26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 7 დღით ადრე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად, წილისყრები გაიმართება. ამ საკითხზე განსხვავებულ ჩანაწერს ამოიკითხავთ საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმად, წილისყრა არჩევნების დღეს ტარდება, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე. ამიტომ სადავო გახდა ცესკო-ს 2024 წლის 18 აგვისტოს დადგენილება, რომელმაც წილისყრისთვის განსხვავებული ვადა განსაზღვრა.
სამართლებრივი აქტი მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პარტია ამტკიცებდა, რომ სადავო დადგენილება არღვევდა საარჩევნო კოდექსს, რადგან არ არსებობდა რამე განსაკუთრებული გარემოება, რის გამოც საჭირო იქნებოდა ასეთი ცვლილება. სარჩელში, აგრეთვე, ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ ცესკოს დადგენილება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონთან, რომელიც წილისყრის ჩატარების დროდ კენჭისყრის დღეს მიუთითებს.
ცესკო-ს წარმომადგენლის განმარტებით, 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილების ("კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ") მიხედვით, ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. წილისყრის დანარჩენი პროცედურების კენჭისყრის დღეს ჩატარება კი ცესკო-ს წარმომადგენლის პოზიციის მიხედვით, გამოიწვევდა საარჩევნო პროცესის არაორგანიზებულად წარმართვასა და პროცედურების არაერთგვაროვნებას, მაშინ როდესაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო-ს ევალება კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენება და პროცედურების ერთგვაროვანი წარმართვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა აფციაურმა გაიზიარა ცესკო-ს ხედვა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. მან აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სადავო დადგენილებით განსაზღვრული ვადები არ განსაზღვრავს იმგვარ წესს, რომელიც შეიძლება, არღვევდეს მოსარჩელის უფლებას.
ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (ამიკუსი) წარადგინა ა(ა)იპ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია). საიამ ყურადღება გაამახვილა მათ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ წილისყრის პროცედურა არასდროს გამხდარა საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი. Საიამ მიიჩნია, რომ ცესკომ არ დაასაბუთა ის პრაქტიკული მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო აღნიშნული დადგენილების მიღებას და მხოლოდ პროცესის არაორგანიზებულად წარმართვის სავარაუდო შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიზებულების გამო, კომისიის წევრების როლების შერჩევის, მინიმუმ, შვიდი დღით ადრე გამოცხადება ქმნის იმის რისკს, რომ შესაბამისი პოლიტიკური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ეს პირები შეიძლება აღმოჩნდნენ ზეწოლის ან დაშინების მაღალი რისკის ქვეშ. ორგანიზაცია აგრეთვე მიუთითებდა იმაზე, რომ ცესკოს დადგენილება კომისიის წევრთა წილისყრის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის შესაძლებლობას ამცირებს.
ამავე საკითხთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს ჩატარებული წილისყრა ამცირებს კომისიის წევრთა მიმართ ზეწოლისა და ზემოქმედების საფრთხეს. გარდა ამისა, წილისყრის პროცედურების კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად ართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას.
მოსარჩელე მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომას, მონიტორინგის მიზნით, სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი ესწრებოდა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო -ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს ვალდებულება საარჩევნო პროცესის ერთგვაროვან წარმართვასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, გახდეს იმის საფუძველი, რომ ორგანომ კანონმდებლობისგან განსხვავებული წესი დაადგინოს. რეალურად, კანონმდებლობისგან განსხვავებული ვადების დაწესება შეიძლება მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, რომელსაც კანონი მხოლოდ „აუცილებლობისას“ უშვებს. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ „აუცილებლობის“ დასაბუთება ცესკო-ს წარმომადგენლის მხრიდან არ მომხდარა. შესაბამისად, პარტია მიიჩნევდა, რომ აღნიშნული არგუმენტების არგათვალისწინების პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და სადავო აქტი უნდა გაბათილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და პოლიტიკური გაერთიანების - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
---
სტატია მომზადდა „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.