მოსამართლეთა ვაკანსიები, რომლებზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსს არ აცხადებს 

03.12.2022

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2022 წლის 25 ნოემბერს სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა. თუმცა რჩება ვაკანსიების მცირე ნაწილი, რომელთა შევსებაც ამ ეტაპზეც არ იგეგმება. 

მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა და, შესაბამისად, მოქმედ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს სასამართლოს ეფექტიანობას და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. სასამართლოს გადატვირთულობა ამ ეტაპზე წარმოადგენს მართლმსაჯულების სფეროს ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს და ამ მიმართულებით ზომების მიღება აუცილებელია საერთო სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების ჯეროვნად განსახორციელებლად. 

ყურადღებას იქცევს ის სასამართლოები, სადაც ვაკანტური ადგილებია, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი არ გამოაცხადა.


თბილისის სააპელაციო სასამართლო

  • მოსამართლეთა შტატების საერთო რაოდენობა - 89
  • მოქმედ მოსამართლეთა რაოდენობა - 75
  • ვაკანტური ადგილი - 14
  • კონკურსი გამოცხადდა 5 ვაკანტურ თანამდებობაზე, არ გამოცხადდა 9 ადგილზე (მათ შორის საგამოძიებო კოლეგიაში და სისხლის სამართლის საქმეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლო

  • მოსამართლეთა შტატების საერთო რაოდენობა - 151 (ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 61 მოსამართლით; ბ) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში – 53 მოსამართლით; გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 37 მოსამართლით.)
  • მოქმედ მოსამართლეთა რაოდენობა - 126
  • ვაკანტური ადგილი - 25
  • კონკურსი გამოცხადდა 17 ვაკანტურ თანამდებობაზე, არ გამოცხადდა 8 ადგილზე.

    ბათუმის საქალაქო სასამართლო

    • მოსამართლეთა შტატების საერთო რაოდენობა - 16
    • მოქმედ მოსამართლეთა რაოდენობა - 11
    • ვაკანტური ადგილი - 5
    • კონკურსი გამოცხადდა 1 ვაკანტურ თანამდებობაზე (მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში), არ გამოცხადდა 4 ადგილზე.


    ოზურგეთის რაიონული სასამართლო

    • მოსამართლეთა შტატების საერთო რაოდენობა - 5 
    • მოქმედ მოსამართლეთა რაოდენობა - 2
    • ვაკანტური ადგილი - 3
    • კონკურსი გამოცხადდა 2 ვაკანტურ თანამდებობაზე (მაგისტრატი მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 1, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - 1), არ გამოცხადდა 1 ადგილზე.

    ფოთის საქალაქო სასამართლო
    • მოსამართლეთა შტატების საერთო რაოდენობა - 4 
    • მოქმედ მოსამართლეთა რაოდენობა - 3
    • ვაკანტური ადგილი - 1
    • კონკურსი ვაკანტურ ადგილზე არ გამოცხადებულა.
    „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლი განსაზღვრავს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესს. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის საფუძველზე. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობასაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს (2020 წლის 16 ივნისის #3 დადგენილება). ამჟამად არაერთი სასამართლოა საქართველოში, რომელიც სრულად არ არის დაკომპლექტებული. 

    ბოლო წლებში შეიმჩნევა მოსამართლეთა ვაკანსიებზე კონკურენციის ნაკლებობის ტენდენცია. 2021 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 42 ადგილზე გამოაცხადა კონკურსი. კონკურსის პირველ ეტაპზე ფორმალური კრიტერიუმები 13-მა კანდიდატმა დააკმაყოფილა. საბოლოოდ, სასამართლო სისტემა უნდა შევსებულიყო 42 მოსამართლით, თუმცა თანამდებობაზე მხოლოდ 7 მოსამართლე გამწესდა. 

    მსგავსი პრაქტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლეთა ვაკანსიებზე კონკურსის მხოლოდ გამოცხადება ვერ იქნება სასამართლოების სათანადო კადრებით შევსების გარანტია (მოსამართლეთა დანიშვნების სხვა პრობლემურ მხარეებზე ამჯერად არ ვამახვილებთ ყურადღებას). საჭიროა ისეთი ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გახსნილობას, ფორმალური და არაფორმალური ბარიერების გათვალისწინებით, რათა სასამართლოების კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებით შევსების რეალური პერსპექტივა გაჩნდეს. 

    ამ პირობებში გაუგებარია, რა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როდესაც ის მთელ რიგ სასამართლოებში კონკურსს აცხადებს ვაკანსიებს, ხოლო მცირე ნაწილზე ვაკანტური ადგილების საკითხს ღიად ტოვებს.
     
    -----
    courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

    ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური Facebook-გვერდი.

    ავტორი: სოფიკო ბერიშვილი