ადვოკატის დასწრება და ჩხრეკის პროცესზე დაკვირვება.
  • განემარტოს მისი უფლებები და მიეცეს შესაძლებლობა ნებაყოფლობით გადასცეს ნივთი გამომძიებელს.
  •  ამოღებული ნივთი დალუქვამდე წარედგინოს მას და ჩხრეკისას დამსწრე ყველა პირს, რაც უნდა დამოწმდეს ხელმოწერით
  • გააცნონ ჩხრეკის ოქმი და გადაეცეს ოქმის ასლი

ჩხრეკის ჩატარება, თუ იგი არ ტარდება გადაუდებელი აუცილებლობით, დაუშვებელია 22:00 საათიდან 06:00 საათამდე მონაკვეთში


ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე