სასამართლო გადაწყვეტილებები ისევ არ ქვეყნდება

06.02.2024
2024 წლის 1-ელი იანვრიდან სასამართლო ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, სასამართლოს მიერ ღია სხდომის შედეგად მიღებული სასამართლოს აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სათანადო ვებგვერდზე გამოაქვეყნოს (https://ecd.court.ge/).
აღნიშნული ვალდებულება სასამართლო ხელისუფლებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში გასული წლის ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაეკისრა. ახალი ნორმით განისაზღვრა სასამართლოს აქტების გამოქვეყნების განსხვავებული წესი. კერძოდ, თუკი ძველი საკანონმდებლო წესი ითვალისწინებდა ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების მთლიანად გამოქვეყნებას სასამართლოს ვებგვერდზე, კონკრეტული ვადის ან პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების საკითხის დაწვრილებითი რეგულირების გარეშე, ახალი ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლოს აქტის სრული ტექსტი, შესაბამის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დეპერსონალიზებული სახით სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება.
გარდა ამისა, ძველი საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულებას და არაფერს ამბობდა საქმის განხილვის პროცესში მიღებულ სხვა სასამართლო აქტებზე. ახალი წესი სასამართლოს ავალდებულებს, დეპერსონალიზებული სახით გამოაქვეყნოს არა მხოლოდ შესაბამის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, არამედ სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. - „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის, 31-ე პუნქტი.

ახალი ნორმა მოიცავს იმ ინფორმაციის ჩამონათვალსაც, რომელიც ექვემდებარება დეპერსონალიზაციას სასამართლო აქტის გამოქვეყნებისას:

  • პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები;
  • პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები;
  • პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ამასთანავე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს, კანონით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, რა სახის ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს.
გასული წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტში ორგანული კანონის ცვლილებების რამდენიმე პროექტი დაინიცირდა, რომელთაგან ერთერთი ორგანულის კანონის მე-13 მუხლის 3პუნქტით გათვალისწინებული წესის ცვლილებას  და სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის საკითხის ახლებურ მოწესრიგებას ითვალისწინებს. კერძოდ ცვლილებების მიღების შემთხვევაში სასამართლოს მიერ ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი აქტის მიღების შემდეგ გახდება საჯარო ინფორმაცია და დაინტერესებულ პირებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ლოდინი აღარ მოუწევთ.
სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი ანალოგიურად აქტის მიღების შემდეგ გამოქვეყნდება შესაბამის ვებ გვერდზე. 
ინიცირებული ცვლილება დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ 2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები აუმჯობესებს სასამართლო აქტების მისაწვდომობას. 
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან სასამართლო ვალდებულია, გამოაქვეყნოს სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სათანადო ვებგვერდზე, სასამართლოს აქტები დღემდე არ არის გამოქვეყნებული.
საგულისხმოა, რომ ორგანული კანონი 2024 წლის 1-ელ იანვრამდეც აკისრებდა სასამართლოს ღია სხდომაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულებას, თუმცა საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე (https://ecd.court.ge) არ იძებნება 2020 წლის შემდეგ გამოქვეყნებული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ასეთ დროს საინტერესოა, გამოქვეყნდება თუ არა 2020 წლიდან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები და გავრცელდება თუ არა ახალი წესი ამ პერიოდზეც.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე, რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი