ქართული ფეხბურთის ისტორიის გაცნობისას გადააწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ფეხბურთი ინგლისელებმა შემოიტანეს. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ჩამომდგარი ბრიტანული გემების მეზღვაურები ერთმანეთში ხშირად თამაშობდნენ „ფუტბოლს“, რომელიც მალევე შეითვისეს ქართველებმაც. არ არის ცნობები იმის შესახებ, ზუსტად როდის გაიმართა საქართველოში პირველი საფეხბურთო მატჩი, თუმცა ცნობილია, თუ როდის ალაპარაკდა ქართული პრესა ფეხბურთზე (1890 წელი).
არც იმის გაგებაა მარტივი, როდის ჩატარდა მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებს შორის პირველი საფეხბურთო მატჩი ან სხვა სახის სპორტული შეჯიბრება, თუმცა მარტივია ინფორმაციის მოძიება იმაზე, თუ როდის დარეგისტრირდა, მაგალითად, სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „არწივები“. თუ რა კავშირი აქვს „არწივებს“ მართლმსაჯულების სისტემასთან, ამას მოგვიანებით გავიგებთ. ამ ეტაპზე პრობლემებზე ავიღოთ ორიენტაცია. რაკი მართლმსაჯულება უკვე ვახსენეთ, პრობლემებს გვერდს ვერ ავუვლით.
სასამართლოსთან დაკავშირებით ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს, მაგალითად ის, თუ რამდენად რთულია მოქალაქისთვის სასამართლოსთან კომუნიკაცია. ხშირად საერთო სასამართლოების ვებგვერდებიც კი არაინფორმატიულია, გაბნეულია ან საერთოდ არ იძებნება ინფორმაცია სახელმწიფო ბაჟზე, სასამართლოს განსჯადობაზე, სრულყოფილად არ იძებნება სტატისტიკური მონაცემებიც საჯარო ინფორმაციების გაცემასთან, შემოსულ, დასრულებულ და ნაშთად დარჩენილ საქმეებთან დაკავშირებით. ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ თავის კვლევაში - „სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი“.
ზემოაღნიშნული პრობლემების ფონზე კიდევ უფრო უცნაურია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა „წვლილი“ შეაქვთ საერთო სასამართლოებს ქართული სპორტის „აღორძინებაში“, თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ საკითხზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს. არსებულ რეალობაში კი მოიაზრება ის, რომ მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დაარეგისტრირა (19 სექტემბერი, 2016 წელი) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. ამ გუნდს დღემდე „რეგისტრირებულის“ სტატუსი აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდს „არწივები“ ჰქვია და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება არ არის შესრულებული, რადგან როგორც საჯარო რეესტრის ჩანაწერებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „არწივები“ არ არის მოყვანილი შესაბამისობაში 04.08.2021-ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ასევე ირკვევა, რომ მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდ „არწივების“ რეგისტრაციაზე განმცხადებელი პირი გიორგი დავითაშვილია და სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს შევიდა. გიორგი დავითაშვილი არის ასევე ხსენებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თავმჯდომარე, ხოლო მმართველი ორგანო საერთო კრებაა.
ეს ის მცირედი ინფორმაციაა, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი „არწივების“ შესახებ. მეტი დეტალი – მაგალითად, ჩატარებული მატჩების, გუნდის წევრების და ხარჯების შესახებ – არ იძებნება. სწორედ ამიტომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, მოეწოდებინათ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გუნდთან მიმართებით, ასევე ზოგადად სხვა სპორტული სამოყვარულო გუნდების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია. რამდენიმე დღის შემდეგ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისგან მიღებული პასუხის თანახმად, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას საერთო სასამართლოების ფარგლებში საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბების არსებობის შესახებ. შესაბამისად, 2018-2023 წლებში საერთო სასამართლოების ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა თანხა საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბების დასაფინანსებლად.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირებაც კი ვერ მოვახერხე, თუმცაღა ვიმედოვნებ, რომ გაგზავნილ შეკითხვაზე პასუხს ოდესმე აუცილებლად მივიღებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დუმილი სხვა პრობლემას უკავშირდება, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვალდებულებების უგულებელყოფას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო დაწესებულებებისთვის პირდაპირ ადგენს ვალდებულებას, რომ უნდა გასცენ საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული პირობები, ასევე, ამავე კოდექსის, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განმცხადებელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნულ ვალდებულებას არ ასრულებს. შესაძლოა, სასამართლოს ინსტანციებს შორის გასამართი საფეხბურთო მატჩებისთვის ემზადებიან და დრო არ აქვთ.
ისღა დაგვრჩენია, წარმოვიდგინოთ გამართული მატჩები და გუნდის საქმიანობა. მაინც როგორი იქნებოდა/ არის მზადების პროცესი? ვინ არის „არწივების“ „ფეოლა“?
დაბოლოს, არ ვცდილობ იმის თქმას, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რომელიც განწყობას გვიქმნის, რომლის გამოც შეგვიძლია, შეუძლებელი შევძლოთ, გვქონდეს კვარადონას იმედი და გვიყვარდეს, მინიმუმ, ეროვნული ნაკრები, ყველაფრის მიუხედავად.
ფეხბურთისადმი სიყვარულის გამოხატულებაა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდებიც, თუმცა, სიმართლე გითხრათ, გაკვირვება ვერ დავმალე, როდესაც საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სრულიად შემთხვევით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდს გადავაწყდი და იმ წამიდან ვცდილობ იმის წარმოდგენას როგორ სთხოვს მწვრთნელი მეორე ინსტანციას, გოლი გაუტანოს პირველ ინსტანციას.
„ხვედელიძე, გოლი, გოლი მინდა, 2 გოლი“ და 1 განაჩენიც.ჩემსავე წარმოდგენებში, შეიძლება ითქვას, რომ „ბიჭებმა ყველაფერი დადეს“, მაგრამ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რომ არა დამატებითი 24 თვე, შესაძლოა, სხვა შედეგი დამდგარიყო.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.