ყოფილმა მოსამართლემ, ანა ღელეყვამ „საქართველოს სასამართლოს გუშაგთან“ ინტერვიუში ამხილა სასამართლოში კლანი, ისაუბრა გავლენიან მოსამართლეებზე (ლევან მურუსიძეს, ლევან თევზაძეს) და მათ საქმიანობის შესახებ. ანა ღელაყვას განცხადებით, მას მოსამართლეობის ვადა არ გაუხანგრძლივეს იმ საფუძვლით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე მხარი არ დაუჭირა მურუსიძის კადრს – მოსამართლე ლევან თევზაძის კანდიდატურას. ანა ღელეყვა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ამხელს კლანს, მათ უკანონო საქმიანობას; ადასტურებს, რომ კლანი უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს და, ფაქტობრივად, თვითნებურად განსაზღვრავს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, რასაც არც კვალიფიკაციასთან და არც კეთილსინდისიერების პრინციპთან კავშირი არა აქვს, არამედ უკავშირდება კლანისადმი ერთგულებას. ამგვარად, ინფორმაცია, რომელსაც იძლევა ღელეყვა, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც სსკ-ის სამოხელეო დანაშაულთა თავშია გათვალისწინებული და მოითხოვს შემდგომ გამოძიებას.
აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ საქართველოს პარლამენტის 5-მა დეპუტატმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, მიაწოდა რა ინფორმაცია სასამართლო სისტემაში დანაშაულის ჩადენის შესახებ .
პარლამენტის წევრების განცხადების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ ანა ღელეყვა გამოიკითხა, სისხლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. გამოკითხვისას მან დაადასტურა ინტერვიუში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მოსამართლედ განწესებაზე უარის თქმის საფუძვლის გასარკვევად თუ როგორ შეხვდა ლევან მურუსიძეს, რომელმაც დანიშვნაზე უარის მიზეზად მოსამართლეთა კონფერენციაზე მათი კანდიდატურის მხარდაჭერაზე ღელეყვას უარი დაუსახელა.
მოსამართლეთა კონფერენცია არის სასამართლოს თვითმმართველი ორგანო. იმ პერიოდში საბჭოს წევრობის კანდიდატი იყო ლევან თევზაძე, რომლის სასარგებლოდაც ღელეყვამ არ მისცა ხმა.
ღელეყვას განმარტებით, როგორც გამომძიებლებმა უთხრეს, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება მურუსიძის წინააღმდეგ.
ინფორმაციის მიწოდების შემდეგ უცნობია, ღელეყვას გამოკითხვის გარდა, ჩატარდა თუ არა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, თუ პროკურატურა მოექცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადების გავლენის ქვეშ, რომლის თანახმადაც, „შეუძლებელია, ყველაფერზე გამოძიება დაიწყოს მაშინ, როდესაც არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს“. რეალურად, ამ განცხადებით პარტიის თავმჯდომარემ მითითება მისცა პროკურატურას, არ დაეწყო გამოძიება.
გამოძიების დაწყებამდე პრაქტიკაში დამკვიდრებულია ეტაპი, რომელიც საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოძიების დასაწყებად მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მას ეწოდება გამოძიების წინარე ეტაპი, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ეს ეტაპი არის პრაქტიკაში დამკვიდრებული, საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების დაწყებამდე წარმოებული პროცესი, რომელიც საპროცესო კოდექსით არ არის მოწესრიგებული. ის ემსახურება გამოძიების დაწყებამდე მოსალოდნელი ან განხორციელებული (დანაშაულის ჩადენის სტადიას მნიშვნელობა არა აქვს) დანაშაულებრივი ქმედების წინასწარ შემოწმებას.
