გორის რაიონულ სასამართლოში თბილისიდან დილით ადრე ავტობუსით გავემგზავრეთ, როგორც აღმოჩნდა, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთან ერთად ვმგზავრობდით. ამას მაშინ მივხვდით, როდესაც სასამართლოს შენობასთან ჩვენთან ერთად ჩამოვიდა და, როგორც მსაჯულობის კანდიდატი, პირველ დარბაზში შევიდა; მაშინ გასაგები გახდა, რატომ იყო ცოტა შეშინებული და ცოტა დაბნეულიც.
სასამართლოს შენობასთან მიახლოებისას პირველი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ამკრძალავი ნიშანი იყო. სასამართლოს შენობასთან მანქანის გაჩერების უფლება მხოლოდ მომსახურე პერსონალს/სამსახურებრივ მანქანას აქვს. საინტერესოა, ვინმემ თუ იფიქრა, მაგალითად, ეტლით მოსარგებლე პირებზე, რომლებიც სასამართლოს შენობასთან ამკრძალავი ნიშნის გამო ვერ გააჩერებენ მანქანას და აქამდე ეტლით მოსვლა შორი მანძილიდან მოუწევთ.
ავტობუსის გაჩერებიდან სასამართლომდე მანძილი რამდენიმე ასეული მეტრი ფეხით გავიარეთ, რადგან სასამართლოს შენობამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის. როგორც ჩემმა ნაბიჯების მრიცხველმა აღრიცხა, გაჩერებიდან სასამართლოს კარამდე 461 ნაბიჯია.
გზად რამდენიმე ძველი შენობა და ბევრი საადვოკატო ბიუროა, რომლებიც სასამართლოსკენ მიმავალ ადამიანებს დიდი წარწერებით სთავაზობდნენ იურიდიულ მომსახურებას. როგორც ჩემმა ნაბიჯების მრიცხველმა აღრიცხა გაჩერებიდან 461 ნაბიჯის შემდეგ სასამართლოს შესასვლელთან აღმოვჩნდით.
სანამ სასამართლოს შენობას დავათვალიერებდით - ცხადია, იმას, რისი უფლებაც გვაქვს, სურვილი გაგვიჩნდა, ნაფიც მსაჯულთა შესარჩევ სხდომასაც დავსწრებოდით, მაგრამ ამაში ორმა ფაქტორმა შეგვიშალა ხელი: ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებმა სასამართლოში მოსვლა დააგვიანეს. სხდომის დაწყება ძალიან გაიწელა და დრო აღარ გვრჩებოდა - გორიდან პირდაპირ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გვიწევდა წასვლა; თუმცა მხოლოდ დროის ფაქტორი არ ყოფილა ხელის შემშლელი - როცა უკვე დაიწყო შესარჩევი სხდომა, მანდატურმა გვითხრა, რომ დარბაზში ბევრნი იყვნენ, თავისუფალი ადგილი აღარ იყო დარჩენილი და ვერ შევიდოდით. ძალიან რომ ვთხოვეთ, გვითხრა, დავლოდებოდით და რამეს მოიფიქრებდნენ, მაგრამ ლოდინის დრო უკვე აღარ გვრჩებოდა.
მსაჯულობის კანდიდატები გაბრაზებულები დადიოდნენ დერეფნებში. მათ საუბარსაც უნებლიეთ მოვკარი ყური: „ჯარიმა იქნებაო, თუ არ მოხვალო. რა მინდოდა აბა აქ“; „ამათთან საქმის გაფუჭება არ ღირს...“ ძალიან გულდასაწყვეტია - საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ნაფიცი მსაჯულის როლი. მათთვის ეს უბრალოდ ვალდებულებაა, რომელიც იმიტომ უნდა შეასრულონ, რომ თავისი „საქმე არ გაიფუჭონ“.
შენობის მეორე სართულზე ავდივართ, სადაც სხდომები იმართება, რათა პირველივე პროცესს დავესწროთ. მანდატურები დაბნეულები გვეკითხებიან, რა გვინდა, საიდან ვართ. შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ პროცესზე შესვლას ვახერხებთ.
სასამართლოს შენობაში არ არის მონიტორი, საიდანაც სხდომების შესახებ ინფორმაციას მივიღებდით, ამიტომ წარმოდგენაც არ გვქონდა, რა პროცესზე შევდიოდით.
ასე სხდომაზე შესვლა ერთგვარი თავგადასავალია, არასდროს იცი, წინ რა გელოდება. კარის გაღების შემდეგ ჯერ მოსამართლის სახელსა და გვარს ხედავ და ხვდები, რა კატეგორიის დავაზე აღმოჩნდი, დანარჩენს კი პროცესის დაწყების შემდეგ არკვევ ნელ-ნელა.
პროცესზე განიხილებოდა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. სხდომის დარბაზიდან გამოსულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ხელების დასაბანადაც კი პირველ სართულზე გვიწევდა ჩასვლა, რადგან მეორე სართულზე საპირფარეშო არ არის. ჩავედით პირველ სართულზე, მაგრამ საპირფარეშოთი ორივემ ერთდროულად ვერ ვისარგებლეთ, რადგან ერთ-ერთი კაბინა არ მუშაობდა, რაც იმ კაბინაში უნიტაზზე დადგმული ვედროთი და ფურცელზე გაკეთებული წარწერით გავიგე.
სასამართლოს შენობიდან გასვლას ვაპირებდით, როდესაც გავიგონეთ, როგორ სთხოვდა ქალი მანდატურებს მოსამართლის თანაშემწის ნომერს, არადა ნომრები შესასვლელშივეა გამოკრული და ტელეფონიც იქვე დევს, მაგრამ, როგორც ქალმა განმარტა, მითითებულ ტელეფონს არავინ პასუხობდა.
ცოტა ხანს კიდევ დავრჩით სასამართლოს შენობაში, იმ მოლოდინით, რომ ამასობაში იქნებ ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი სხდომაც დაწყებულიყო . კედლის დაფებზე გამოკრულ ინფორმაციებს ვათვალიერებდით, ასევე - ცარიელ დაფებს, რომლებიც კიდევ იმდენ ინფორმაციას დაიტევდა, რომ ნებისმიერი ვიზიტორი გაარკვევდა თავისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას სასამართლოს საქმიანობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, სტატისტიკა ან სხვა სახის სასარგებლო მონაცემები მოქალაქეებისთვის, უბრალოდ, არსად არ იყო გამოკრული.
ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი სხდომა არ იწყებოდა, ლოდინის დრო კი უკვე ნამდვილად აღარ გვქონდა. სასამართლოდან გამოვედით, ავტობუსის გაჩერებამდე ისევ ფეხით მივედით - 461 ნაბიჯია, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ავტობუსს იმ ადგილამდე გავყევით, საიდანაც უკვე სამარშრუტო ტაქსით შევძლებდით მცხეთის რაიონულ სასამართლომდე მისვლას.
461 ნაბიჯი - საინტერესოა, რატომ არ უფიქრია ვინმეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან სასამართლოს შენობამდე თითქმის ნახევარი კილომეტრის ფეხით გავლა ყველასთვის მარტივი არ არის.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.