ევროპული სასამართლოს შეფასებები საქმეზე ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ

15.10.2024

2023 წლის 7 სექტემბერს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ. 

საკითხი ეხება განმცხადებლის მიმართ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რამდენიმე ასპექტში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლიანი სასამართლოს უფლება არცერთ ასპექტში არ დარღვეულა, გადაწყეტილების დასაბუთება და სასამართლოს განმარტებები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მასში საუბარია ირიბი ჩვენების გამოყენების წესზე და მის შესაბამისობაზე სამართლიანი სასამართლოს პრინციპებთან, აგრეთვე სასამართლოს მიუკერძოებლობაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სხვა საკითხებზე. 

ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ 

საქმე ეხება 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ ლ.მ.-ს მკვლელობას. იმავე წლის 12 სექტემბერს დააპატიმრეს განმცხადებელი ლ.მ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ბრალდებით.

აღნიშნული ბრალდებები ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს:  

  1. განმცხადებლის მეგობარი ქალის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, მან მკვლელობის დღეს ნახა განმცხადებელი, რომელმაც უთხრა, რომ სასწრაფოდ აპირებდა ქალაქის დატოვებას.
  2. განმცხადებლის მეგობრის ჩვენებას, რომელიც წარმოადგენდა თვითმხილველ მოწმეს. იგი ადასტურებდა, რომ მკვლელობის დღეს ის და განმცხადებელი ერთად გადაადგილდებოდნენ ავტომობილით და მან დაინახა, როგორ გადავიდა განმცხადებელი მანქანიდან, მიუახლოვდა ქუჩაში მდგომ ლ.მ.-ს და ცეცხლსასროლი იარიღიდან ესროლა.
  3.  განმცხადებლის მეგობრის და მისი დედის ჩვენებებს, რომელთა თანახმად განმცხადებელი მკვლელობის დღეს, ღამის 11 საათზე, მათთან მივიდა და უთხრა, რომ ჩხუბის დროს დაჭრა ადამიანი და ქალაქი უნდა დაეტოვებინა, რისთვისაც სთხოვდა მათ დახმარებას ქალაქ ცხინვალში ჩასვლისა და იქ მცხოვრები მათი ნათესავების სახლში დამალვისათვის.
  4. ცხინვალში მცხოვრები ნათესავების ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ განმცხადებელი მათ სახლში იმალებოდა.
  5. მოკლულის დედის და სხვა მოწმეების ჩვენებებს 

გარდა ამისა ბრალდება ემყარებოდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების: 

  1.  შემთხვევის ადგილის დათვალიერების
  2. ტყვიის მასრების ბალისტიკური ექსპერტიზის
  3.  მეგობრის მანქანისა და მასში აღმოჩენილი განმცხადებლის თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებს. 

განმცხადებლის დაკავების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდის და საციალური მედიის საშუალებით. სამინისტრო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დაკავებული ცდილობდა გაქცევას ცხინვალის რეგიონიდან და საქართველოს პოლიციას ის დეფაქტო რეგიონის მთავრობამ გადასცა. მართალია სამინისტრომ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით განმცხადებლის სრული ვინაობა დამალა და იგი გიორგი ო.-დ მოიხსენია, მაგრამ მედიით გავრცელდა ბორკილდადებული ბრალდებულის ვიდეო კადრები, სადაც სრულად ჩანდა მისი სახე და ის თუ როგორ მიყავდა იგი ბადრაგს.  საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. 
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდების მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას იმ მოტივით, რომ ის წარმოადგენდა ირიბ ჩვენებას მოცემულ საქმეში. წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და განმარტა, რომ იგი არ იყო მხოლოდ ირიბი ჩვენება, არამედ შეიცავდა ინფორმაციას, საქმის სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით. 

პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სხდომაზე ბრალდების მხარის მრავალი მოწმე დაიკითხა. აგრეთვე განხილული იყო ექსპერტიზის დასკვნები და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების მასალები. 
დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზეც წარადგინა შუამდგომლობა, რომ დაუშვებლად ცნობილიყო მოწმეების: ბრალდებულის მეგობრის და მისი დედის, მათი ცხინვალში მცხოვრები ნათესავების, მოკლულის დედის და მოკლულის მეგობრის ჩვენებები, იმ მიზეზით, რომ ისინი ირიბ ჩვენებას წარმოადგენდა, ხოლო სხდომის თავმჯდომარემ კი განუმარტა ნაფიც მსაჯულებს, რომ აღნიშნული ჩვენებები არ მიეღოთ მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას.

