სათადარიგო მოსამართლე სისხლის სამართლის პროცესში

25.11.2024

სასამართლო შემადგენლობის უცვლელობა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპია, რომლის თანახმად სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმეზე დანიშნულია სათადარიგო მოსამართლე. (სსსსკ 183 მუხ.)

რას ნიშნავს სათადარიგო მოსამართლე?

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184  მუხლის თანახმად სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება, ხოლო თუ საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს, საქმეზე, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სავალდებულო წესით ინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი გრძელდება. 

აღნიშნული საპროცესო ნორმა არ განსაზღვრავს, რა გარემოებების არსებობისას და საქმის განხილვის რომელ ეტაპზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე. გამომდინარე იქიდან, რომ ნორმა არ აწესებს რაიმე შეზღუდვას სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის ვადასთან დაკავშირებით, ლოგიკურია, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია სათადარიგო მოსამართლე დანიშნოს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის – მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ. 

სამართლიანი სასამართლოს პრინციპები არ კრძალავს საქმის განმხილველი მოსამართლის სხვა მოსამართლით შეცვლას ან ნებისმიერ ცვლილებას სასამართლოს შემადგენლობაში. შესაბამისად, სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვა იმთავითვე სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას არ იწვევს, თუკი მოსამართლე სათანადო სამართლებრივი გარანტიებით არის უზრუნველყოფილი.

ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულის უფლება – დაუპირისპირდეს მოწმეებს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის წინაშე, არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს საქმის განხილვის პროცესში სასამართლოს შემადგენლობის ნებისმიერი ცვლილება უნდა აიკრძალოს (P.K. v. Finland).  ევროპული სასამართლო მიუთითებს იმ ღონისძიებებზე, რომელთა საშუალებითაც შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ სათადარიგო მოსამართლე სათანადოდ ჩასწვდეს საქმის არსს, შეექმნას საკუთარი შინაგანი რწმენა წარმოდგენილ მტკიცებულებებზე – მაგალითად, სასამართლოს ახალმა შემადგენლობამ ხელახლა მოუსმინოს მხარეთა არგუმენტებს და მნიშვნელოვან მოწმეებს (Cutean v. Romania, #61; სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ, #33).

საქმეში „სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა იმ გარემოების გამო, რომ განმცხადებლისთვის მსჯავრდადების შესახებ გადაწყვეტილება (გამამტყუნებელი განაჩენი) გამოიტანა სათადარიგო მოსამართლემ, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა მტკიცებულების ზეპირ განხილვაში, კერძოდ – მას სასამართლოში დაკითხული არცერთი მოწმისა და ექსპერტისთვის არ მოუსმენია, ასევე არ მოუსმენია სხვა ბრალდებულებისთვის. 

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „მოსამართლეს არ ჰქონდა მოწმეთა განცხადებების და ქცევების პირდაპირი შეფასების შესაძლებლობა, რამაც მას არ მიეცა საშუალება, შეჰქმნოდა შთაბეჭდილება მათ სანდოობაზე და შეუმცირა შესაძლებლობა, სათანადოდ აღექვა განმცხადებლის არგუმენტები და მტკიცებულებები“ (სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ, #35).   სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში მოწმეთა დაკითხვის ოქმების ხელმისაწვდომობა ვერ იქნება უშუალობის პრინციპის ნაკლებობის კომპენსაცია (სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ, #37). 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის წესზე

2024 წლის 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სარჩელი ეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184 -ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. კერძოდ მოსარჩელეები ითხოვდნენ სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას რომელიც უშვებს საქმის განხილვის დაწყების შემდეგ დანიშნული სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სათადარიგო მოსამართლეს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით, მოითხოვოს სხვა მოსამართლის მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულების თავიდან გამოკვლევა ან საქმის თავიდან განხილვა. 

მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის და მის მიერ საქმის განხილვის გაგრძელების საკანონმდებლო წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმის გაჭიანურების თავიდან აცილებას და შესაბამისად სამართალწარმოების ხარჯებისა და სხვა რესურსების დაზოგვას. 

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი:

„სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების/მსჯავრდების პროცედურას, რომლის მიმართაც პირს განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამავდროულად, პირის ინტერესი, მისი საქმის ან საქმის რომელიმე ეტაპის განხილვას უშუალოდ ესწრებოდეს გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე, მეტწილად, დამოკიდებულია სამართალწარმოების კატეგორიაზე და იმ საკითხებზე, რომელიც უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ზეპირი მოსმენა მჭიდრო კავშირშია საქმის განხილვის უშუალობის პრინციპთან და პირის ინტერესთან - საკუთარი არგუმენტაციის ზეპირ სხდომაზე წარმოდგენით, გავლენა მოახდინოს სამართალწარმოების შედეგზე.“ (32) 

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სამართალწარმოების ხარჯების დაზოგვა სასამართლომ ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნია, მოსამართლის „უპირველეს ამოცანად“ დაასახელა კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად საქმის სრულყოფილი გამოკვლევა, რადგან სისხლის სამართლის პროცესის მიზანი საქმეზე სიმართლის დადგენა და ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებაა. (38) 

სასამართლოს განმარტებით "იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას, მოსამართლეს ეზღუდება შესაძლებლობა, უშუალოდ გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის, ხელი ეშლება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საქმეზე ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. უფრო მეტიც, შესაძლებელია, შეიქმნას რეალობა, რომელშიც სრულიად შეუძლებელი იქნება, სასამართლოს მხრიდან არათუ დასაბუთებული და სამართლიანი, არამედ რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებაც კი. ასეთ მოცემულობაში, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხელყოფს მთლიანად მართლმსაჯულების ინტერესებს - აფერხებს საქმის გარემოებების დადგენას, შესაძლებელია, გამოიწვიოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება ან დამნაშავე პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება." (38)

სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სათადარიგო მოსამართლეს, რომლის დანიშვნაც არ მომხდარა საქმის განმხილველი მოსამართლისათვის საქმის გადაცემის ეტაპზე, ართმევს საქმის/ცალკეული მტკიცებულებების თავიდან განხილვის/გამოკვლევის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც:

1.  მის მიერ საქმეში ჩართვამდე იქნა გამოკვლეული ისეთი მტკიცებულებები, რომელთა სანდოობის შეფასებაც მოითხოვს მოსამართლის უშუალო, პირად მონაწილეობას;
2. არსებობს კონკრეტული საკითხის/მტკიცებულების დაზუსტების საჭიროება და სათადარიგო მოსამართლე სრულყოფილად ვერ ახერხებს, საქმის მასალების გაცნობის გზით, მის მიერ საქმეში ჩართვამდე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სათადარიგო მოსამართლეს, რომელიც დანიშნული არ ყოფილა საქმის განმიხლველი მოსამართლისთვის საქმის გადაცემის ეტაპზე შესაძლებლობა ექნება თავიდან და უშუალოდ განიხილოს და გამოიკვლიოს საქმის ცალკეული მტკიცებულებები.

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე