◾ 2024 წლის 12 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები აირჩია.
მოსამართლეთა XXXIII რიგგარეშე კონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რევაზ ნადარაია აირჩიეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა გამოიწვია:
- ქეთევან ცინცაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამ, რომელიც თანამდებობაზე მოსამართლეთა კონფერენციამ პირველად 2020 წლის 30 ოქტომბერს აირჩია.
- ხოლო დანარჩენი 2 ვაკანტური ადგილი გაჩნდა ლევან მიქაბერიძისა და თემურ გოგოხიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2021 წლის 26 მაისს იყვნენ არჩეულები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2024 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეცვლილი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელიც ღია უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, სასამართლოს გუშაგის დამკვირვებელი კვლავ არ შეუშვეს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი შენობის გარეთ 1 საათი და 26 წუთი ელოდებოდა სხდომის დაწყებას. მას არ მისცეს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებისთვის განკუთვნილ მოსაცდელ ოთახში მოეცადა.
სხდომის დაწყების შემდეგ “სასამართლო გუშაგის” წარმომადგენელი შენობაში შეუშვეს და შესაძლებლობა მისცეს სხდომისთვის თვალყური ეკრანიდან ედევნებინა. უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლისთვის რთული იყო გაეგო მიღებული გადაწყვეტილებები მოსაცდელ დარბაზში არსებული ხმაურის გამო. გარდა ამისა, სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელს სხდომის დაწყების თაობაზე გვიან შეატყობინეს, რამაც კიდევ უფრო გაართულა განსახილველ საკითხებზე შესაბამისი ინფორმაციის მიღება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 18 წუთი გაგრძელდა. სხდომას არ ესწრებოდა თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ორი მოსამართლე წევრი - ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე.
საბჭოს სხდომის დღის წესრიგი:
- კანონპროექტის განხილვა - „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
- ზოგიერთ მოსამართლეთა განცხადებები;
- იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანა;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრა;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- საბჭომ განიხილა კანონპროექტი - „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
- შემდეგ მოსამართლეთა წერილები განიხილეს, რომლითაც მივლინებული მოსამართლეები ითხოვდნენ საცხოვრებელი ფართის ხარჯების ანაზღაურებას. აგრეთვე, მოსამართლე მარიამ ჩუბინიძე ითხოვდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. აღნიშნული საკითხების მოგვარების მიზნით საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გაეგზავნა წერილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საბჭოს წევრების ერთობლივი მხარდაჭერით.
- ნიკოლოზ მარსაგიშვილმა საბჭოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის საგამოცდო კომისიის წევრის კანდიდატად დიმიტრი გვრიტიშვილი წარადგინა, რომელსაც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
- საბჭოს წევრებმა კენჭი უყარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებას, რომელიც შეეხებოდა ნაფიც მსაჯულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურებას. ამ დადგენილებსაც საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
- წევრებმა განიხილეს მოსამართლეთა გათავისუფლების საკითხი, მათი სხვა სასამართლოში დანიშვნის გამო. პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვინაიდან ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი 18 ოქტომბრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რანგში აგრძელებენ საქმიანობას, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისინი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიდან გაათავისუფლა.
- ბოლო საკითხი უკავშირდებოდა სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში მოსამართლეთა ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადებას. საბჭომ კონკურსი გამოცხადდა 38 ვაკანსიაზე. განაცხადების მიღება გაგრძელდება 24 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
---
სტატია მომზადდა „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.