2024 წლის აპრილის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა ერთხელ (სხდომა დაიწყო ნახევარ საათამდე დაგვიანებით); გადაიდო ერთი სხდომა.
ძირითადი მიგნებები
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ, გონივრულ ვადაში, ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ, სხდომის გადადების შესახებ ინფორმაცია სხდომის გადადებამდე 1 საათით ადრე გაირკვა იმ ფაქტით, რომ დღის წესრიგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდიდან გაქრა;
- სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
17 აპრილი, 2024
სხდომაზე საკითხების განხილვას, საერთო ჯამში, ნახევარი საათი დაეთმო.
სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ვასილ მშვენიერაძე.
დღის წესრიგი:
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;
- კანონპროექტი - „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წერილი;
- ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წერილები. პირველი წერილი ეხებოდა შრომის ანაზღაურების ზრდას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია, რადგან დამკვირვებელი („სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენელი) სხდომის დარბაზში მოგვიანებით შეიყვანეს, გადაწყვეტილებებს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითქმის ერთი წელია აღარ აქვეყნებს.
- მეორე წერილი შეეხებოდა ამორტიზებული ფასეულობების ჩამოწერას, რის შემდეგაც ის ქონების მართვის სააგენტოს გადაეცა.
- მეორე საკითხი შეეხებოდა კანონპროექტს - „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საბჭოს წინა სხდომაზე გამოიკვეთა სხვადასხვა შენიშვნა საკითხთან დაკავშირებით. 17 აპრილის სხდომაზე კი აღნიშნული შენიშვნები გათვალისწინებული იყო და შესაბამისი ცვლილებები აისახა კანონპროექტში. ცვლილებების გათვალისწინებით, ანტიკორუფციულ ბიუროს, პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, მიენიჭა ფიზიკური პირის გამოკითხვის, სასამართლოს წინაშე დაკითხვის და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ფიზიკური და იურიდიული პირისგან ან სხვა სუბიექტისგან. ამ მიზნით ადმინისტრაციულ კანონმდებლობას ემატება შესაბამისი თავი. ცვლილებები შედის აგრეთვე საარჩევნო კოდექსშიც. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს ჰქონდა შენიშვნები, მათ შორის – შემდეგ საკითხებზე: არ იყო გაწერილი პირის დაკითხვის ვადები, გამოძახების წესი, გამოძახებული პირის არასაპატიოდ არგამოცხადების სამართლებრივი შედეგები, ასევე ანტიკორუფციული ბიუროსათვის ჩვენების გადაცემის წესი, არასაჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას, როცა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლოსადმი მიმართვა (სხვა ანალოგიურ შემთხვევებში მხოლოდ მაშინაა სავალდებულო, როცა შესაბამისი პირი ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს), ასევე ცვლილება არ მოიცავდა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსაც.
საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს.
- მესამე საკითხის ფარგლებში განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წერილი. წერილის შინაარსის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე წსს სხდომის კოლეგიისთვის 4 საშტატო ერთეულის დამატებას ითხოვდა, რადგან, მისივე განმარტებით, კოლეგიაში საქმეების მზარდი რაოდენობაა. ასევე, თავმჯდომარის წერილის თანახმად, აღნიშნულ კოლეგიას არ ჰყავს მწერალი თანაშემწეების აპარატი, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი 4 საშტატო ერთეულის დამატება. განკარგულების პროექტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
- მეოთხე საკითხი შეეხებოდა სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების დამატებას. ყველა დეპარტამენტში განისაზღვრა მოადგილის საშტატო ერთეული.
- მეხუთე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მიზეზი არ გაჟღერებულა.
- 2საორგანიზაციო საკითხის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის საკითხი. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, აპრილის თვეში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, დანამატის სახით მიიღებს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს სასამართლოს გუშაგის სტატია "აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი" ვრცლად.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.