მცხეთის რაიონულ სასამართლოში გორის რაიონული სასამართლოდან სამარშრუტო ტაქსით უნდა გავემგზავროთ.
„მე მაქვს ადგილი“, - გვითხრა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა. მე და სალომე ხმაამოუღებლად გავყევით უკან. 2 ადამიანის ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ რადგან გვეჩქარებოდა, რაღაცნაირად მოვახერხეთ, ერთი ადამიანისთვის განკუთვნილ ადგილას ორივე დავტეულიყავით.
როგორც აღმოჩნდა, გორიდან მცხეთამდეც და თბილისამდეც მგზავრობის ფასი იდენტურია. მცხეთაში არ შედის, კიბეებთან აჩერებს და გვიხსნის - იქ რომ ახვალთ, მერე ასე წახვალთ ან იმას გაუყვებით და მიხვალთ მცხეთაში.
კიბეზე ავდივართ. პირველი, რასაც ვამჩნევთ, ბოლო საფეხურზე გაკეთებული წარწერაა - „რამაზი მიყვარხარ, ეკა“. სასამართლოში ვიზიტის დაწყება რამაზისა და ეკას სიყვარულის ისტორიით, ურიგო ნამდვილად არ არის, გავხალისდით. კიბეები რომ ავიარეთ, ავტობუსის გაჩერება დავინახეთ. იქვე კერძო ტაქსის მძღოლიც დგას. ვკითხეთ, ავტობუსი თუ გაივლიდა მცხეთის სასამართლოსთან... გვეუბნება, რომ კი, გაივლის, მაგრამ ჩვენს დასარწმუნებლად დეტალურად გვიხსნის: „ორნი ხართ - ავტობუსი 2 ლარი დაგიჯდებათ, მე კიდევ მანქანით 3 ლარად წაგიყვანთ...“ მანქანაში ვსხდებით. ტაქსიც იმავე ადგილას გვიჩერებს, სადაც ავტობუსი მიგვიყვანდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს პირდაპირ, ძალიან ახლოს, მცხეთის პროკურატურის შენობაა.
ჯერ სასამართლოს ეზოში ვართ; ყველაფერს ვაკვირდებით - შენობაში ასასვლელ კიბეებს, ეზოს, პარკინგს; ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგად გავიაზროთ, რამდენად ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის, მათ შორის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის.
სასამართლოს შენობაში შესვლისთანავე გვკითხეს, საიდან ვიყავით, რატომ მივედით, რა გვინდოდა. შეკითხვებს სვამდნენ მანდატურები და „შავებში“ ჩაცმული მამაკაცი - დიდი ალბათობით, ასევე მანდატური ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, სხვა სტატუსის მქონე პირი. არადა, სასამართლოში მისვლის უფლება ყველას აქვს, რატომ უნდა იწვევდეს ეს კითხვებს? ვპასუხობთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ვართ და, უბრალოდ, რომელიმე სხდომაზე დასწრება გვსურს.
სხდომას და საათს ჩვენ ვერ შევარჩევდით, რადგან სასამართლოს შენობაში ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად მიღება იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო - არ მუშაობდა ეკრანი, რომელზედაც სხდომების შესახებ ინფორმაცია თავსდება.
„დაგიძახებთ, როცა დაიწყება; აქ დაელოდეთ“, - გვითხრა შავ უნიფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა.
გვაკვირდებიან; ემჩნევათ, რომ არ მოვწონვართ; ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ აშკარაა, რომ არ სჯერათ ჩვენი არცერთი სიტყვის...
რაც მთავარია, რამდენიმე წუთში მანდატურმა დაგვიძახა, რომ დერეფნის ბოლო ოთახში სხდომა იწყებოდა და შეგვეძლო შესვლა.
სხდომის დარბაზში შევედით და ბოლო რიგში დავსხედით. მანდატურს არ განუმარტავს დავის არსი და არც მხარეების შესახებ ინფორმაცია, ისე მიგვითითა დარბაზისკენ, სადაც პროცესი იწყებოდა.
ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, არ გამკვირვებია, რომ განსახილველი საქმე ოჯახში ძალადობას ეხებოდა.
ბრალდებულის ადვოკატი უცნაური ქალია (არც მეტი, არც ნაკლები, ადვოკატ ზეინაბ გუდავაძეს მოგაგონებდათ, სერიალ „ცხელი ძაღლიდან“. არა, ჩანთა არ ჩაურტყამს ბრალდებულისთვის, თუმცა მართლა ძალიან ჰგავდა).
პროკურორმა მე და სალომეს გამოგვხედა, შეგვათვალიერა... მერე მანდატური მოვიდა და ჩურჩულით გვკითხა, თქვენ მართლა სტუდენტები ხართ? უკვე ძალიან შემაწუხებელი ხდება ამდენი შეკითხვა, თუმცა სხვა რა გზაა, მოთმინებით ვუხსნით, რომ მართლა სტუდენტები ვართ. არადა, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად, რადგან ქალბატონი ადვოკატი დგება და აცხადებს, რომ ბრალდებულის დისშვილები ვართ. ხომ ვამბობდი, ძალიან მომაგონა ქალბატონი ზეინაბი, „ცხელი ძაღლიდან“, რაღაც არაორდინარული ნამდვილად მოსალოდნელი იყო მისგან.
ორივეს ძალიან გაგვიკვირდა; გაუკვირდა ბრალდებულსაც. საერთოდ ვერ მივხვდით, რატომ თქვა ეს. თანაც ისე დამაჯერებლად გამოგვაცხადა ბრალდებულის უახლოეს ნათესავებად, მის ნათქვამში არავინ დაეჭვებულა.
სხდომა მალე დასრულდა.
მომდევნო სხდომის თარიღი მხარეთა ჩართულობით განისაზღვრა. პროკურორი, რომელიც სასამართლოს შენობის წინ მდებარე პროკურატურაში მუშაობს, საკმაოდ დაკავებული აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოსამართლემ ორივე მხარისთვის სასურველი დროის შეთავაზება შეძლო.
შენობიდან ნელი ნაბიჯებით გავდივართ, რათა ყველაფრის დათვალიერება მოვასწროთ - დერეფნებში ძველი ინფორმაციები და ბრძანებებია გამოკრული, საგულდაგულოდ გამზადებული სტატისტიკის დაფიდან კი დღეს არსებულ მდგომარეობაზე ვერაფერს გაიგებ, მაგრამ თუ წარსულის კვლევით ხარ დაინტერესებული, 2013 წლის მონაცემებს მშვიდად გაეცნობი.
თბილისში ავტობუსით ვბრუნდებით. გადავწყვიტეთ, რუსთავის საქალაქო სასამართლოშიც იმავე დღეს წავსულიყავით. მგზავრობა დამღლელია, მაგრამ დაღლილობაზე ნაკლებად ვფიქრობ და ფანჯრიდან სიამოვნებით ვათვალიერებ მცხეთის ხედებს.
რამდენიმე საათში უკვე რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვართ.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.