„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები 2024 წლის 1-ელ მარტს გურჯაანში ადვოკატებს შეხვდნენ და საქმეების გაჭიანურებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ადვოკატი ნატო ჩიხრაძე "საქართველოს სასამართლოს გუშაგს" უყვება იმის შესახებ თუ გაჭიანურებული პროცესების გამო რა პრობლემები ექმნებათ მოქალაქეებს და ადვოკატებს გურჯაანში.
- დღეისათვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 3 მოსამართლეა, ნაცვლად იმისა, რომ იყოს 7, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არის დადგენილი. როგორ მიმდინარეობს პროცესები თქვენს პრაქტიკაში და რა პრობლემებს აწყდებით იმის გამო, რომ აქ, ამ სასამართლოში, მოსამართლეების რაოდენობა არასაკმარისია?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ისედაც სასამართლოების გაერთიანებამ საკმაოდ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა რაიონებში, რადგან გაერთიანდა 3 რაიონი: ყვარელი, ლაგოდეხი და გურჯაანი, მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება სასამართლოში. რთულია ზოგადად რაიონებს შორის ურთიერთობა და კონტაქტი და ეს საკმაოდ სერიოზულად აისახება ადვოკატებზე. რადგან 7 მოსამართლის ნაცვლად, 3 მოსამართლე მუშაობს, მოსამართლეები საკმაოდ ბევრი შემოსული საქმის გამო საპროცესო ვადებში ვერ ეტევიან, ვერ ახერხებენ საქმეების სწორად განხილვას და ვადები ჭიანურდება - ესეც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას გვიქმნის. ეს ყველაფერი ერთად - გზა, გაერთიანებული სასამართლოები, მოსამართლეთა სიმცირე - საკმაოდ სერიოზულად აისახება ადვოკატებზე.
ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს არ ესმით, რომ სასამართლოში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე ხდება საქმეების გაჭიანურება და ხშირ შემთხვევაში ადვოკატები ვიღებთ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას. მოქალაქეებს უჭირთ დარწმუნდნენ, რომ ადვოკატი მოსამართლესთან ხომ არ ხარ შეკრული, რატომ აჭიანურებ საქმეს, არასწორად ხომ არ ემსახურები...
სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოებაში მიღება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ბევრ ადვოკატს გვითქვამს, ხომ არ გავაკეთოთ გამოსვლები იმის გამო, რომ ეს ასეთი სერიოზული და ძალიან მტკივნეული პრობლემაა ადვოკატებისთვის. იმის გამო, რომ მოსამართლეს უჭირს საქმის განხილვის ვადებში ჩატევა, დაუსაბუთებელი უარის მიღება გვიწევს ჩვენ, ადვოკატებს - მიმაჩნია, რომ ეს არის კანონის სერიოზული პრობლემა და ლაფსუსი. წინა წლების სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის
მიხედვით, ნებისმიერი [განცხადება/სარჩელი], უბრალო ფურცელიც რომ ყოფილიყო შემოსული სასამართლოში, უნდა მიღებულიყო განჩინება პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით - აი, ეს კანონი გვენატრება ჩვენ, ადვოკატებს, რადგან მართლა უაზრო მიზეზების გამო, თითიდან გამოწოვილ მიზეზებს ეძებენ მოსამართლეები, რომ საქმე წარმოებაში არ მიიღონ და ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე. [ადვოკატებს] გვიწევს [სარჩელის/განცხადების] რამდენჯერმე დაწერა. მსგავსი შემთხვევა მარტო მე არ მაწუხებს, არამედ უამრავ ადვოკატს. არა მარტო კახეთს (ამ შემთხვევაში მე გურჯაანზე ვამბობ), ეს ეხება, საკმაოდ სერიოზულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს და სხვადასხვა რაიონულ სასამართლოსაც. ჩვენთვის რთულია ეს ყოველივე კიდევ იმიტომ, რომ ადვოკატები არაფრიდან არ ვფინანსდებით. ნებისმიერი საკანცელარიო დოკუმენტის მომზადება-მოწესრიგება ჩვენს ხარჯზე აისახება. ერთი საქმის წარმოებაში მიღებაზე 4-ჯერ და 5-ჯერ რომ სარჩელს დაწერ... ეს ყველაფერი ჩვენს ფინანსებზე, დროზე აისახება. ფინანსურზე აღარც ვსაუბრობ, მორალურად ვინგრევით ადვოკატები, ჩვენს ემოციებსა და ღირსებაზე აისახება. ეს ყველაფერი ჩვენზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს უკვე.
- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
- გამოსავალს მე ვხედავ იმაში, რომ ალბათ კარგი იქნებოდა მოსამართლეების არამარტო რაოდენობის გაზრდა, არამედ უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტი კომუნიკაცია რომ არსებობდეს თუნდაც მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის და უფრო მეტად მიგვიწვდებოდეს ხმა ერთმანეთთან. მე პირადად ერთ-ერთ მოსამართლეს (კონკრეტულად არ ვიტყვი, ვის) დავუწერე განცხადება პირდაპირ თბილისის საქალაქო სასამართლოში... განცხადებაში ასეთი ტექსტი მეწერა: ჩვენ, ადვოკატები, წარმოვადგენთ შუამავალ რგოლს სასამართლოსა და მხარეებს შორის და იმის გამო, რომ ჭიანურდება სასამართლო პროცესები, ადვოკატები სრულიად დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ვიღებთ.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.