კლანური მმართველობის ნიშნები 20 წლის წინანდელ საქართველოში

20.12.2022

„კლანური მმართველობა“ ის ტერმინია, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის დახასიათებისას ხშირად ისმის. საინტერესოა, რა იგულისხმება „კლანში“ და როგორ დაუკავშირდა ის სასამართლო ხელისუფლებას. 

ზოგადად, „კლანი“ ასოცირდება ადამიანთა ჯგუფთან, დიდ ოჯახთან, რომელიც მომდინარეობს საერთო წინაპრიდან და გაერთიანებულია საერთო ინტერესებითა და მახასიათებლებით. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით

„კლანს შეუძლია, შექმნას თავისი თავი, რათა უკეთ მოახერხოს სოციალური სივრცის მართვა, რომელიც დაეხმარება მას თავის დაცვასა და სტაბილურობაში.“

„კლანი“, როგორც საქართველოს ხელისუფლების შტოების მახასიათებელი

Hertie School of Governance-ის მიერ 2014 წელს შემუშავებულ მიმოხილვის დოკუმენტში, რომელიც საქართველოში კორუფციასა და მმართველობის შეფასებას ეხება, აღნიშნულია, რომ საქართველოში სახელისუფლებო მმართველობა ყოველთვის დაკავშირებული იყო კლანებთან, რის ნიშნებსაც ვაწყდებით შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის მმართველობის პირობებში.

უფრო ადრე კი, 2002 წელს, ტერმინი „კლანი“ გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლების დახასიათებისას, როდესაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და დელეგაციის სხვა წევრები ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, როგორც ევროპის საბჭოს ახალ წევრ ქვეყნებში. ვიზიტის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც აღწერს სამივე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. მასში არაერთხელ არის ყურადღება გამახვილებული საქართველოში არსებულ კლანურ მმართველობაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას.

2002 წელს მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: 

„მაგალითად, საქართველოში კანონმდებლობა ძალიან გაუმჯობესებულია, მაგრამ კლანური სისტემის დემოკრატიულთან დაპირისპირებამ გამოიწვია დაუსჯელობის სახიფათო დონე“;

„პოლიტიკური ფრაგმენტაცია პარალიზებულს ხდის ქვეყნის პარლამენტს და კლანური სისტემა ასუსტებს კანონის უზენაესობას, რაც ქმნის არასტაბილურ და დაუცველ გარემოს“;

„მოსამართლეები და ადვოკატები დაექვემდებარნენ დაშინებას და ფიზიკურ მუქარას ხელისუფლების, კლანებისა და მედიის ნაწილის მხრიდან“;

„ქვეყანაში კანონმდებლობის არასათანადოდ გამოყენებამ, ისევე, როგორც ფართოდ გავრცელებულმა კორუფციამ, გამოიწვია მძიმე მდგომარეობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიუხედავად პროგრესისა, რომელიც მიღწეულ იქნა სასამართლო სისტემის რეფორმისა და პატიმრობის ახალი კანონის შედეგად“;

„რეფორმები უნდა გაგრძელდეს, inter alia მოსამართლეთა სწავლებით, მაგრამ მენტალობის შეცვლას უფრო მეტი დრო დასჭირდება“. 


„ქართული ოცნების“ დაპირება

საქართველოში ტერმინი „კლანი“ სასამართლო სისტემის მიმართ განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებების შემდგომ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაპირებას სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება წარმოადგენდა.

„ქართული ოცნების“ პირველ, 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ვხვდებით შემდგომი სახის დაპირებას

  • „უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“;
  • „ხალხის ნდობით აღჭურვილი სასამართლო ხელისუფლების შექმნისა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად აუცილებელია როგორც მოსამართლის პიროვნული, ისე სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამასთანავე, სავალდებულოა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების დაბალანსება. ამ მიზნის, ანუ პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედებისაგან სასამართლოს გათავისუფლების, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისა და ქმედითი საკონსტიტუციო კონტროლის მიღწევას ემსახურება სასამართლო რეფორმის ჩვენი კონცეფცია…
ის, თუ როგორ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების დაბალანსების“ დაპირება, უახლოეს მომავალში ცალკე მიმოვიხილავთ.

ამ დანაპირებიდან 10 წელი გავიდა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. უფრო მეტიც, ევროინტეგრაციის გზაზე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შესრულდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ერთ-ერთი მოთხოვნა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას შეეხება და ხელისუფლებას ასეთ პირობას უყენებს: „უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე, დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება.“

რამდენიმე თვით ადრე კი, ევროკავშირის 2022 წლის მარტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შეფასებაა, სასამართლო რეფორმის შესახებ ვკითხულობთ:

  • „[მოსამართლეთა] დანიშვნის პროცედურებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაზრდილი გამჭვირვალობის მიუხედავად, არსებობს მტკიცებულება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ ირჩევს კანდიდატებს „კლანისადმი“ ლოიალობის საფუძველზე.“


ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი ან განცხადება, რომელშიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის „კლანზე“ საუბრობენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2018, 2019, 2020, 2021 წლის ანგარიშებში სასამართლო სისტემის კლანი ნახსენებია ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირება, მოსამართლეების მიერ მაღალი პოზიციების დაკავება (დაწინაურება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა), სასამართლო რეფორმაზე გავლენა, სასამართლო სისტემის კონტროლი და სხვ. 

საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანება, არაფორმალური და ფორმალური კავშირების დამყარება, სტაბილურობის შენარჩუნება და ზომების მიღება თავდაცვის მიზნით, ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რითაც სასამართლოს დღევანდელი მართვის სტილი გამოირჩევა. იმ დროს, როდესაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არც კი აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის არსებობას, შეუძლებელია, პრობლემის აღმოფხვრის მოლოდინი გქონდეს.

არადა, 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მმართველობის შესაფასებლად დეფინიცია „კლანი“ გამოიყენეს (მართალია, ზოგად კონტექსტში), თუმცა ეს საკითხი დღესაც არ კარგავს აქტუალობას, ამჯერად სასამართლოსთან მიმართებით. ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა დრო გვჭირდება იმისთვის, რომ კლანური გავლენისგან სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ გათავისუფლდეს.



-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: ანა ჩიქოვანი