დაცვის მხარემ შუამდგომლობა დაასაბუთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 22 იანვარს გამოტანილ გადაწყვეტილებით, რომელიც ეხება სისხლის სამართალწარმოებაში ირიბი მტკიცებულების დაშვების საფუძვლებსა და ფარგლებს. სხდომის თავმჯდომარემ არ დააკმყოფილა შუამდგომლობა და განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებით არ აუკრძალავს ირიბი ჩვენების გამოყენება, არამედ განსაზღვრა ზუსტი პროცედურა, ხოლო აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არ იყო მხოლოდ ირიბი მტკიცებულება, არამედ იგი შეიცავდა სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას საქმის გარემოებების შესახებ. 

მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ გამოიტანეს გადაწყვეტილება 2015 წლის 5 ივნისს, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში, ხოლო სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დაითხოვა ნაფიც მსაჯულები და დანიშნა სხდომა ახალ მსაჯულთა შესარჩევად. იუსტიციის მინისტრმა კი სატელევიზიო ინტერვიუებში განაცხადა: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტი უცხოა საქართველოს სასამართლო სისტემისა და ჩვენი სამართლებრივი ტრადიციებისთვის. სულ ცოტა ის საჭიროებს რეფორმირებას.“   ასევე დაამატა, რომ იგი ძალიან გააკვირვა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტმა და ის, რომ ნაფიც მსაჯული ყოფილიყო მოცემულ საქმეში აუცილებლად იქნებოდა იმ 7 მსაჯულთა შორის, რომელთაც ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას დაუჭირეს მხარი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტი სატელევიზიო ინტერვიუებში ასევე მწვავედ გააკრიტიკეს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა და გენერალური პროკურორის მოადგილემ. 

მეორე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

მეორე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის კანდიდატების შერჩევა 2015 წლის ივნისიდან - ნოემბრამდე მიმდინარეობდა. 2 დეკემბერს კი ახალი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვა დაიწყო, რომელზეც მოუსმინეს დაცვის და ბრალდების მოწმეებს (სულ 34 მოწმე).
 იქიდან გამომდინარე, რომ  ბრალდების ერთერთი მოწმე 2015 წლის 10 მაისს გაემგზავრა საქართველოდან, იმყოფებოდა აშშ-ში და შესაბამისად ვერ გამოცხადდებოდა სასამართლოში პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სხდომის თავმჯდომარეს, რომ მისი წერილობითი ჩვენება და ვიდეო ჩანაწერი (რომელიც ნოტარიუსის თანდასწრებით ჩაიწერა) დაეშვა მტკიცებულებად. პროკურორმა განმარტა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის დროის სხვაობის გამო მოწმე ვერ შეძლებდა სასამართლოს სხდომაზე დისტაციურად ჩართვას, რის გამოც მან გადაწყვიტა ვიდეო ჩაეწერა. სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნული ჩანაწერი დაუშვა მტკიცებულებად. 
მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ 2015 წლის 25 დეკემბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა ლ.მ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებასთან (სსსსკ-ის 109(3) მუხ.), ხოლო გამამართლებელი ვერდიქტი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდებასთან (სსსსკ-ის 236 (1) და (2) მუხ.) დაკავშირებით. 26 დეკემბერს კი სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრალდებულს. 
2016 წლის 25 იანვარს განმცხადებელმა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, იმ მოტივით, რომ ვერდიქტი დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყო მისთვის. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო საჩივარი წარმოებაში. 

1. უფლება მიუკერძოებელ სასამართლოზე. ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლი.

განმცხადებელი მეორე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიუკერძოებლობას ეჭვის ქვეშ აყენებდა შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლო განხილვამდე სხვადასხვა თანამდებობის პირებმა გააკეთეს ისეთი საჯარო განცხადებები, რომელიც არღვევდა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას. 
2. მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები შეიცავდა პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და მისი ვერდიქტის შეუსაბამო კრიტიკას.
3. პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის საიდუმლოება დაირღვა ერთერთი მსაჯულის მიერ, რასაც არ მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და არ ჩატარებულა ობიექტური გამოძიება. 

