მიმდინარე წლის 26 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საქართველოში საინვესტიციო გარემოს შეფასების ანგარიში.
სხვა საკითხებთან ერთად მასში განხილულია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი მდგომარეობა. ზემოთაღნიშნული ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია და მასში ღიად არის დასახელებული ქართული სასამართლო სისტემის ისეთი მწვავე პრობლემები, როგორიც არის არაფორმალური გავლენები და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის სხვადასხვა მექანიზმები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოების თავმჯდომარეების დაუბალანსებელი ძალაუფლება; ასევე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა სასამართლოს სისტემაში.
დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა პრობლემად რჩება და ამის დამადასტურებლად მითითებულია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული ეჭვები. მითითებულია, რომ ხელისუფლების ყოყმანი (მერყეობა) დროულად მოახდინოს სასამართლო სისტემის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება და უზრუნველყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მისი სრული შესაბამისობა, ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი ნდობას.
ანგარიშში მითითებულია: „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციითა და კანონებით არის უზრუნველყოფილი სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის აშკარა ნიშნები. მოსამართლეები არიან მოწყვლადი სასამართლოს შიგნიდან და გარედან მომდინარე პოლიტიკური გავლენების მიმართ.“ ასევე მითითებულია, რომ გავლენას ფლობს მოსამართლეთა ჯგუფი, რომელსაც მეტწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სასამართლოების თავმჯდომარეები წარმოადგენენ. ეს ჯგუფი სასამართლო სისტემაში კრიტიკულ აზრს ახშობდა და ხელს უშლიდა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების ყველა ინიციატივას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოების ხელმძღვანელ პირებს კი ძირითადად წარმოადგენენ მოსამართლეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სასამართლოში გაზრდილ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.
ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების ფარგლებში მომზადდა და რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს აისახა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ „ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის სამიზნეც როგორც ჩანს არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები და რომელიც ახდენს დისციპლინური წარმოების საფუძვლების გაფართოებას და ემსახურება სასამართლოს ამჟამინდელი ხელმძღვანელების ძალაუფლების შენარჩუნებას.....“
დოკუმენტში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ ეს პრობლემები მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი არამხოლოდ საზოგადოების, არამედ ინვესტორების ნდობას და საინვესტიციო გარემოს უარყოფითად წარმოაჩენს.
--------
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.