გასული წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად ერთი კონკურსი გასული წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა და განაცხადების მიღების ვადა 8 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. ხოლო მეორე კონკურსი 31 დეკემბერს გამოცხადდა და განაცხადების მიღების ვადა 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.
პირველი კონკურსის გამოცხადების საფუძველი გახდა, 2024 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის შალვა თადუმაძის გადადგომა, რის შემდეგაც უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლის ადგილი ვაკანტური გახდა. შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2019 წლის დეკემბრიდან ეკავა. მოსამართლედ დანიშვნამდე თადუმაძე არაერთ სახელმწიფო თანამდებობაზე იყო დანიშნული. სხვადასხვა დროს ის იყო მთავრობის საპარლმენტო მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შემდეგ მთავარი პროკურორი. ამის შემდეგ კი მიუხედავად იურიდიული განათლების დამადასტურებელ დიპლომთან დაკავშირებული გაურკვევლობისა საქართველოს პარლამენტმა მას ნდობა გამოუცხადა და უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
ერთერთი იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეებს შორის. კერძოდ თადუმაძე იყო უზენაესი სასამართლოს იმ საკასაციო პალატის შემადგენლობაში, რომელმაც გააუქმა დავით კეზერაშვილის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 23 მაისს მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილება და კეზერაშვილი დამნაშავედ სცნო სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების მითვისებაში - გათვალისწინებული სსსკ-ის 182 მუხლის მე-2(დ) და მე-3(ბ) პუნქტებით. დავით კეზერაშვილმა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 2024 წლის 5 დეკემბერს ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ უზენესი სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობა იმთავითვე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად არ ჩათვალა, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში შალვა თადუმაძის ყოფნით დაირღვა ობიექტური მიუკერძოებლობა, რადგან აღნიშნული საქმის გამოძიების დროს შალვა თადუმაძე დაინიშნა გენერალურ პროკურორად და ის პასუხისმგებელი იყო პროკურატურაში მიმდინარე პროცესებზე, იმის მიუხედავად უშუალოდ მონაწილეობდა თუ არა აღნიშნული საქმის გამოძიებაში. შესაბამისად საქმის განმხილველი სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა დაადგინა.
2024 წლის დეკემბერში, როდესაც პროევროპული აქციების მონაწილეთა მიმართ ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყო, რომლის მთავარ ინსტრუმენტად სასამართლო მოგვევლინა, შალვა თადუმაძე ლიეტუვას მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს შორის მოხვდა, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი. ბუნებრივია ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შალვა თადუმაძის მიერ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობის დატოვება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო მცირევადიან პოზიციაზე დანიშვნა სწორედ ზემოთაღნიშნულ მოვლენებს შეიძლება უკავშირდებოდეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი მეორე კონკურსი, რომელიც გასული წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა, უკავშირდება მოსამართლის თანმდებობას, რომელიც ვაკანტური 2025 წლის 1 სექტემბერს გახდება. კერძოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - ნუგზარ სხირტლაძეს 2025 წლის 31 აგვისტოს საპენსიო ასაკის შესრულების გამო მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდება. შესაბამისად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვაკანსიის წარმოშობამდე თითქმის 8 თვით ადრე დაიწყო კანდიდატების შერჩევის პროცესი.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე ხანგრძლივი დროით ადრე იწყებს პარლმანეტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცესს. მაგალითად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ეკატერინე გასიტაშვილის ადგილზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი ვაკანსიის წარმოშობამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა. ხოლო ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილის დასაკავებლად - 9 თვით ადრე. არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული პრაქტიკა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭო ცდილობს მოასწროს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება სასურველი კადრებით.
----------------
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.