ინიციატივის მიზანია, შეფასდეს, რამდენად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია სასამართლო საარჩევნო დავების განხილვისას.
სასამართლოს გუშაგი დააკვირდება სასამართლო პროცესებს, როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში. გარდა ამისა, შეისწავლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას წინასაარჩევნო პერიოდში.
ორგანიზაციის გუნდმა ამ ეტაპზე უკვე დაასრულა პროექტის მეთოდოლოგიაზე მუშაობა. სამუშაო პროცესში, სასამართლოს გუშაგის თანამშრომლების გარდა, ასევე ჩართული იყვნენ გარე ექსპერტები, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი მაია ბაქრაძე და ღია სივრცე კავკასიის ხელმძღვანელი ირმა პავლიაშვილი.
მაია ბაქრაძე: „სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყანაში სტაბილურობის და სამართლებრივი წესრიგის დამყარებაში. ხელისუფლების ამ შტოს ექსკლუზიური ფუნქციაა დავების საბოლოო გადაწყვეტა. არჩევნების დროს სასამართლომ საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების მიერ სადავოდ ქცეული საკითხები უნდა დაარეგულიროს. თუკი სასამართლო პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება, მოსამართლე დავებს მიუკერძოებლად განიხილავს და გადაწყვეტილებებს დამაჯერებლად დაასაბუთებს, მოქალაქეებს მთლიანად საარჩევნო პროცესის და შედეგების მიმართ ექნებათ ნდობა, რაც პოლიტიკურ კრიზისებს აგვაცილებს თავიდან. ამ პროექტის ფარგლებში სასამართლო პროცესებს თავად მოქალაქეები დააკვირდებიან და, ობიექტურ მონაცემებთან ერთად, თავიანთ აღქმებს და შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებენ. მოქალაქეების აღქმა კი ძალიან ღირებულია, რადგან მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა ჩანდეს, როგორც აღსრულებული.“
ირმა პავლიაშვილი: „ამომრჩეველთა ხმების დაცვის, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისა და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში დიდი მნიშვნელობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხორციელებულ სამართლიან მართლმსაჯულებას აქვს. მას არსებითი როლი აკისრია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობის შეფასების საქმეში. არჩევნებში ჩართული მხარეების უფლება-თავისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების ფარგლები განსაზღვრავს. საარჩევნო პროცესში სასამართლოს ფუნქციაა სწორად განმარტოს კანონი, დაადგინოს მისი შინაარსი და მოხსნას ის გაუგებრობა, რაც ახლავს საარჩევნო პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების (საარჩევნო ადმინისტრაცია, ანტიკორუფციული ბიურო და სხვა) მიერ ნორმის შეფარდებასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.“
გარდა ამისა, „სასამართლოს გუშაგმა“ ღია კონკურსის წესით უკვე შეარჩია 36 დამკვირვებელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს და სასამართლოს სხდომების დაკვირვებას აქტიურად დაიწყებენ.
დამკვირვებელი ელენე ჩოფიკაშვილი: „სასამართლოს გუშაგი აქტიურად ახორციელებს სასამართლო პროცესების მონიტორინგს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად. მისი წევრები მზად არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოს გამჭვირვალობას.“
მონიტორინგი განხორციელდება შემდეგ ქალაქებში:
თბილისი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ბათუმი, ბოლნისი, გორი, გურჯაანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ხაშური, ხელვაჩაური.
პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, თანამშრომლობისა და კოორდინაციის მიზნით.
მონიტორინგი მოიცავს 3-თვიან პერიოდს. მისი დასრულების შემდგომ მომზადდება და გამოქვეყნდება ანგარიში, რომელშიც დამკვირვებელთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგები აისახება.