მოსამართლე – თავისუფლების თუ ძალაუფლების მსახური?

01.07.2022
სასამართლო უნდა იყოს საზოგადოების განვითარებისა და გამოწვევების ადეკვატურად ძირითადი უფლებების პროგრესული გააზრების გზამკვლევი, რომელიც  ადამიანებისთვის მუდმივად შექმნის შესაძლებლობებს თავისუფლებისა და ბედნიერების ძიების გზაზე. ამ თვალსაზრისით, თითოეულ მოსამართლეს აქვს აბსოლუტურად შეუცვლელი, უნიკალური როლი. მათ თანაბრად აქვთ მინდობილი იშვიათი შესაძლებლობა, დაიცვან ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება (ადამიანის  უფლებები და თავისუფლებები); ეკისრებათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ყველა საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების; ამასთან აქვთ პატივი, „სამართლიანი სამართალი ქმნან“ სახელმწიფოს სახელით. როგორ შეიძლება, მან, ვინც მოსამართლის მანტიას მოირგებს, ეს სწორად ვერ გაიგოს, სათანადოდ ვერ დააფასოს, უპასუხისმგებლოდ გაფლანგოს ან რაიმეზე გაცვალოს?

მოსამართლე თითოეულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას  მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი კაზუსის სწორად გადაწყვეტის ამოცანის წინაშე არ დგას. მის მიერ დაწერილ თითოეულ წინადადებას, ფრაზას, სიტყვას შეუძლია, მნიშვნელოვნად, საბედისწეროდაც კი შეცვალოს ადამიანების ცხოვრება, მეტიც, ზოგჯერ საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების ტენდენციები. ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გამართულად შედგენილი იურიდიული დოკუმენტი. შესაბამისად, მან უნდა შეძლოს, ეს ზოგჯერ სუნთქვის შემკვრელი, შემაშინებლად დიდი პასუხისმგებლობა აქციოს შესაძლებლობად, გადადგას გაბედული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დასაცავად და ყველა გამოწვევა ამ რთულ, მაგრამ უდავოდ ძალზე საინტერესო გზაზე, მიიღოს როგორც შანსი საკუთარი თავის და  სამართლის განვითარებისთვის.

თავისუფლების სამსახურში თითოეული მოსამართლის ძალისხმევა საშურია და თანაბრად ღირებული როგორც საქმის ერთპიროვნულად, ისე სხვა მოსამართლეებთან ერთად კოლეგიურად განხილვა-გადაწყვეტის პროცესში, თუმცა იმის მიხედვით, რამდენად სწორად ესმის მას თავისი როლი და ძალისხმევის ფასი, მისმა ხმამ/პოზიციამ ამ პროცესში შეიძლება შექმნას შესაძლებლობა ან ჩიხი. 

