მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიები

05.12.2024

უკანონო ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული რეპრესიული ზომების შეფასება

უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ე.წ. პრემიერ-მინისტრის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შედეგად, რომელიც საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევასა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით საქართველოს ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე ღია უარს ნიშნავს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აგრეთვე საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე იკრიბებოდა, რათა კატეგორიული პროტესტი გამოეხატა „ქართული ოცნების“ ამ მორიგი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯის საწინააღმდეგოდ.

ამის საპასუხოდ, მიტაცებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულმა არაკონსტიტუციურმა, არალეგიტიმურმა, დე-ფაქტო ხელისუფლებამ უპრეცედენტო რეპრესიებს მიმართა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ე.წ. „სამართალდამცავთა“ მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. გამოყენებული იყო არა უბრალოდ „არაპროპორციული“, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ ელემენტარულ სტანდარტებთან სრულიად შეუთავსებელი და არაფრით გამართლებული ძალა.

კერძოდ, აღინიშნა შემდეგი ხასიათის დარღვევები:

1. პოლიციური ძალების არათანაზომიერი მობილიზაცია და პოლიციის მხრიდან მომიტინგეთა პროვოცირების მცდელობები

  • პოლიციური ძალების არათანაზომიერი მობილიზება: დემონსტრაციების დაშლის, დემონსტრანტების ცემისა და უკანონო დაკავების ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მობილიზებული იყო უპრეცედენტო მასშტაბის პოლიციური ძალები. სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები, მათ შორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული, სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები (ე.წ. „რობოკოპები“), რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ ჩაფხუტებით, ხელკეტებით, ფარებით, რეზინის ტყვიების სასროლი იარაღით, ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით. მათ ზურგს უმაგრებდა წყალსატყორცნი ტექნიკა.
  • ძალადობის პროვოცირების მცდელობები: პოლიცია გამუდმებით ცდილობდა მშვიდობიან მომიტინგეებთან ახლო კონტაქტში შესვლას, იყენებდა მათ წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ესროდა ქვებს, აგინებდა, ცდილობდა ძალადობით ჩამოეწია შეკრებილი მომიტინგეები რუსთაველის გამზირისაკენ. უფრო მეტიც, დრო და დრო მომიტინგეთა მასაში შეჭრილი პოლიციელთა ჯგუფები იტაცებდნენ ცალკეულ მომიტინგეს, მიათრევდნენ საკუთარი კორდონების უკან, სადაც უმოწყალოდ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით.
  • პოლიციელთა იდენტიფიცირების შეუძლებლობა: „სამართალდამცავთა“ უმეტესობას სახე მთლიანად დაფარული ჰქონდა ნიღბით. რაიმე განმასხვავებელ ნიშნებს ისინი ფორმაზე არ ატარებდნენ, რაც ართულებს და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ გამორიცხავს მათ იდენტიფიცირებას. ეს გარემოება მათში აჩენს დაუსჯელობის განცდას და სძენს სითამამეს ძალადობის ჩადენისას.

2. მშვიდობიანი შეკრებების დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების უკანონობა

  • შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა: გადაწყვეტილებები შეკრებების დაშლის შესახებ და, განსაკუთრებით, ამ გადაწყვეტილებების შესრულების ფორმები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 21-ე მუხლებთან, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილ სტანდარტებთან. არ არსებობდა საფუძველი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის, მითუმეტეს, უხეში ძალის გამოყენებისათვის. წყალსატყორცნი ტექნიკის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო გარკვეული ქიმიური ნივთიერება, რომლებიც თვალების წვას და სუნთქვის გართულებას იწვევდა. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება არ იყო.
  • მომიტინგეებთან მოპყრობა: გათენებისას, როდესაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა ბუნებრივად იკლებდა, პოლიცია მომიტინგეების მასობრივად შეპყრობასა და მათთან სასტიკ ანგარიშსწორებაზე გადადიოდა. შეპყრობილ დემონსტრანტებზე, რომელთაგან არ მომდინარეობდა არავითარი საფრთხე, ძალადობდნენ – ძირს აგდებდნენ და განზრახ ჯგუფურად სცემდნენ ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში ადგილებზე. პოლიციელთა მიერ ძალადობა ხორციელდებოდა დემონსტრაციულად, კამერების თვალწინ და ატარებდა დემონსტრანტების დასჯის ხასიათს. პოლიციელთა მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ოცამდე დემონსტრანტს ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა.

პოლიციელთა მხრიდან ასეთი მოპყრობა აღწევს სისასტიკის იმ ზღვარს, რაც შეესაბამება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რასაც კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი. პოლიციელთა მხრიდან დემონსტრანტების მიმართ სიცოცხლისთვის საშიში მოპყრობა ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს.

  • უკანონო დაკავება: სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, პოლიციელები დემონსტრანტებს აკავებდნენ. დაკავებას ჰქონდა შემთხვევითი შერჩევის ხასიათი. აკავედბნენ მას, ვინც ხელში მოხვდებოდათ. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა გამოკიდებას და ჯგუფურ თავდასხმებს პროტესტის მონაწილეებზე. დაკავებისას, სისტემურად ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილი სტანდარტები. გასული ოთხი ღამის განმავლობაში სულ დაკავებულ იქნა 200-ზე მეტი დემონსტრანტი. ბევრ მათგანს აკავებდნენ იმ დროს, როდესაც ისინი მშვიდად ტოვებდნენ თავშეყრის ტერიტორიას. პოლიციელები პროტესტის მონაწილეებს მეტროსადგურებშიც კი აკავებდნენ.
  • დაკავებულების ადგილსამყოფლის დამალვა და საპროცესო უფლებების დარღვევა: დაკავებულების დიდ ნაწილს უარს ეუბნებოდნენ მათ უფლებაზე, დაჰკავშირებოდნენ თავიანთ ახლობლებსა და ადვოკატებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი უკანონო პრაქტიკის შესაბამისად, მალავდა დაკავებულთა ადგილსამყოფელს და მათი ძებნა მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით დროებითი დაკავების სხვადასხვა იზოლატორში და პოლიციის განყოფილებაში. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით დაცული უფლებების უხეში დარღვევა.

3. ჟურნალისტებზე მიზანმიმართული  თავდასხმა: ოთხივე ღამის რეპრესიების დროს გამოიკვეთა ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმის, მათზე ნადირობის ფაქტები. საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი გახდა პოლიციელთა სამიზნე. პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული). განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ძალადობა „ფორმულას“ წამყვან გურამ როგავაზე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილზე და ონლაინ მედია „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი რომლებმაც ძალადობის შედეგად, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს. თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ, ასევე, პირველი არხის, „რადიო თავისუფლების“, „პუბლიკის“ და მედიის სხვა წარმომადგენლები.

4. მოსალოდნელი სანქციები: საქართველოში უკვე ჩამოყალიბებული უკანონო პრაქტიკის თანახმად, სასამართლო დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე („წვრილმანი ხულიგნობა“) და 173-ე („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“) მუხლების საფუძველზე, იყენებს მკაცრ სანქციებს, მათ შორის – ადმინისტრაციულ პატიმრობას.მაშინ როცა  2024 წლის გაზაფხულზე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ დაკავებული დემონსტრანტების მიმართ, სანქციების სახით, გამოიყენებოდა ძირითადად ჯარიმები. ვინაიდან სასამართლო, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი უკანონო რეჟიმს მიტაცებული აქვს, არ არსებობს არავითარი შანსი იმისა, რომ დაკავებულები მცირედად მაინც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

5. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხე: საზოგადოების უფრო მეტად დაშინების მიზნით, ზოგიერთი დაკავებულის მიმართ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების რეალური საფრთხეც. არალეგიტიმური შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაწყებულია გამოძიება პოლიციელზე „თავდასხმისა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლი) და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი) ფაქტებზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურაც წარმოადგენს მმართველი პარტიის ხელში, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს კანონიერი გადაწყვეტილებების მოლოდინი.