 
სასამართლოს მიუკერძოებლობას ევროპული სასამართლო ორი ასპექტით- სუბიექტური და ობიექტური ფაქტორით აფასებს. 
1. სუბიექტურ ფაქტორთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა წევრების პირადი მიუკერძოებლობა დაცულად ითვლება,  ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. მსაჯულთა მიკერძოებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მოცემულ საქმეში არ არსებობს, რადგან განმცხადებელი არ ამტკიცებდა, რომ ადგილი ჰქონდა მეორე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ან მისი რომელიმე წევრის პირადი მიკერძოებას ან წინასწარგანწყობას.   შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუკერძოებლობის პრინციპი სუბიქტურ ასპექტში დაცულია. 
2. რაც შეეხება ობიექტურ ფაქტორს ევროპულმა სასამართლომ განაცხადა „...მართლმსაჯულების სამართლიანობასთან დაკავშირებულ საქმეებში, მაღალ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული საჯარო განცხადებები, მათი შინაარსის და ფორმის გათვალისწინებით, შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლეებზე არასათანადო გავლენის მოხდენის მცდელობად და შესაბამისად წარმოადგენს გასათვალისწინებელ ელემენტს, იმის განსაზღვრისას წარმოდგენილ საქმეში იყო თუ არა დაცული „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს“ უფლება კონვენციის მე-6(1) მუხლის კონტექსტში.   
 

სასამართლო მედიის მიერ საქმის გაშუქებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქმისწარმოებას თან ახლდა სახიფათო მედია კამპანია, რომელსაც შეეძლო ზიანი მიეყენებინა სამართლიანი განხილვისთვის,  ნაფიცი მსაჯულებისათვის არაპირდაპირ კარნახით გამოეტანათ გამამტყუნებელი განაჩენი.  
   

ოქროპირიძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ სასამართლო მსჯელობს მაღალი თანამდებობის პირების საჯარო  განცხადებებთან დაკავშირებულ რისკებზე და იმ პოტენციურ გავლენაზე რაც შეიძლება განცხადებებმა იქონიოს სასამართლოს სამართლიანობაზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეხება: „განსხვავებით პროფესიონალი მოსამართლისგან ნაფიც მსაჯულებს არ აქვთ სამართლებრივი განათლება და გამოცდილება და შესაბამისად შეიძლება უფრო მოწყვლადი იყვნენ გარე გავლენების მიმართ...“  მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები პროცესისადმი მედიის გადაჭარბებული ყურადღებით და მათ მიერ დასმული შეკითხვებით იყო განპირობებული, ევროპული სასამართლო აღნიშნულ განცხადებებს მაინც რისკისშემცველ ფაქტორად მიიჩნევს მიუკერძოებლობის პრინციპის კონტექსტში: „სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო განცხადებებს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან შეეძლო ნაფიცი მსაჯულებისთვის წარმოეშვა განცდა, რომ სასამართლო პროცესზე მათი ქმედებები იყო დაკვირვების და შეფასების ობიექტი. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო პირველ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში თათბირის საიდუმლოების დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მყისიერი გამოძიება არ ჩატარებულა, შეეძლო პოტენციურად ემოქმედა მეორე ნაფიც მსაჯულთა სიმშვიდესა და დამოუკიდებლობაზე, რომლითაც სასამართლოს უნდა განეხორციელებინა თავისი უფლებამოსილება.“  ბუნებრივია ევროპული სასამართლო ამ გარემოებებს არ მიიჩნევს პირდაპირ მტკიცებულებად იმისა, რომ მეორე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მიკერძოებული იყო და აცხადებს, რომ წინამდებარე საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი დამნაშავედ ცნობის შესახებ მიღებული იყო სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებების გავლენით.  თუმცა იგი მიიჩნევს, თანამდებობის პირებმა განცხადებები სიფრთხილით უნდა გააკეთონ, სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რათა მათმა განცხადებებმა ზიანი არ მიაყენოს სასამართლოს მიმართ ნდობას. 
ევროპულმა სასამართლომ სასამართლოს მიუკერძოებლობის კონტექსტში მე-6 მუხლის 1 პუნქტის დარღვევა არ დაადგინა. 

2. ჯვარედინი დაკითხვის უფლება და ირიბი მტკიცებულების დასაშვებობა - ევროპული კონვენციის მე-6 (1) და (3) („დ“) მუხლი 

მტკიცებულების დასაშვებობაზე მსჯელობისას ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში იმეორებს, რომ ეს საკითხი ეროვნული სამართლით რეგულირების სფეროს განეკუთვნება და ევროპული სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის შეაფასოს, უნდა დაეშვა თუ არა მოსამართლეს ესა თუ ის ინფორმაცია მტკიცებულებად. ევროპული სასამართლო აფასებს რამდენად წარიმართა პროცესი სამართლიანი სასამართლოს პრინციპების შესაბამისა და აღნიშნულ საქმეში სწორედ სამართლიანობის კონტექსტში განიხილა დაუსწრებელი მოწმის ჩვენების მტკიცებულებად დაშვების საკითხი. 

2015 წლის მაისში ბრალდების ერთერთი მოწმე - ბრალდებულის მეგობარი ქალი თ.ა. ხანგრძლივი ვადით გაემგზავრა აშშ-ში, რის გამოც შეუძლებელი გახდა მისი გამოცხადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომაზე. 

სსსსკ-ის 114-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გამონაკლის გარემოებებს, როდესაც მოწმე ბრალდების მხარის ან დაცვის მხარის შუამდგომლობით შეიძლება დაიკითხოს გამოძიების ეტაპზე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. მათ შორის ერთერთია გარემოება, როდესაც მოწმე დიდი ხნით ტოვებს ქვეყანას.  სწორედ აღნიშნულ ნორმაზე დაყრნობით, ბრალდების მხარის შუამდგომლობით მოსამართლემ საქმეზე მტკიცებულების სახით დაუშვა ბრალდებულების მეგობარი ქალის, თ.ა.-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების წერილობითი ოქმი და ნოტარიუსის თანდასწრებით ჩაწერილი ვიდეო. ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დაასაბუთა იმ არგუმენტით, რომ აღნიშნული მოწმე ფლობდა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას  და  საჭირო იყო მისი მოწმედ დაკითხვა, მაგრამ აშშ-სა და საქართველოს შორის დროის სხვაობის გამო შეუძლებელი იყო მოწმის დისტანციურად დაკითხვა სასამართლო სხომაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიეცა საშუალება დაეკითხა დაუსწრებელი ბრალდებულის მოწმე და ვიდე ჩვენება ჩაწერილი იყო განმცხადებლისა და მისი ადვოკატის დასწრების გარეშე. 

მთავრობის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სსსსკ-ის 243 მუხლი უშვებს ქვეყნიდან წასული მოწმის ჩვენების მტკიცებულებად დაშვებას სასამართლომ არაერთხელ მიუთითა რომ საზღვარგარეთ გამგზავრება თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს შესაბამისი მოწმის სასამართლოში არყოფნის გასამართლებლად.  

„მოცემულ საქმეში ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მოწმის ადგილსამყოფელი. ცხრასაათიანი დროის სხვაობა საქართველოსა და  შეერთებულმა შტატებს შორის თავისთავად ვერ ამართლებს სხდომის თავმჯდომარის ძალისხმევის ნაკლებობას მოწმის დისტანციურად დაკითხვის ორგანიზებისთვის“. 
სასამართლოს შეფასებით არ ყოფილა „ყველა გონივრული ძალისხმევა“ გამოყენებული რათა მნიშვნელოვანი მოწმე ნაფიცი მსაჯულების თანდასწრებით დაკითხულიყო.  შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობდა საკმარისი მიზეზი დაუსწრებელი მოწმის ვიდეოზე ჩაწერილი ჩვენების მტკიცებულებად დაშვების გამართლებისთვის. 
 
აღნიშნული საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი უფლების - ბრალდებულის ჯვარედინი დაკითხვის უფლების კონტექსტში. 

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე