სამოქალაქო საქმის წარმოება და პროცესის ეტაპები

09.05.2024

სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია, პროცესის მხარე ფლობდეს ინფორმაციას სამართალწარმოების ეტაპებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და ხშირად მხარეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე არ ჰყავთ წარმომადგენელი, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს სამოქალაქო საქმის წარმოების ეტაპებზე.  

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სულ გამოიყოფა სამი ტიპის წარმოება:

  • სასარჩელო წარმოება – „ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მონაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესებით: მოსარჩელის ინტერესია, სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი და გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, მოპასუხის ინტერესი კი არის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოსარჩელისთვის.“ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები, 2020წ., გვ785);
  • გამარტივებული წარმოება – გამარტივებული წარმოებაში შეიძლება მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი პირი, თუმცა ამ დროს წარმოება ხდება გამარტივებული სახით, რაც პროცესის მოკლე დროში განხილვას ითვალისწინებს. გამარტივებული წარმოების ფარგლებში შეიძლება მოხდეს: თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ და ასევე ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელიების განხილვა.
  • უდავო წარმოება – უდავო წარმოებას არასასარჩელო წარმოებას უწოდებენ, რადგან სასარჩელო წარმოებისაგან 
    განსხვავებით, ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი პირი მეორეს უყენებს მოთხოვნას. უდავო წარმოების 
    დროს განმცხადებელი არის პირი, რომელიც თვითონ განსაზღვრავს, თუ 
    რა სახის მოთხოვნას აყენებს, რასაც სამართლებრივად მისთვის სასურველი შედეგის დადგომა უნდა მოჰყვეს კანონით დადგენილი წინაპირობების განხორციელების, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები, 2020წ., გვ.150)

სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ სასარჩელო წარმოებას, რომელიც სხვა ტიპის წარმოებებისგან განსხვავებით, პროცესების კომპლექსურობით გამოირჩევა და, შესაბამისად, უფრო სრულყოფილ წარმოდგენას იძლევა სამოქალაქო პროცესის ეტაპებზე.

სარჩელის მიღება

პირველი ინსტანციით სამოქალაქო საქმის წარმოება იწყება სარჩელით ან განცხადებით. ის შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი – ნაბეჭდი სახით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი დეტალურად ჩამოთვლის იმას, თუ რას უნდა მოიცავდეს სარჩელი.  

სარჩელი არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს:

  • არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით;
  • არ არის აღნიშნული სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი;
  • არ არის აღნიშნული სარჩელის ფასი;
  • არ არის აღნიშნული მოსარჩელის მოთხოვნა;
  • არ არსებობს სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა;
  • არ არის აღნიშნული მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე ან /და მოსარჩელის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე;
  • არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა);  
  • არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;
  • არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს;
  • არ არის ხელმოწერილი;
  • არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
  • ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კანცელარია მოსარჩელეს მიუთითებს მათ აღმოფხვრაზე.
  • თუ სარჩელი (განცხადება) დარეგისტრირდა სასამართლოს კანცელარიაში, სარჩელი ეგზავნება მოსამართლეს. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სარჩელს არ მიიღებს, თუ (დეტალურად იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 186-ე მუხლი):
  • სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას;
  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
  • არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი;
  • არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების შესახებ იმავე საქმესთან დაკავშირებით;
  • მხარეთა შორის არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ მას სასამართლო განხილვის გარეშე გამოუსწორებელი ზიანი მიადგება;
  • ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
  • საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის;
  • დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

თუ სახეზე არ არის ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები, მოსამართლეს შეუძლია, მიიღოს სარჩელი, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი შესაძლოა, არ აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს და ეს დარღვევა არ არის არსებითი. დარღვევის გამოსწორების მიზნით სასამართლო პროცესის მხარეს აძლევს დავალებას, რომლის შესრულების ვადა განისაზღვრება 10 დღით (უფრო დეტალურად იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 186-ე მუხლის 11  და 12  ნაწილები).

მოსამზადებელი ეტაპი

თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე ერთი მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ – კოლეგიური სასამართლოს ერთ-ერთი წევრი.  

საქმის მომზადების ეტაპზე მოსამართლე არკვევს იმას, თუ რამდენად შეიძლება დასრულდეს საქმე მორიგებით, სარჩელის ცნობით, რამდენად არის შანსი იმისა, რომ გამოყენებული იქნეს მედიაცია ან მოპასუხემ ცნოს სარჩელი, ან მოხდეს სარჩელზე უარის თქმა. საქმის მომზადების ეტაპზე სასამართლო წყვეტს აგრეთვე იმას, თუ რამდენად შესაძლებელია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაიშვება მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. 

„მოსამზადებელ ეტაპზე სასამართლომ საბოლოოდ უნდა დააზუსტოს და განსაზღვროს გარემოებები, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს (მტკიცების საგანი); მტკიცებულებები, რომელთა საშუალებით მხარეებს სურთ ამ გარემოებების დამტკიცება (დადასტურება); მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (კანონი), რომლის გამოყენებითაც უნდა მოხდეს დადასტურებული გარემოებების იურიდიული შეფასება (კვალიფიკაცია) და ბოლოს, ამ საქმეზე გადაწყვეტილების წინასწარი (არასაბოლოო) პროექტი.“ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები, 2007 წ., გვ.359).   

თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია, მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.

საქმის არსებითი განხილვა

მთავარი სხდომა

მთავარი სხდომის დაწყება საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული. 

სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. 

საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას სასამართლო ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ საქმის მორიგებით დამთავრება, რის შემდეგაც მოსამართლე მოახსენებს სასამართლოს საქმის შესახებ, მოკლედ გადმოსცემს სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მასალებს.

ახსნა-განმარტების ეტაპი

მოსამართლის მოხსენების შემდეგ სასამართლო, პირველ რიგში, მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, ხოლო შემდეგ – მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს. 

მოსამართლე მხარეს სიტყვისთვის ან/და საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის განუსაზღვრავს დროს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს განუსაზღვროს დამატებითი დრო, რომელიც არ გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას. 

მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

შეკითხვების ეტაპი

მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს. 

მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ, მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

მტკიცებულებათა გამოკვლევა 

მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების პროცესში სასამართლო მიმართავს მხარეებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები სადავო მტკიცებულების ან მასში მითითებული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.  

მტკიცებულებები, რომელთა განხილვა და შემოწმება მხარეებმა არ მოითხოვეს და მოსამართლემ თავისი ინიციატივით არ განახორციელა, გამოკვლეულად ითვლება. 

პაექრობის ეტაპი 

მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შემდეგ სასამართლო საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა. 

პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ – მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მესამე პირი, რომელმაც განაცხადა დაწყებულ პროცესში დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა, და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. ხოლო მესამე მესამე პირი, რომელსაც დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა არ განუცხადებია, და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზედაც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.  

რეპლიკა

მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით მოპასუხეს და მის წარმომადგენელს. მხარეთა პაექრობის შემდეგ სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს სხდომის დარბაზში დამსწრე პირებს. 

საბოლოო გადაწყვეტილება 

საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.  

თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა.  

სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს მისი გასაჩივრების წესსა და ვადას. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე ასევე უფლებამოსილია, განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები. 

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით. 

თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, იგი დადგენილ უნდა იქნეს ხმების უმრავლესობით. არცერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს მოსამართლეების შემდეგ. მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში არ გამოცხადდება. მოსამართლეებს უფლება არა აქვთ, გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა. 

თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე.