"ქართული ოცნების" 12 წელი სასამართლოში

15.10.2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგის ორგანიზებით, 2024 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა საჯარო ღონისძიება თემაზე: „ქართული ოცნების 12 წელი სასამართლოში.“

ღონისძიება გახსნა სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა. ღონისძიების მომხსენებლებს შორის იყვნენ იმ ორგანიზაციების და ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ მართლმსაჯულების საკითხებზე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: მაია ბაქრაძე - დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელი და ყოფილი მოსამართლე; ნანუკა ყრუაშვილი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი; ედუარდ მარიკაშვილი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე; ანა პაპუაშვილი - სოციალურის სამართლიანობის ცენტრის იურისტი; სანდრო ქევხიშვილი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსი.

მოხსენებები შეეხო შემდეგ საკითხებს: ქართული ოცნების მიერ მმართველობის პირველ წლებში სასამართლოსთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა 2013 წლიდან დღემდე; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესი, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი კლანური მმართველობის გასაძლიერებლად; 2013 წლიდან სასამართლოში გატარებული რეფორმები და მათი შედეგები; ასევე, სასამართლოს როლი და კორუფცია.

ქართული ოცნების მიერ 12 წლის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, რეფორმებმა, ცვლილებებმა თუ სხვა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა. მოქალაქეები ორდინარულ სასამართლო დავებზე წლების განმავლობაში ელოდებიან მართლმსაჯულების განხორციელებას, რისი მიზეზიც უმთავრესად მოსამართლეთა სიმცირე, სისტემის გაუმართაობა, ჩაკეტილობა, საკანონმდებლო ხარვეზები და არაეფექტიანი მენეჯმენტია. 12-წლიანი მმართველობის შემდეგაც კი ვერ მოახერხა ქართულმა ოცნებამ ისეთი სასამართლოს შექმნა, სადაც მოქალაქეებისთვის გარანტირებული იქნება დროული, ხარისხიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სასამართლოში, სადაც 100-ზე მეტი მოსამართლის ადგილი ვაკანტურია, კონკურსების ჩატარებამაც კი აზრი დაკარგა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეობის სურვილი სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს საქართველოში.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისეთივე ჩაკეტილი ორგანოა, როგორიც 2013 წლამდე პერიოდში იყო, ვინაიდან საბჭოს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ფაქტობირვად აკრძალა სხდომების მონიტორინგი და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ რეჟიმში თუ მოთხოვნის საფუძველზე გაცემა.

უზენაესი სასამართლო კი ქართულმა ოცნებამ მთლიანად სასურველი მოსამართლეებით დააკომპლექტა, სადაც 28-ვე მოსამართლე უვადოდ არის არჩეული. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ მარსაგიშვილი წინასწარ, თითქმის ერთი წლით ადრე გაამწესა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, წარმატებულად მიიჩნევენ სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებს და გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა ფაქტია, რომ სასამართლოში წამყვან პოზიციაზე მყოფი მოსამართლეები საზოგადოების ნდობით არ სარგებლობენ და მათი პროფესიული რეპუტაცია თუ კეთილსინდისიერება მუდმივად კრიტიკის და განხილვის საგანია. ამის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რომელიც ევროკავშირის 9 ნაბიჯის ფარგლებში ერთ-ერთი პირობაა. ასევე უარი თქვა გამოძიებაზე, რომელიც სანქცირებულ მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო. ცხადია, ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცებს მოსაზრებას, რომ სასამართლო კლანი მისი მფარველობით მოქმედებს.