სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვას რიგი თავისებურებები ახასიათებს, რაც განპირობებულია იმით, რომ პროცესის ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, შესაბამისად – სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებში განხორციელებულ უფლებამოსილებებს უკავშირდება.
სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვის ძირითად ეტაპებსა და იმ თავისებურებებს, რითაც სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის წარმოება ხასიათდება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება სასამართლოში მოიცავს 3 ძირითად ეტაპს:
სარჩელის მიღების ეტაპზე კანცელარია ამოწმებს იმ ფორმალურ წინაპირობებს, რომლებსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლები ადგენს (ამის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენი წინა სტატია).
თუ სასამართლომ მიიღო სარჩელი/განცხადება, აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მოქმედება.
ვინაიდან სამოქალაქო ტიპის დავის შემთხვევაში სარჩელის/განცხადების მიღების ეტაპები თითქმის იდენტურია, მიზანშეწონილია, მოკლედ მიმოვიხილოთ როგორც სარჩელის დასაშვებობის, ისე დასაბუთებულობის ეტაპების ის თავისებურებები, რითაც ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები ხასიათდება.
სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება სარჩელის მიღების ეტაპის შემდგომ. თუ მოსამართლე დაადგენს იმას, რომ სარჩელი არ შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (22–25-ე მუხლებს), ამ შემთხვევაში სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს გამწესრიგებელ სხდომას დასაშვებობის საკითხების განსახილველად.
დასაშვებობის ეტაპზე მოწმდება:
სარჩელის მიზანი - სასარჩელო მოთხოვნა კორელაციაში უნდა იყოს იმ მოთხოვნის საფუძვლის მქონე მუხლთან, რასაც მოსარჩელე მიუთითებს თავის სარჩელში;
წარდგენილია თუ არა სარჩელი/განცხადება სათანადო მოსარჩელის მიერ;
არის თუ არა დაცული გასაჩივრების ვადა. ზოგადი წესის მიხედვით, სასამართლოში გასაჩივრების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს გასაჩივრების შესახებ არ ეცნობა - 1 წლის განმავლობაში (უფრო დეტალურად იხ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მე-12 მუხლი);
წარდგენილი იყო თუ არა საჩივარი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში იმ საქმეზე, რასაც მის მიერ წარდგენილი საჩივარი ეხება (უფრო დეტალურად იხ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თავი XIII).
სარჩელის მიზნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კანონის 22–25-ე მუხლების მიხედვით, სარჩელი შეიძლება იყოს:
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ – სარჩელის მიზნის შემზღუდველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება. სარჩელის დასაშვებობის აუცილებლობის წინაპირობაა ადმინისტრაციული აქტის არსებობა (ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008, 306);
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ – ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია თავისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და მოთხოვნილ ღონისძიებას არ აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი ხასიათი (ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008, 335);
სარჩელი ქმედების განხორციელების შესახებ – სარჩელის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, არამედ მიმართულია რეალაქტის განხორციელებისკენ (ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008, 356), რაც მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უშუალო ქმედების განხორციელებას;
აღიარებითი სარჩელი – სარჩელის მიზანია კონკრეტული სამართალ-ურთიერთობის დადგენა ან პირიქით, კონკრეტული სამართალ-ურთიერთობის არარსებობის აღიარება. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ თუ პირი ითხოვს კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა/არარსებობის დადგენას, მას სარჩელში პარალელურად არ შეუძლია დააყენოს სხვა (ზემოთ მიმოხილული სარჩელები) მოთხოვნები. ამასთანავე, თუ პირი ითხოვს აქტის არარად აღიარებას, მოსამართლეს ეძლევა უფლება, ხანდაზმულობის ვადების გარეშე, ნებისმიერ დროს მოითხოვოს აქტის არარად ცნობა (აღიარებითი სარჩელის ტიპებს დასაბუთებულობის ეტაპის მიმოხილვისას უფრო დეტალურად განვავრცობთ).
დასაშვებობის ეტაპზე, სულ მინიმუმ, უნდა არსებობდეს ვარაუდი იმისა, რომ პირს ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.
სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმება ხდება საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე.
თუ დასაშვებობის ეტაპზე, მინიმუმ, აუცილებელი იყო მხოლოდ ვარაუდი იმისა, რომ პირს და მის კანონიერ ინტერესს ადგებოდა პირდაპირი და უშუალო ზიანი, სარჩელის დასაბუთებულობისთვის ზუსტად უნდა დადგინდეს, პირს რამდენად შეელახა ან არ შეელახა თავისი უფლება, ან რამდენად სავარაუდოა აღნიშნული შედეგი მომავალში;
იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი ეხება აქტის ბათილად ცნობას ან მის ძალადაკარგულად გამოცხადებას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, კანონსაწინააღმდეგოა თუ არა აქტი და ნამდვილად გვაქვს თუ არა სახეზე პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის უფლებასა და ინტერესზე. (ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008წ., გვ.326);
თუ სარჩელი ეხება აქტის გამოცემის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს ან დარღვეულია აქტის გამოცემის ვადა (ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008წ., გვ.341);
ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელის შემთხვევაში მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, უკანონოა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე და აყენებს თუ არა ის პირდაპირ და უშუალო ზიანს პირს.
აღიარებითი სარჩელი, დავის საგნის გათვალისწინებით, შესაძლოა შემდგომ სახეებად დაიყოს (ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008წ.,გვ 377-379):
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ;
2. უფლებამოსილების არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ;
3. სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ (ზოგადი აღიარებითი სარჩელი).
აღნიშნულის მიხედვით განსხვავებულია ის, თუ როგორ უნდა დასაბუთდეს თითოეული მათგანი ადმინისტრაციული საქმის სასამართლო პროცესის განხილვისას.
აღიარებითი სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების შემთხვევაში საკმარისი არ არის მხოლოდ არაკანონიერებისა და პირის უფლებადარღვევის ფაქტის დასაბუთება. კერძოდ, ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელით სადავოდ ქცეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დასაბუთება უნდა ხდებოდეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გამომდინარეობს ის შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი ნორმიდან, ინდივიდუალური აქტიდან ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან. გასათვალისწინებელია, რომ საჯარო ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ურთიერთობაში შევა მოქალაქესთან.
წინასწარი დაცვის შესახებ აღიარებითი სარჩელი დასაბუთებულია, თუ წარმოჩენილია, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მომავალში შეცვლა კანონსაწინააღმდეგოა და მის კანონიერ უფლებებს ზიანი ადგება. ამ შემთხვევაში მოსარჩელეს პარალელურად შეუძლია, აღძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზეც.
აქტის არარად აღიარების შესახებ სარჩელი მიმართულია იმ ორგანოს წინააღმდეგ, რომელმაც ის გამოსცა. შესაბამისად, სარჩელი დასაბუთებულია, თუ სადავო აქტი არარაა. აქტის არარად ცნობის საფუძველი მოცემულია მატერიალურ სამართალში (უფრო დეტალურად იხილეთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხ. 60).