ეს პროცესი ორ მიზანს ემსახურება:
1. ძირითადად, ის ეხება პოლიციის ბრძოლას დანაშაულთან იმ მიზნით, რომ ოპერატიულად მიაკვლიონ დანაშაულის მომზადებას და ჩადენამდე აღმოფხვრან. ეს პროცესი სწორედ მაშინ მიმდინარეობს და არსებობს, როდესაც დანაშაული ჯერ კიდევ არ ჩაუდენიათ და არც რაიმე საფრთხე არსებობს. ამ სტადიაზე პოლიცია გარკვეული საეჭვო ნიშნებისა თუ მინიშნებების საფუძველზე ეძებს და იკვლევს ვარაუდისა და საწყისი ეჭვის დამადასტურებელ გარემოებებს, რომელთა დადგენის შედეგადაც უკვე შესაძლებელი გახდება გამოძიების დაწყება, სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად.
პოლიციის ეს საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარკოტიკულ და ორგანიზებულ დანაშაულებთან საბრძოლველად, ვინაიდან დანაშაულთა ამ სფეროში იშვიათია მესამე პირთა მხრიდან ინფორმაციის მიწოდება, განცხადების გაკეთება ან შემთხვევით დადგენა.
ამ ეტაპზე პოლიცია სარგებლობს პოლიციისა და ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონებით. თუ დადგინდება საწყისი ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამოქმედდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
2. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებამდე, მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას, არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები. გამოძიების დაწყების წინარე პროცესი არ მიეკუთვნება საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულ ეტაპს. იგი საპროცესო კანონით გათვალისწინებულ სტადიას არ წარმოადგენს, თუმცა პრაქტიკაში უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პროცესია, გამოძიების დაწყებამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიება იწყება საგამოძიებო და სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოების მიერ, ავტომატურად, საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, ლეგალურობისა და ex officio პრინციპების საფუძველზე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების ან/და პირველივე საგამოძიებო მოქმედებისთანავე (სსსკ-ის 100-101-ე მუხლები). საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს გამოძიების დაწყებაზე პროცესუალური (ფორმალური) დოკუმენტის მიღებას საგამოძიებო ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების მიერ. გამომძიებელი ან პროკურორი გამოძიების დაწყებას აღრიცხავს შესაბამისი დოკუმენტით. სისხლის სამართლის საქმეს შესაბამისი ნომერი ეძლევა. გამოძიების დაწყების ბარათი საქმეს დაერთვება. მაგ. შესაბამის ორგანოებს მიაწოდეს ინფორმაცია პირზე ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, გამომძიებელი, პროკურორი დაუყოვნებლივ გადიან შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე პირველივე საგამოძიებო მოქმედებით, ავტომატურად, კანონიდან გამომდინარე, იწყება გამოძიება. გამოძიების დაწყება სავალდებულოა. თუ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, გამომძიებელს, პროკურორს, უფლება არა აქვთ, პირადი, თავისუფალი თვალთახედვით უარი თქვან გამოძიების დაწყებაზე. თუ არსებობს დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები, გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლებს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს (სსსკ-ის 105-ე მუხლში დაწყებული გამოძიებისა და დევნის შეწყვეტის, ასევე, დევნის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლებია განსაზღვრული).
გამოძიების ეტაპი, როგორც წესი, წინ უსწრებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ეტაპს. დევნა და გამოძიება ხშირად ერთდროულად იწყება, მაგ. პირის დაკავების სამართლებრივი შედეგია გამოძიებისა და დევნის ერთდროულად დაწყება.
ანა ღელეყვას ინტერვიუსა და საქართველოს 5 დეპუტატის განცხადების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოებმა 2022 წლის 28 სექტემბერს აწარმოვეს ანა ღელეყვას გამოკითხვა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს. პროცესუალური გამოკითხვის წარმოებით, კანონიდან გამომდინარე, ლეგალურობის პრინციპის საფუძველზე ავტომატურად დაიწყო გამოძიება. ამგვარად, გამოძიება, რეალურად, დაწყებულია და გამომძიებლის განცხადება, თითქოს ღელეყვას გამოკითხვის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება, სრულიად შეუსაბამოა კანონის მოთხოვნებთან, კანონიერებისა და ექსოფისიოს პრინციპთან.
დღეისათვის უცნობია, გრძელდება თუ არა გამოძიება, თუ მხოლოდ ამით ამოიწურა და საგამოძიებო ორგანოებს სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ უწარმოებიათ.