დოკუმენტური ფილმის „მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ“ ჩვენება გაიმართა

19.05.2023

2023 წლის 18 მაისს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის, დემოკრატიის ინდექსი - საქართველოსა და საქართველოს სასამართლოს გუშაგის ორგანიზებით გაიმართა პოლონური დოკუმენტური ფილმის - „მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ“ - ჩვენება.

ფილმი ეხება პოლონეთში მოსამართლეების დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მათ წინააღმდეგობას. „მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ“ მოგვითხრობს იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებიც წნეხის მიუხედავად, იცავენ კონსტიტუციას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ის ასახავს მოსამართლე იგორ ტულიას შეუპოვარ ბრძოლას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის მასზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად. ამავდროულად,  შთამბეჭდავია ის სოლიდარობა, რომელიც იგორ ტულიას მიმართ არა მხოლოდ მისმა კოლეგებმა, არამედ პოლონელმა მოქალაქეებმა გამოავლინეს. 

ღონისძიება გახსნეს  დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელმა ირაკლი კორძახიამ, დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ციმაკურიძემ და საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ღონისძიებას სამოცდაათამდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები, ადვოკატები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. 

ფილმის ჩვენების შემდეგ ჩატარდა დისკუსია პოლონელი მოსამართლეების მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯების და საზოგადოებრივი აქტიურობის მნიშვნელობის შესახებ. დისკუსიას უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომია, პოლონელი მოსამართლეები იგორ ტულია და იოანა ჰეტნაიოვიჩ-შიკორა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა პლატფორმა „კომენტარის“ სამართლის პოლიტიკის მიმართულების რედაქტორი სოფო ვერძეული.

ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.