6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობა: დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა. ამ სამსახურმა პოლიციელთა მიერ დემონსტრანტებზე განხორციელებული ორდღიანი ძალადობის შემდგომ გააკეთა განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ, თუმცა დღემდე ამ სამსახურის მიერ ფორმალურად დაწყებული გამოძიებებისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ სრულად უმოქმედობის პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს მოლოდინი, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და დანაშაულის ჩამდენი ე.წ. „სამართალდამცავები“ წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. სამწუხაროდ, უმოქმედობის თანამონაწილე და სამართალდამცავთა მიერ დანაშაულთა ჩადენის ხელშემწყობია საქართველოს პროკურატურაც, რომელიც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ბერკეტის ქონის მიუხედავად, იყენებს დუმილის უფლებას ქვეყანაში ორდღიანი ძალადობის სერიების ფონზე და არ ახორციელებს არავითარ მონიტორინგს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე,

მოვითხოვთ:

  1. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტოს მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი ანგარიშსწორება. პოლიციელები დადგნენ ხალხის მხარეს და შეწყვიტონ უკანონო ბრძანებების შესრულება. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი;
  2. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს თითოეული სპეცრაზმელისთვის სანომრე ნიშნის (თაგის) მინიჭება, რათა შესაძლებელი გახდეს არასათანადო მოპყრობის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება;
  3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ზემოთ აღწერილი ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული და დროულად გადასცეს მასალები საქართველოს პროკურატურას შესაბამისი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად;
  4. საქართველოს პროკურატურამ განახორციელოს ეფექტური საპროცესო ხელმძღვანელობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებულ გამოძიებაზე ან სრული მოცულობით ჩაატაროს ამ საქმეებზე წინასწარი გამოძიება. დროულად მისცეს პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღეა სასტიკად უსწორდება რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან მომიტინგეებს. ასევე, მოვუწოდებთ პროკურატურას, შეასრულოს ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით მისთვის დაკისრებული ფუნქცია – გაუწიოს ზედამხედველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული დაკავებების კანონიერებას და უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
  5. მოსამართლეებმა შეწყვიტონ სამართლებრივი მექანიზმების სადამსჯელო მიზნით გამოყენება და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება.
  6. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ფარულობის, საყოველთაოობის და სხვა არაერთი არსებითი დარღვევის ფონზე ჩატარებული არჩევნები და ბათილად ცნოს მისი შედეგები.

აქვე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი საქართველოში მიმდინარე ამ რეპრესიული მოვლენების შესაჩერებლად, მათ შორის გამოიყენონ კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სანქცირების მექანიზმებიც.

არჩევნების გაყალბებით მოპოვებული ძალადობის შენარჩუნების მცდელობა სწორედ ამგვარია, ძალაუფლების მქონე პირები ყველა ფასით ცდილობენ ხელისუფლების მოპოვებას/შენარჩუნებას. აღნიშნულს წინ შეგვიძლია აღვუდგეთ ჩვენ, ქართველი ხალხი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივი და შეუდრეკელი პროტესტით დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი. საქართველო არის ქართველი ხალხი და არა არჩევნების გამყალბებელი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც ძალის გამოყენების გარდა სხვა ბერკეტი და არგუმენტი არ გააჩნია.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საფარი

საქართველოს მომავლის აკადემია

საქართველოს ევროპული ორბიტა

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ყვარლის ევროკლუბი

ProActive Group Georgia

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

კანონის უზენაესობის ცენტრი

სამოქალაქო იდეა

პრევენცია პროგრესისთვის

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (Grass)

ქალთა ინიციატივების მხარდმჭერი ჯგუფი

ევროპის ფონდი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი –  GCRT

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია იმერეᲗის წარმომადგენლობა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ღია სივრცე კავკასია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

დემოკრატიის მცველები

დაქალი

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

უფლებები საქართველო (Rights Georgia)

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ქალები საქართველოდან

აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მწვანე ალტერნატივა

ქალთა ფონდი საქართველოში

თბილისი პრაიდი