მოსამართლის ინდივიდუალური როლის სწორად გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში, როდესაც სასამართლო დგას გზაგასაყარზე. წლების განმავლობაში პოლიტიკური ხელისუფლებისა და სასამართლოს მესვეურთა ხშირად ურთიერთკოორდინირებული ძალისხმევით, ქართული მართლმსაჯულება ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა.
საკანონმდებლო რეფორმების რამდენიმე ტალღის შედეგად უზრუნველყოფილ იქნა სწორედ იმ მოსამართლეების (მათი აბსოლუტური უმრავლესობის) უვადოდ განწესება ან/და დაწინაურება, რომლებმაც სასამართლო ხელისუფლებას ყველაზე დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენეს. ხელისუფლების რეალური ზრახვების ყველაზე მკაფიო ლუსტრაცია, ალბათ, მაინც მოხდა 2019-20 წლებში, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესდნენ პირები, რომლებმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს მხოლოდ ხელისუფლების მაამებელი გადაწყვეტილებებით, მეტიც, ისეთებიც, რომლებმაც მინიმალურადაც ვერ დააკმაყოფილეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისადმი წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათ შორის, არ ჰქონდათ სათანადო იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ თავად მოსამართლეები ვერ გრძნობენ სისტემის შიგნიდან გაჯანსაღების რეალურ აუცილებლობას, ვერ ხედავენ თავიანთ თავს საზოგადოების თვალით.
დასანანია, რომ სასამართლო ხელისუფლების „დამოუკიდებელი მოსამართლეებით“ დაკომპლექტებაში სხვადასხვა დროს წვლილი საკონსტიტუციო სასამართლომაც შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო, სულ მცირე, ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის გაეხსნა კარი, მან არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, ვერ გაიაზრა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება. ე.წ. „მოსამართლეების საქმეებზე“ გასაჩივრებული იყო არასათანადო პროცედურებით მოსამართლეთა თანამდებობებზე განწესება, რაც საფრთხეს უქმნიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების პერსპექტივას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ სადავო ნორმების შეუჩერებლობით შექმნა სასამართლო კორპუსის არაჯანსაღი პროცედურით დაკომპლექტების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო შემდეგ, ერთ შემთხვევაში, საქმის გადაწყვეტის მიზანმიმართული გაჭიანურებით (ელოდებოდა რა კანონმდებლის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რათა მათზე დაყრდნობით, სამართლებრივად აბსოლუტურად არასწორად, გამოეტანა გადაწყვეტილება სადავო ნორმების კონსტიტუციურობის სასარგებლოდ), მეორე საქმეზე კი მის მიერვე დადგენილი სტანდარტების უგულებელყოფით მნიშვნელოვნად დააზარალა მთელი ეს პროცესი. 

გასაკვირიც არ არის – სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე თავად უნდა იყოს დამოუკიდებელი.
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის დროზე (2016 წელს) თავისი დამოუკიდებლობაც არ დაიცვა მოსამართლეთა ნაწილის ძალისხმევით, რომლებმაც პოლიტიკურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, პროფესიული ღირსება და ინსტიტუტის დამოუკიდებლობა პირად კეთილდღეობასა და კონკრეტულ თანამდებობებზე (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე, მოადგილეობაზე, სხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე, ასევე, საერთო სასამართლოების სისტემაში უვადო მოსამართლეობასა და უმაღლეს თანამდებობებზე) „გადაცვალეს“.

კერძოდ, 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში დრამატული ცვლილებების პაკეტი. ე.წ. „რეფორმის“ მიზნად დასახელდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საქმიანობის მეტი ეფექტიანობის უზრუნველყოფა, თუმცა ცვლილებების ძირითადი შინაარსი უტყუარად მიუთითებდა საპირისპიროზე – სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობის დაკანონებასა და მისი ქმედითობისთვის საფრთხის შექმნის გარდაუვალობაზე. ამ თვალსაზრისით, საკმარისია ყურადღების გამახვილება მხოლოდ რამდენიმე დებულებაზე: ცვლილებების შედეგად გაიზარდა საქმის განხილვისა და კანონის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საჭირო კვორუმი (პლენუმი უფლებამოსილი იყო, საქმე არსებითად განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას დაესწრებოდა 9-დან 7 მოსამართლე, ნაცვლად 6 მოსამართლისა; კანონის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საჭირო გახდა პლენუმის სხდომაზე დამსწრე არანაკლებ 6 წევრის თანხმობა, ნაცვლად დამსწრეთა უმრავლესობისა); სადავო ნორმების შეჩერების უფლებამოსილება მიენიჭა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს (ეს უფლებამოსილება ჩამოერთვა საქმის განმხილველ კოლეგიას); საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ წევრს მიენიჭა საქმის პლენუმისათვის განსახილველად გადაცემის უფლებამოსილება საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. 

საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან სულ რამდენიმე საათში ერთ-ერთმა მოსამართლემ, ისარგებლა რა სწორედ ამ უკანასკნელი, საგანგებოდ (მისთვის) შექმნილი რეგულაციით, შუამდგომლობებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, კოლეგიის წარმოებაში არსებული სამი საქმის („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“, ერთ-ერთი პოლიტიკოსისა და ე.წ. „კაბელების“ საქმეების) პლენუმის მიერ განსახილველად მიღების მოთხოვნით. მოსამართლის ასეთი საშური აქტივობა განპირობებული იყო განზრახვით – ერთი მხრივ, ამ საქმეების განხილვა/გადაწყვეტა ჩაჰბარებოდა ხელისუფლებისთვის საიმედო მოსამართლეების საკმარის რაოდენობას, ხოლო, მეორე მხრივ, განხილვა დროში გაჭიანურებულიყო. ასეც მოხდა: საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სამივე საქმე მიიღო წარმოებაში. პირველივე წუთიდან ეჭვს არ იწვევდა, რომ შუამდგომლობებს უპირობოდ დაუჭერდა მხარს მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობა. აღნიშნული შუამდგომლობების მხარდაჭერის საკითხი მათი დაწერის ეტაპზევე იყო გადაწყვეტილი. შედეგად, პლენუმზე არა მხოლოდ საქმეთა განხილვა გაჭიანურდა ხელოვნურად, არამედ ძალიან ბუნდოვანი გახდა მათი გადაწყვეტის პერსპექტივაც. არადა, სამივე შემთხვევაში მოსარჩელეებისთვის საქმის დროულად გადაწყვეტას განსაკუთრებული, კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. ორ საქმეზე, მოსარჩელეთა აზრით, მათი თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურ დებულებებს ეფუძნებოდა. „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ საქმეზე კი სასწორზე იდო მედიასაშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სამოქალაქოსამართლებრივ დავაზე (სადაც აღნიშნული ტელეკომპანია მხარეს წარმოადგენდა) უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გამოსაყენებელი კანონის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტას.

პოლიტიკური ხელისუფლების „სათანადო მეცადინეობის“ შედეგად კონკრეტულმა მოსამართლეებმა „ყველა საჭირო ზომა“ მიიღეს, რათა საქმეთა განხილვა გაჩერებულიყო. სამწუხაროდ, მათ უპირატესობა მიანიჭეს არა ადამიანის უფლებებს, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ კალენდარს – საქმეებს ჰქონდა რა პოლიტიკური კონტექსტი, მათი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განხილვა, ნებისმიერი შედეგით საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან პოტენციურ საფრთხედ აღიქმებოდა.
ნიშანდობლივია, რომ ორი საქმე დღემდე (სარჩელის შეტანიდან 6 წლის თავზე) არ არის გადაწყვეტილი. მათ გადაწყვეტას მოსარჩელეებისთვის აღარც აქვს მნიშვნელობა. „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ საქმეზე კი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში დასახელებულ  ცვლილებებზე მუშაობის ეტაპიდანვე განჭვრეტადი იყო მათი (ცვლილებების) რეალური მიზეზები, მიზნები, ასევე მკაფიოდ არაკონსტიტუციური შინაარსი. შედეგად, ცვლილებების უმეტესი ნაწილი პარლამენტის წევრთა ერთმა მეხუთედმა (ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების) და მოქალაქეებმა გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა კი მაინც სადავო ნორმების შეჩერება იყო, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, თავიდან იქნებოდა აცილებული ყველა ის ნეგატიური შედეგი, რომელთა გამოწვევის განზრახვითაც მიიღეს  ცვლილებები. ამასთან, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ სადავო ნორმების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცა დამატებითი შესაძლებლობა, დაეცვა თავისი ავტორიტეტი, გამკლავებოდა კანონმდებლის მცდელობას, მოეხდინა სასამართლოს პარალიზება.

