საინტერესოა, როგორ უნდა გავიგოთ, რას ფიქრობენ მოქალაქეები სასამართლოს საქმიანობის შესახებ? ამისათვის ტარდება სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებიც ასახავენ ადამიანთა მოსაზრებებს სასამართლო სისტემის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეების თვალსაზრისი შესაძლოა, მედიის საშუალებით მიღებულ ინფორმაციიდან გამომდინარეობდეს ან - პირად გამოცდილებას სასამართლოსთან დაკავშირებით.
რიგ შემთხვევებში, სასამართლოები თავადაც ატარებენ იმ ადამიანთა გამოკითხვას, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მივიდნენ სასამართლოში. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში ხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ასეთი გამოკითხვების შედეგები რადიკალურად განსხვავდება სხვა სოციოლოგიური კვლევებისგან. მაგალითად, 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლოში მისულ მოქალაქეთა 70% ან მეტი კმაყოფილია სასამართლოს მუშაობით. ამის პარალელურად, IRI-ს დაკვეთით მომზადებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 30%-ზე ნაკლებია კეთილგანწყობილი სასამართლოს მუშაობასთან მიმართებით.
მოქალაქეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგი გულისხმობს სხდომებზე დაკვირვებას მოხალისეობრივ საწყისებზე. დამკვირვებლები არიან მოხალისეები, რომლებიც სასამართლოებს ნეიტრალური დამკვირვებლის თვალთახედვით აკვირდებიან.
საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში საქმე ღია სხდომაზე განიხილება; დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.
ღია სასამართლო პროცესს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ სახელმწიფოში, რადგან სასამართლო პროცესების საჯაროობა სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებს იცავს. სასამართლო პროცესებზე დაკვირვების უფლება, საზოგადოების ხელთ არსებული ძლიერი ბერკეტია კანონის აღსრულებასა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე დაკვირვებისთვის.
მოქალაქეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგი საქართველოში ინოვაციაა, რომელიც ემყარება საქართველოს სასამართლოს გუშაგის პარტნიორი ორგანიზაციის Polish Court Watch-ის გამოცდილებას. თავდაპირველად სასამართლო პროცესების მონიტორინგი სასამართლოს გუშაგმა 2021 წელს გორის რაიონულ სასამართლოში განახორციელა, რომელიც მოქალაქეთა აქტიურობიდან გამომდინარე წარმატებით დასრულდა.
დღეისათვის საქართველოს სასამართლოს გუშაგის მოხალისეები 24 სასამართლოში ახორციელებს სასამართლო პროცესების მონიტორინგს (პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს).
დღეისათვის სასამართლო სხდომებზე დაკვირვების მრავალი პროგრამა არსებობს მსოფლიოში. როგორც წესი სასამართლო პროცესების მონიტორინგს ძირითადად მკვლევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ან აქტივისტები ატარებენ. მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესებზე დაკვირვება არსობრივად განსხვავდება სასამართლო მონიტორინგის უფრო ფორმალური სისტემებისგან.
სასამართლო პროცესების მონიტორინგი აშშ-ში, ორგანიზაციამ Modern State Courts-მა, რომელიც 1955 წელს დაფუძნდა, 70-იან წლებში დაიწყო. მონიტორინგი ფართო მოძრაობის ნაწილი იყო და მიზანს წარმოადგენდა, რომ შეემოწმებინათ მართლმსაჯულების ხარისხი ნიუ-იორკის შტატში და გამოესწორებინათ სისტემური ხარვეზები. იმ დროისთვის მონიტორინგის პროცესი დამკვირვებლების ხილვადობას საჭიროებდა. მაგალითად, ლუიზიანაში სასამართლოს დამკვირვებლების ნაწილს თეთრი ხელთათმანები ეცვათ, როგორც მათი საიდენტიფიკაციო ნიშანი.
მონიტორინგის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს აშშ-ში ტეხასის შტატში 90-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული სასამართლოს მონიტორინგი. სასამართლო პროცესებზე დაკვირვების პროგრამაში ჩართული იყო 200 მოხალისე, მათგან 199 ქალი, რომლებიც აკვირდებოდნენ საოჯახო სასამართლოებს ქალაქ ჰიუსტონში (ტეხასის შტატი), რის შემდეგაც „ძლიერი და ფესვგადგმული საოჯახო სასამართლოს მოსამართლეების ჯგუფი გააძევეს“ და მნიშვნელოვან რეფორმას ჩაუყარეს საფუძველი. ამდენად, სასამართლო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგს აქვს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეთა ჩართულობის საფუძველზე გამოიწვიოს პოზიტიური ცვლილებები მართლმსაჯულების განხორციელებისას.
სასამართლო პროცესების ამ ტიპის მონიტორინგის განსაკუთრებულობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მოქალაქეები მოხალისეობრივ საწყისებზე აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესებს. ამერიკელები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლოში დაინტერესებული მოქალაქეების ყოფნა და აქტიური ჩართულობა სისტემაში ზრდის სასამართლო წარმომადგენელთა ანგარიშვალდებულებას, ხსნის საკომუნიკაციო არხებს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის, წარმოაჩენს სასამართლოს პრობლემებს და სირთულეებს, რომლებიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს სისტემაში ინტეგრირებულ პირებს.
2006 წელს კი სასამართლოს მონიტორინგის პროექტი ბულგარეთში დაიწყეს, რომლის მიზანი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი კანონების იმპლემენტაციის გაუმჯობესება იყო. პროექტის მონაწილეების მტკიცებით სასამართლო სხდომებზე მათი დასწრება ამცირებდა მიკერძოებულობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს. მათი ანგარიშებიდან ისიც დასტურდება, რომ სასამართლოს მონიტორინგს აქვს პოტენციალი მოახდინოს საზოგადოების ცნობიერების ფორმირება ოჯახში ძალადობის დანაშაულთან დაკავშირებით, რათა ქალებს ჰქონდეთ მეტი.
საფრანგეთში სასამართლოს დამკვირვებელთა ჯგუფი მიზნად ისახავს „სამოქალაქო ზედამხედველობას კონტრტერორისტულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე.“ ისინი ცდილობენ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა აქტორებისა და იურიდიული პრაქტიკოსების ინფორმირებას. კერძოდ, დამკვირვებლები სასამართლო პროცესების მონიტორინგს სამართლებრივი გამჭვირვალობის გაუმჯობესების შესაძლებლობად განიხილავენ.
ბანგალორის პრინციპების მიხედვით, „მოსამართლის ქცევამ და მოქმედებამ უნდა განამტკიცოს საზოგადოების ნდობა სასამართლოს შეუვალობის მიმართ. მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა გამოჩნდეს როგორც აღსრულებული.“ შესაბამისად, სასამართლო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგის მიზანია, მოიპოვოს სანდო ინფორმაცია ადამიანთა აღქმების შესახებ სასამართლოსთან დაკავშირებით - რამდენად მიიჩნევენ ისინი, რომ მართლმსაჯულება აღსრულდა.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.