ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა მომავალ წლისთვის საქართველომ უნდა განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. მართლმსაჯულების ნაწილში საქართველომ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- შეიტანოს ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რათა იგი სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შესახებ მოსამართლეთა გადაყვანასთან და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. უზრუნველყოფილი იქნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ეფექტიანი გასაჩივრების უფლება.
- გატარდეს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემაში, კერძოდ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
➡ უფრო კონკრეტულად, შეიქმნას საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება. იგულისხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოების თავმჯდომარეები. გარდა ამისა, შეიქმნას მუდმივი სისტემა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმებისა და კონსულტირების მიზნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები.
- მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს გენერალური პროკურორის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობით.
რაც შეეხება 12 პრიორიტეტის შესრულების შეფასებას, ევროკომისია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების (მესამე პრიორიტეტი) ნაწილში შემდეგ შეფასებას აკეთებს:
- არჩეულები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები;
- 2023 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, ხოლო ამავე წლის სექტემბერში შეიმუშავა დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებშიც გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის ზოგიერთი ძირითადი რეკომენდაცია. ივნისის ცვლილებებით მხედველობაშია მიღებული ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილებას და სხვა დამატებით საკითხებს შეეხება.
(ავტ. განმარტება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კენჭისყრის შედეგად სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.)
- ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, კიდევ ერთი საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შემცირებას ეხება, შესრულდება, თუ საქართველოს პარლამენტი სექტემბრის კანონპროექტს მიიღებს.
- ვენეციის კომისიამ თავის დასკვნებში არაერთხელ გაიმეორა მთავარი რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმასთან და უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ამ საკითხებს საკანონმდებლო ცვლილებები არ შეხებია. კერძოდ, ესენია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება და უფლებამოსილება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მანდატი, სხვა სასამართლოში მოსამართლეთა გადაყვანა მათი თანხმობის გარეშე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გასაჩივრების ეფექტიანი უფლება.
- საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის საფუძვლიანი და ეფექტიანი რეფორმა, რათა უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის ეფექტიანი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, და ჩაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს, საერთო ჯამში, აქვს მომზადების გარკვეული დონე ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით, მაგრამ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საერთო ჯამში, მიღწეული პროგრესი ლიმიტირებულია.
2022 წლამდე ჩატარებული სასამართლო რეფორმების ოთხი ტალღის შედეგად სასამართლოს ფუნქციონირების კუთხით სამართლებრივი ჩარჩო გაუმჯობესდა. გარდა ამისა, პარლამენტმა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, თუმცა ის არ პასუხობს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს, კერძოდ, სასამართლო სისტემაში უმაღლესი ორგანოების კეთილსინდისიერების განმტკიცების აუცილებლობას.
ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას, ასევე, მოსამართლეების დანიშვნების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხის ამაღლებას და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების პროფესიული გამოცდილების 10 წლამდე გაზრდას.
2023 წლის ივნისში პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში და 2023 წლის სექტემბერში შეიმუშავა დამატებითი ცვლილებები ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინებით. თუმცა, როგორც ევროკომისიის, ასევე, ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც არაერთხელ გამეორდა ვენეციის კომისიის 2023 წლის მარტის და 2023 წლის ოქტომბრის მოსაზრებაში, არ იქნა მხედველობაში მიღებული. განსაკუთრებით აღნიშნულია რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის და უზენაესი სასამართლოს შესახებ, კერძოდ საჭიროა:
- სიღრმისეული რეფორმების ჩატარება სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით ცვლილებების განხორციელება ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით;
- გაუმჯობესება და დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების და უფლებამოსილების კუთხით;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმის შემოღება, რათა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.
- ვენეციის კომისიამ აღნიშნა გარკვეული გაუმჯობესების შესახებ, რომელიც მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილებას და მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შემცირებას უკავშირდება.
ევროკომისიის შეფასებით, ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა კვლავ განუხორციელებელია. გამომდინარე აქედან, უნდა ჩატარდეს რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს და პროკურატურის, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებას და მიუკერძოებლობას. აღნიშნული რეფორმები უნდა დაეფუძნოს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.