სამწუხაროდ, ცხრა მოსამართლიდან მხოლოდ ოთხმა დაუჭირა მხარი სადავო ნორმების შეჩერებას. ნაცვლად იმისა, რომ თითოეულ მოსამართლეს ყველა შესაძლო გზა გამოენახა ინსტიტუციის ავტორიტეტისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, მათმა უმრავლესობამ, ურთიერთშეთანხმებით, ფორმალისტური მიდგომა აირჩია და ასე მონახა გამოსავალი ნორმების შეჩერების საწინააღმდეგოდ. შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც, „როგორც არასდროს, ისე სჭირდებოდა დაცვა, არ აღმოაჩნდა საკმარისი დამცველები მოსამართლეთა შორის, რომლებსაც ეს შეეძლოთ და უნდა გაეკეთებინათ“. 
მოსამართლეთა უმრავლესობამ არა მხოლოდ სადავო ნორმების შეჩერებას არ დაუჭირა მხარი, არამედ საქმის განხილვა/გადაწყვეტაც მნიშვნელოვნად გადაავადა. საბოლოოდ,  სასამართლომ გასაჩივრებული ნორმების უმეტესობა (მაგრამ არა ყველა პრობლემური ნორმა) არაკონსტიტუციურად ცნო. „თუმცა ამ გარემოებამ კიდევ უფრო მეტი უხერხულობა და ცინიზმი შემატა მთელ პროცესს. იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების გატარების არაჯანსაღ მიზეზებსა და მიზანზე, ასევე არაკონსტიტუციურ შინაარსზე, კანონის პროექტზე მუშაობის დღეებიდანვე ხმამაღლა საუბრობდნენ პოლიტიკოსები, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, უკვე მოგვიანებით, ვენეციის კომისია, ამასთან, იმ პირობებში, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის, თავად სასამართლოს მიერ მათი გამოყენებით, მყისიერად გამოიწვია ის შედეგები, რომელთა მიღწევის მიზეზითაც მიიღეს და იმის გათვალისწინებით, რამხელა ზიანი მიადგა სასამართლოს რეპუტაციას, ყველაზე გვიან ნორმათა არაკონსტიტუციურობაში სწორედ ისინი დარწმუნდნენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ეხებოდა, ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა და ყველაზე ადრე მიმხვდარიყო. მეტიც, ასე დაგვიანებულმა გამოფხიზლებამ დამაჯერებელი გახადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ხელისუფლებისთვის უკვე მიღწეული იყო, შესაბამისად, არ არსებობდა არაკონსტიტუციური ცვლილებების შენარჩუნების პოლიტიკური დაინტერესება“.

წინამდებარე სტატიაში დასახელებული საქმეები, საბოლოო ჯამში, ეხებოდა რა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის საკითხს, გახდა ერთგვარი კატალიზატორი, ერთი მხრივ, თითოეული მოსამართლის როლისა და პოტენციური წვლილის დემონსტრირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ამ თვალსაზრისით ფუნდამენტური პრობლემების გამოსავლენად. ყველა ამ საქმეს ახლავს კონკრეტული მოსამართლეების განსხვავებული აზრი, როგორც სადავო ნორმების შეჩერების საკითხზე, ისე საბოლოო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მათში (განსხვავებულ აზრში) თვალსაჩინო და დამაჯერებელია მოსამართლეების მცდელობა, სათანადო არგუმენტებით დაარწმუნოს დანარჩენი მოსამართლეები, მხარი დაუჭირონ ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ავტორიტეტის დაცვის სასარგებლო პოზიციას. 

დასანანია, რომ თავისუფლების ქომაგი მოსამართლეები, უკვე ტრადიციულად, უმცირესობაში არიან, თუმცა მაინც რჩება იმედი, რომ მათი ინდივიდუალური პოზიციონირება ასაზრდოებს მცირედ შესაძლებლობას მართლმსაჯულებისა და ზოგადად, სამართლის სამომავლო განვითარებისთვის.

---

საქართველოს სასამართლოს გუშაგის პროექტი: ,,აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის’’

სტატია მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
ავტორი: ქეთევან ერემაძე