„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები 2024 წლის 1-ელ მარტს გურჯაანში ადვოკატებს შეხვდნენ და საქმეების გაჭიანურებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ადვოკატი გიორგი აფრიაშვილი "საქართველოს სასამართლოს გუშაგს" უყვება იმის შესახებ თუ გაჭიანურებული პროცესების გამო რა პრობლემები ექმნებათ მოქალაქეებს და ადვოკატებს გურჯაანში.
- ყველა კუთხით, ყველა მიმართულებით ეს [სასამართლო ვადების გაჭიანურება], უბრალოდ, აზიანებს ყველაფერს – აზიანებს ზოგადად ჩვენ პროფესიას, აზიანებს მხარეთა ინტერესებს, აზიანებს მოქალაქეთა ნდობას სახელმწიფოს მიმართ, მართლმსაჯულების მიმართ. ართმევს მოქალაქეებს ელემენტარული დაცულობის განცდას. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, ალბათ იმიტომ გვყავს ამდენი ემიგრანტი, ამდენი იმედგაცრუებული ადამიანი, რომლებიც მიდიან უცხოეთში და ტოვებენ ამ ქვეყანას, რომ არ აქვთ ამ ქვეყანაში იმის განცდა, რომ, ვთქვათ, თუ რაღაც მოხდა და ვიღაცამ მათი უფლება დაარღვია (რაიმე უფლება, მნიშვნელობა არ აქვს), მათი დაცულობა მოხდება ეფექტურად, სწრაფად და დროში შეუზღუდავად – როდესაც ადამიანს ამის განცდა არ აქვს, ჩემი აზრით, ამით არის გამოწვეული ემიგრაციის ეს ტალღა.
- კონკრეტული მაგალითების გახსენება თუ შეგიძლიათ თქვენი პრაქტიკიდან?
- მაქვს საქმეები, რომლებიც იწელება წლების განმავლობაში. მაქვს საქმეები, რომლებიც 2018 წელს დაიწყო, 2019-ში დაიწყო, 2020-ში დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. მაქვს საქმე, რომელზეც მოსამართლემ (გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ეხება) შარშან აპრილში გამოაცხადა გადაწყვეტილება და ჯერ არ ჩაგვბარებია. ანუ გამოცხადებიდან დაწერამდე ვერ მივიდა მოსამართლე იმიტომ, რომ დრო არ ჰქონდა. ისედაც გამოაცხადა, რაზეც იმსჯელა, ჩამოყალიბდა, შინაგანი რწმენა ჩამოიყალიბა, გადაწყვიტა. ის [გადაწყვეტილება] უბრალოდ ქაღალდზე უნდა გადაიტანოს და მხარეებს ჩააბაროს – ამის ფიზიკური საშუალებაც აღარ აქვს და ეს გასაგებია, რომ ყველაფერს აზიანებს. რაც კანონითაც დაჩქარებულად უნდა იხილებოდეს, ისინიც კი იწელება. მაგალითად, წეღან ვახსენე ალიმენტის საქმე. ჯერ არ მქონია საქმე (17 წელია, ადვოკატი ვარ), არც გურჯაანში და არც სხვა სასამართლოში, რომ თუნდაც იმ ერთ თვეში განხილულიყო ან 5 თვეში განხილულიყო - მე ეგეთი შემთხვევა პრაქტიკულად არასდროს მქონია. აი, მქონია შემთხვევა, ის საქმე, რომელიც განხილული უნდა იქნეს 1 თვეში, შეიძლება 5 თვეში დამთავრებულიყო, მაგრამ ის, რაზეც 2-იდან 5 თვემდე არის [განხილვის ვადა], არასოდეს განხილულა ამ ვადაში.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.